in

Petcard-ის წყალგამძლე, უჟანგავი ბრელოკი QR კოდით – დაკარგული შინაური ცხოველების საპოვნელად

„ფეთქარდის“ შექმნის იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ, რაც თავად განვიცადე ძაღლის დაკარგვით გამოწვეული საშინელი შეგრძნება“.

Startauperi
Startauperi

პასუხისმგებლობა, რომელსაც შინაური ცხოველის ყოლისას ვიღებთ, უსაზღვროა… უსაზღვროა სიყვარულიც, რომელსაც მათი ჩვენს ოჯახში შემოძუნძულების პირველივე დღიდან განვიცდით და ზუსტად ასეთივე მტკივნეულია ყველა ის მომენტი, რომელიც მათ ცუდად ყოფნასა თუ დაკარგვის გაუთვალისწინებელ შემთხვევებთანაა კავშირში.

ვისაც შინაური ცხოველის დაკარგვა არ გამოუცდია, არც გისურვებთ! თუმცა ვისაც ამის გამოცდილება აქვს, ის კიდევ უფრო ცხადად გაიაზრებს იმ სტარტაპის მნიშვნელობას, რომელზეც დღეს, მინდა, მოგიყვეთ:

ფეთქარდი“ ქართული სტარტაპია, რომელმაც ცხოველთა დაკარგვის პრობლემის ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზა შეიმუშავა. კერძოდ, წყალგამძლე, უჟანგავი ბრელოკი QR კოდით, რომლის აქტივაცია/დეაქტივაცია ნებისმიერ დროს შესაძლებელია. მასში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა: საკონტაქტო, შინაური ცხოველის სამედიცინო მდგომარეობა, ალერგია, დიეტური საჭიროებები და სხვა.

დაკარგული ცხოველის პოვნის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სმარტფონი აქვს, კამერით ან QR კოდის დასასკანირებელი აპლიკაციის მეშვეობით, QR კოდის დასკანირება და ამით შინაური ცხოველის ზემოჩამოთვლილ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა აქვს. რაც მთავარია, QR კოდის დასკანირებისას, ცხოველის მპოვნელს საკუთარი ადგილმდებარეობის გაზიარება შეუძლია, რითაც პატრონი მათ ზუსტ ადგილს ადგენს.

ასევე, ბრელოკში თავმოყრილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მპოვნელი შეძლებს, პირდაპირ დაუკავშირდეს პატრონს და ცხოველი სწრაფად და უსაფრთხოდ ჩააბაროს.

იდეის ავტორი და დამფუძნებელი, მაკო ფანცულაიაა: „ბიზნესი ყოველთვის ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, შესაბამისად, ბაკალავრიატი  ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით დავამთავრე და მაგისტრატურასაც ამ კუთხით ვაგრძელებ“.

M: მაკო, როგორ მიხვედით „ფეთქარდის“ შექმნის გადაწყვეტილებამდე?
„ფეთქარდის“ შექმნის იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ, რაც თავად განვიცადე ძაღლის დაკარგვით გამოწვეული საშინელი შეგრძნება. გარდა ამისა, სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად ვაწყდებოდი ათობით დაკარგული ცხოველის შესახებ პოსტებს. ზუსტად ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები ასეთ დროს. როდესაც წარმოიდგენ, რომ შესაძლებელია, შენი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ვეღარასდროს ნახო.

მივხვდი, რომ ახალი პროდუქტის შექმნის საჭიროება არსებობდა. დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლების საუკეთესოდ მოგვარება და ასე, ბევრი ძიებისა და შრომის საფუძველზე შეიქმნა „ფეთქარდი“.

M: როგორ გამოიხატება „ფეთქარდის“ როლი დაკარგული შინაური ცხოველის სწრაფად და მარტივად პოვნის პროცესში?
ყოველდღიურად, პატრონისგან საკმაოდ ბევრი შინაური ცხოველი გარბის და იკარგება. ამ მომენტში ადამიანი საკმაოდ შეშინებული და დაბნეულია, არ იცის, რა მოიმოქმედოს, ან ვის მიმართოს დახმარებისთვის. ჩვენ გვინდა, ვიყოთ მათი იმედი. „ფეთქარდი“ ნამდვილად შედგება იმ მზრუნველი ჯგუფისგან, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება, გვერდში დაუდგეს მათ და ყველანაირ ხერხს მიმართოს, რათა ცხოველი შინ სწრაფად და უმტკივნეულოდ დაბრუნდეს.

ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ჩვენ პოსტერსაც ვქმნით და ამ ინფორმაციას შესაბამის ჯგუფებში ვაზიარებთ.

M: როგორაა შესაძლებელი „ფეთქარდის“ მომსახურების მიღება და რა ფასად?
ამჟამად, პროდუქციის გამოწერა ონლაინ ხდება. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ფიზიკურ სივრცეშიც გადავალთ და ჩვენს მომხმარებლებს პირისპირ შევხვდებით.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, შევეცადეთ, გადახდის მოქნილი სისტემა გვქონოდა და ამ ეტაპზე 3 ვარიანტს გთავაზობთ: ყოველთვიურს, ექვსთვიანსა და ერთწლიანს.

M: ზოგადად, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თქვენი საქმიანობა და მათი დაძლევა როგორ წარმოგიდგენიათ?
Რადგან სტარტაპი ინოვაციურია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყოველდღიურად გვიწევს გაუთვალისწინებელ და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, თუმცა ეს არ გვაძლევს დანებებისა და მოდუნების საშუალებას.

M: „ფეთქარდის“ გეგმებს რაც შეეხება?
Სამომავლოდ, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, რასაც ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვებთ, თუმცა გაგიმხელთ, რომ გეგმების მთავარი არსი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში მდგომარეობს.

ასეთი მეზობლობა იციან ავსტრალიაში… – Google-ის კამპანია

ახალი კვლევა – ადამიანები ხელოვნური ინტელექტის ნდობას ექსპლუატაციას უწევენ