ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამრავალფეროვნდა ქართული წარმოება. ადგილობრივად უამრავი სახეობის პროდუქტი იქმნება, თუმცა მეწარმეებისთვის, რომლებიც უზარმაზარ ძალისხმევას დებენ საწარმოო პროცესის დახვეწაში, პროდუქტის მომხმარებლამდე ეფექტურად მიტანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ქართველი მეწარმეების ერთ სივრცეში მოქცევა გადაწყვიტა ქეთი მესხმა და პარიზში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოში Petit Bazar-ის კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი.
„Petit Bazar არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. ჩვენს ეზოსა და მაღაზიის მეორე სართულზე ტარდება შემოქმედებითი წრეები: პაპიე მაშე, ქსოვა, თექა, ხატვა, ძერწვა, კომიქსები და ა.შ.“
M: რა პრობლემებს აწყდებოდნენ მეწარმეები, რამაც მათთვის გამოსავლის ძიებისკენ გიბიძგათ?
თავადაც მეწარმე ვიყავი, შესაბამისად, ზუსტად ვიცოდი, რა იყო ჩვენი მთავარი გამოწვევა: პირველ რიგში, ასეთი ტიპის მაღაზიების არარსებობა. საქართველოში საბავშვო მაღაზიები ძირითადად არის ან ქსელური, ან ძალიან „ელიტარული“, რომლებიც მხოლოდ ცნობილი და მეტწილად, საერთაშორისო ბრენდებით ინტერესდებიან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ორი ნიშიდან გამოყოფა და ისეთი დემოკრატიული სივრცის შექმნა, რომელიც პირველ ადგილზე ადგილობრივ წარმოებას დააყენებდა. ვფიქრობ, ადგილობრივი წარმოება ძალიან კარგია, თუმცა კიდევ უფრო კარგი იქნებოდა ნედლეული იაფი და ადვილად მოსაპოვებელი რომ იყოს და ქართველი მომხმარებელიც ცდილობდეს ამ სფეროს გაძლიერებას.
M: როგორ შეიმუშავეთ Petit Bazar-ის კონცეფცია და რას გულისხმობს ის?
Petit Bazar-ის მსგავსი მაღაზიის გაკეთება აქ დაბრუნების პირველივე დღიდან მინდოდა. აქ აღმოვაჩინე საბავშვო ბაზარი საქართველოში: საბავშვო მაღაზიებსა და ზოგადად, საბავშვო სივრცეებში კარგად ჩანს ხოლმე, როგორ ხედავს და აღიქვამს საზოგადოება ბავშვს. ტიპური საბავშვო მაღაზია საქართველოში ჩემთვის ასე გამოიყურება: აგრესიული ფერები, სტერეოტიპული პროდუქცია, მომხმარებელზე ვერმორგებული განლაგება, არამეგობრული გარემო ბავშვებისთვის.
ამიტომ, Petit Bazar ამის საპირისპირო მინდოდა ყოფილიყო. ჩვენი სივრცე, პირველ რიგში, მორგებულია ბავშვების ავტონომურობასა და ინტერესებზე: მათთვის განკუთვნილი ნივთები მათსავე სიმაღლეზეა განთავსებული და სრული თავისუფლება აქვთ თავად მისწვდნენ, აღმოაჩინონ, გამოცადონ, აარჩიონ, დაათვალიერონ და წაიკითხონ. ჩვენი დაკვირვებით, ეს ბავშვთან პოზიტიური აღმზრდელობითი უკუკავშირის საშუალებას ქმნის მშობლებისთვისაც. ისინი ბავშვებს ასწავლიან სივრცესთან ურთიერთობას, ნივთებთან ფრთხილად მოპყრობას, უზიარებენ შთაბეჭდილებებს და ა.შ.
M: რა სერვისებს უზრუნველყოფთ მეწარმეებისთვის?
Petit Bazar ვერ იარსებებდა, რომ არა 150-მდე მეწარმე, რომლებმაც დაიჯერეს ჩვენი, გვანდეს პროდუქცია და მუდამ მზად არიან მოისმინონ რეკომენდაციები, გააუმჯობესონ პროდუქტი, განვითარდნენ… ისინი უძღვებიან შემოქმედებით წრეებსა და ვორქშოფებსაც, რომლებიც ჩვენი მაღაზიის მეორე საერთულზე და ეზოში ტარდება.
M: რა ხვდება მომხმარებელს Petit Bazar-ში? ასევე, როგორია სამიზნე სეგმენტი?
Petit Bazar-ში იყიდება ყველაფერი: ავეჯი; მონტესორით ინსპირირებული ნივთრები; ხის, ქსოვილის თუ ნაქსოვი სათამაშოები; დეკორი, სამოსი, აქსესუარები; წიგნები. ასევე სპეციალური კუთხე გვაქვს ე.წ. lifestyle პროდუქციისთვის. აქცენტი ადგილობრივ მცირე წარმოებაზე, ეკო-მეგობრულ და ხელნაკეთ პროდუქციაზე კეთდება. სიტყვა „ადგილობრივს“ გამიზნულად ვამბობ, ვინაიდან ჩვენთან არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ქართული მცირე ბიზნესები: ჩვენთან პროდუქცია შემოაქვთ საქართველოში დამკვირებულ ინდოელს, თურქს, უკრაინელს, ამერიკელს და ა.შ. ეს მრავალფეროვნება და ღიაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
სამიზნე სეგმენტი არიან თანამედროვე მშობლები, რომლებიც კარგად ინფორმირებულნი არიან თანამედროვე ტენდენციებზე, პასუხისმგებლობითა და ზედმიწევნით არჩევენ პროდუქციას, ორიენტირებული არიან ბავშვების განვითარებაზე, ჩართული არიან მათ აღზრდაში და უყვართ მათთან ერთად დროის გატარება, მუდამ მზად არიან ადგილობრივ წარმოებას დაუჭირონ მხარი. ჩვენი ერთგული მომხმარებლები არიან საქართველოში დაფუძნებული უცხოელები, დიპლომატები და ა.შ.
M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?
2018 წლიდან, მქონდა საბავშვო დეკორაციების ბრენდი „ანცი ქიდს“, რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა და აშშ-ში ექსპორტზეც გამქონდა მცირე რაოდენობით. ასე გავიცანი ადგილობრივი მეწარმეების დიდი ნაწილიც, რომლებიც დღეს, Petit Bazar-ში არიან წარმოდგენილი. მეწარმედ ყოფნის გამოცდილებამ მასწავლა ადგილობრივი წარმოების შიდა სამზარეულოც, რაც დღეს, პროდუქციის სწორად შერჩევაში მეხმარება.
M: რა გაძლევთ ამ საქმის კეთების მოტივაციას?
პირველ რიგში, მთელი ჩვენი გუნდისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა მომხმარებლების დადებითი უკუკავშირი, გახარებული ბავშვები და აღფრთოვანებული მშობლები. ქართველი იქნება თუ უცხოელი, ყოველთის აღნიშნავენ, როგორ უყვართ ჩვენი სივრცე, აქაური გამორჩეული აურა, რომ აქ მოსულებს თავი ევროპაში ჰგონიათ, რომ ვერასოდეს იფიქრებდნენ საქართველოში ამდენი კარგი რამე თუ მზადდებოდა….
მოტივაციის ძალიან დიდი წყაროა ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და ნდობა, მათი მუდმივი მზადყოფნა იმუშაონ საკუთარ თავსა და პროდუქტზე. მუდმივად მზად არიან მოისმინონ და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.
ძალიან მიხარია, რომ გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის კუთხითაც შეგვაქვს წვლილი საზოგადოების კეთილდღეობაში. ჩვენს ეზოში სორტირების ურნები გვიდგას და სხვადასხვა ტიპის ნარჩენს ვაგოვებთ ორი ადგილობრივი კომპანიისთვის – „პოლივიმი“ და „ტენე“.
M: როგორ ხედავთ Petit Bazar-ის, როგორც ბიზნესის პერსპექტივას?
ნიშა, რომელიც დავიკავეთ, სწორი განვითარების პერსპექტივას იძლევა. ვცდილობთ, ვიყოთ პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც ადგილობრივ წარმოებას უჭერს მხარს, მიმართულია განავითაროს და უკეთესობისკენ შეცვალოს მომწოდებელი, მისი პროდუქტიც და მომხმარებლის ქცევაც და წვლილი შეიტანოს საყოველთაო კითილდღეობაში.
M: ბიზნესის გაფართოებას როგორ გეგმავთ?
სხვადასხვა ბაზრებზე ვეძებ ისეთ პროდუქციას, რომელიც საქართველოში არ მზადდება, მაგრამ დიდია მოთხოვნა. ასევე, რამდენიმე ფრანგული საბავშვო ბრენდის შემოტანა მსურს, რომლებიც გამორჩეულ პროდუქტს ქმნიან და ქართული ბაზრისთის მათი ფასებიც მისაღებია. აქედან ერთი თავისით დაგვიკავშირდა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.