30
Apr
2019

ამბავი პეტრე ოცხელზე..

30 Apr 2019

ბევრი დაწერილა პეტრე ოცხელზე, ბიჭზე, რომელიც უსწრებდა დროს.. ბოლო პერიოდში მასზე ბევრს საუბრობდნენ თბილისში. ერთ დროს მივიწყებული, ახლა პოპულარობის ზენიტშია. იმედს ვიტოვებ, რომ მისი ნამუშევრების მიმართ სიყვარული გააზრებულია და მხოლოდ ერთი ესკიზით – “მფრინავი მღებავით’’ არ იცნობენ. ნამუშევრით, რომელიც ასეთი პოპულარული გახდა ახალგაზრდა თაობაში.

არ ვიცი, როგორ იტევდა ამდენ ნიჭიერ ადამიანს საქართველო, განსაკუთრებით კი ქუთაისი, რომელიც პეტრე ოცხელის ჩათვლით, ბევრი მოაზროვნე და ნიჭიერი ხელოვანის დაბადების ადგილად იქცა. ქუთაისი XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის პირველ ათწლეულებში ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. საქართველო იტევდა, მაგრამ რეჟიმი, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს, ქართველ ინტელიგენციას ერთი ხელის მოსმით ანადგურებდა.

სამწუხაროდ, არც პეტრე ოცხელი იყო გამონაკლისი. ეს ხელი მასაც მისწავდა. ვერ აიტანა ახალგაზრდა, მრავალფეროვანი, მოაზროვნე, პროგრესული მხატვარი. ის გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი აბსურდული ბრალდებით: საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის ს.ი. ამაღლობლის დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა.

იმის მიუხედავად, რომ ოცხელმა მხოლოდ 9 წელი იმუშავა, მან მაინც შეძლო, დაეტოვებინა ნამუშევრები, რომლებმაც დროს გაუძლო. ხელმა, რომელმაც  მათი ავტორი მოსპო, ვერ შეძლო გაენადგურებინა თავად ისინი.

პეტრე ოცხელი 1907 წელს დაიბადა ქუთაისში კათოლიკე ვაჭრის, გრიგოლ ოცხელის ოჯახში. დედაც კათოლიკე ჰყავდა. ბავშვობიდანვე შეჩვეული იყო თეატრს, რადგან მის ოჯახში ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა თეატრში სიარული. როგორც პეტრეს და – ნინაჩკა იხსენებდა, პეტრე თეატრში ყოველთვის ბლოკნოტით დადოდა და ჩანახატებს აკეთებდა. პატარაობიდანვე ხატვაზე შეყვარებულს ფანქარში მუშაობა გამორჩეულად უყვარდა. დადიოდა სკოლასთან არსებულ სამხატვრო სტუდიაში. 1926 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში და პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში განაგრძო სწავლა.

სანამ საზოგადოება პეტრე ოცხელს თეატრის მხატვრად გაიცნობდა, 11 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა წარმატება.  პირველად ბანაკში ყოფნისას დახატა აკვარელში და თავის და ნინაჩკასთან ერთად აკეთებდა პერსონაჟების მაკეტებს. მაკეტი იმდენად მოეწონათ, რომ მოსკოვშიც გაუგზავნიათ გამოფენაზე. პეტრე ოცხელი შეძლებული ოჯახიდან იყო. ბაბუამისს მოსკოვში კავკასიური მაუდის ფაბრიკა ჰქონდა. იგი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა  და სტუდენტები, რომლებიც მოსკოვში სწავლობდნენ მის მიერ დანიშნულ სტიპენდიას იღებდნენ. 1917 წელს რუსეთში რევოლუციის გამო მოუწიათ საქართველოში დაბრუნება. რაც კი გააჩნდათ, ყველაფერი წაართვეს და ეკონომიკურ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ.

პეტრეს მამას უნდოდა, პეტრე არქიტექტორი გამხდარიყო, მაგრამ ხატვის სიყვარულმა უარი ათქმევინა მამის შეთავაზებულ პროფესიაზე.

პეტრე ოცხელი თეატრში

მისი ნიჭი არც კოტე მარჯანიშვილს გამოჰპარვია. პეტრე ოცხელი, ძირითადად, მცირე თეატრში მუშაობდა. მისთვის გარდამტეხი პირველი სპექტაკლი აღმოჩნდა. 1927 წელს სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრში ოცი წლის პეტრე ოცხელი აფორმებს ა. ლუნაჩარსკის ,,ცეცხლის გამჩაღებლებს“, სადაც კოტე მარჯანიშვილმა ნახა სპექტაკლი, პეტრე ოცხელის სახით კი უსაზღვროდ ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი აღმოაჩინა და წაიყვანა ქუთაისის თეატრში. ზუსტად აქედან იწყება მათი თანამშრომლობა და მარჯანიშვილის მზრუნველი დამოკიდებულება ოცხელისადმი. პეტრე ოცხელის ჩამოყალიბებაში უთუოდ დიდი როლი ითამაშა მარჯანიშვილმა და მისმა თეატრმა.

კოტე მარჯანიშვილმა ოცხელი თეატრის მთავარ მხატვრად დანიშნა. 22 წლის პეტრეს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თეატრში გაღიზიანებასაც კი იწვევდა “ქუჩიდან მოყვანილი ბიჭი, რომელსაც სამხატვრო აკადემიაც კი არ დაუმთავრებია, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო თეატრის მთავარი მხატვარი“ , მაგრამ პეტრეს იმდენად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ყველასთან, რომ არ გასჭირვებია საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან.

პეტრეს დისშვილი მარინა ოცხელი იხსენებს: “როცა თეატრში მივიდა, ძალიან კარგი ხასიათის ბავშვი იყო, იგი ენამახვილი, გონებამახვილი ადამიანი იყო. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოფნა.“

განსაკუთრებით მეგობრობდა სესილია თაყაიშვილთან, თამარ ჯავახიშვილთან, ელენე ახვლედიანთან, დავით მაჭავარიანთან. აღფრთოვანებული იყო ვერიკო ანჯაფარიძით, რომელიც არაჩვეულებრივ მსახიობად მიაჩნდა. ვერიკო ანჯაფარიძე მისი არაერთი ესკიზის შთაგონების წყარო გამხდარა.

ვერიკო ანჯაფარიძე & პეტრე ოცხელი

ელენე ახვლედიანი & პეტრე ოცხელი

ოცხელი სხვა თეატრის მხატვრებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ მხოლოდ ტანსაცმლის ესკიზების შექმნით არ კმაყოფილდებოდა. ქმნიდა სრულ სურათს სადაც მიმიკა, ხასიათი და როლი ძალიან კარგად ჩანდა. ეს იყო გამზადებული ესკიზები. როგორც კოტე მარჯანიშვილი ამბობდა “გადაღეჭილი ესკიზები მიჰქონდა მსახიობებისთვის.“

განხილვა