“პეწი” ნიკოლოზ თარალაშვილის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. უნდა ითქვას, რომ მისი პროდუქცია საკმაოდ ბევრ და მრავალფეროვან ნივთს მოიცავს. როგორც თავად დამფუძნებელი გვეუბნება, ბრენდს სახელად “პეწი” მისი მნიშვნელობის გამო დაარქვა, რომელიც კოხტას, ბრწყინვალეს, სასიამოვნო შესახედს გულისხმობს. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, Marketer.ge თავად მას გაესაუბრა:
M: რა იყო ბრენდის შექმნის ინსპირაცია?
ყოველთვის გატაცებული ვიყავი ხელნაკეთი ნივთებით და მათი შექმნით. ჩემი ინსპირაცია იყო ვეშაპის ფორმის სანათი, რომელიც ერთ-ერთ ვებ გვერდზე ვნახე სრულიად შემთხვევით. მისი ხილვა ჩვენს ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ. სწორედ ამგვარი ვეშაპის დამზადების შემდეგ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა.
ორი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ნივთი დავამზადეთ: დეკორატიული სანათები, ხის სავარცხლები, ხის ბაფთები, ხის თმის სარჭები, საყურეები, ყელსაკიდები, ნაჭრის საყელოები, ეპოქსიდური რეზინის ბაფთები, ასევე ტყავის საფულეები, საბარათეები, საპასპორტეები, გასაღებების საკიდები, ქამრები. ამჟამად კი ვიწყებთ ტყავის ჩანთების წარმოებას.
M: როგორ ფიქრობთ, რითია თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მაქსიმალურად მასზე მორგებულ პროდუქციას. ჩვენს მომხმარებელს შეუძლია კერძო შეკვეთის გაკეთება ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ნივთთან დაკავშირებით. მაგალითად ავიღოთ ასეთი შემთხვევა: მომხმარებელი გვეუბნება, რომ ესაჭიროება საფულე რომელიც დაიტევს 8-9 ბარათს, რკინის და ქაღალდის ფულს. გარედან უნდა ეხატოს საქართველოს დროშა და შიგნიდან კი ეწეროს ინიციალები.
ასევე, ჩვენ გვაქვს ამერიკული წარმოების ლაზერი – EPILOG , რომლის მეშვეობითაც სრულდება ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს 30-40%. ჩვენი პროდუქცია ბაზარზე გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ორიგინალურობით და პრაქტიკულობით.
M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა?
ბრენდის სამომავლო ხედვას რაც შეეხება, უახლოეს მომავალში რამოდენიმე სავაჭრო ცენტრში იხილავთ ჩვენს სტენდებს, ასევე ვგეგმავთ მაღაზიის გახსნასაც.
M: ამჟამად სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩვენი პროდუქციის შეკვეთა/შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ჩვენს სახელოსნოში, რომელიც მდებარეობს დიმიტრი უზნაძის 78 ნომერში. ონლაინ შეკვეთა/შეძენის შემთვევაში შესაძლებელია ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა. ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველასთვის.