28
May
2019

ფეხებზე დაკიდების სასარგებლო თვისება – რევაზ კოპალაძის #აზრები

28 May 2019

M2


ჩარლზ ბუკოვსკი იყო ლოთი, ნარკომანი, მექალთანე, წუწურაქი, მაწანწალა, თამაშზე დამოკიდებული და უარეს დღეებში – პოეტი. მას არასდროს დაისახავდით მაგალითად, ამიტომაც მისით დავიწყოთ.

ბუკოვსკის მწერლობა უნდოდა. ათეულობით წლის განმავლობაში უამრავ გამომცემლობას მიმართა ლექსების გამოცემის თხოვნით, მაგრამ ყველასგან უარი მიიღო. მისი შემოქმედება ვულგარულად და უაზროდ მიაჩნდათ. გაუთავებელი წარუმატებლობა ბუკოვსკის სულ უფრო ექაჩებოდა სასმლისა და თამაშისკენ, რომელიც ნთქავდა ფოსტალიონის ისედაც მწირ ხელფასს. ასე გავიდა ოცდაათი წელი. ბუკოვსკის ორმოცდაათი შეუსრულდა და უკან მოიტოვა უაზროდ ხეტიალში გატარებული ცხოვრების ნახევარზე მეტი. სწორედ ამ დროს მისით პატარა დამოუკიდებელი გამომცემლობა დაინტერესდა.

გამომცემელს მილიონების შოვნის იმედი არ ჰქონია, უბრალოდ, შეეცოდა ბებერი ლოთი და ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი შანსი მისცა. გამომცემელთან ხელშეკრულების დადებიდან ერთ თვეში ბუკოვსკიმ დაწერა თავისი პირველი რომანი „ფოსტა“, რომლის მიძღვნაში ეწერა: „არავისაც არ ეძღვნება“.

ბუკოვსკი როგორც მწერალი და პოეტი შედგა. ამის შემდეგ მან გამოაქვეყნა ექვსი რომანი და ასზე მეტი ლექსი, რომლებიც რამდენიმემილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. პოპულარობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, თავად ბუკოვსკის მოლოდინსაც კი.

თანამედროვე კულტურას უყვარს ასეთი ბიოგრაფიები. მწერლის ცხოვრება ძალიან ჰგავს ამერიკულ ოცნებას: ადამიანი შრომობს, იბრძვის, არ ნებდება ბედის უკუღმართობას და საბოლოოდ იმარჯვებს. ვისმენთ ამ ისტორიებს და ვდნებით: „ხედავთ?! არ დანებდა, ყურები არ ჩამოყარა, ირწმუნა საკუთარი თავის და ყველაფერს მიაღწია“. თუმცა აღსანიშნავია, რომ მწერლის საფლავის ქვაზე წარწერილი ეპიტაფია გვაფრთხილებს, „არც კი სცადოთო“.

საქმე ის არის, რომ, მილიონიანი ტირაჟების მიუხედავად, ბუკოვსკი ლუზერი იყო და ეს იცოდა. მისი წარმატების მიზეზი სულაც არ ყოფილა ის, რომ მწერალმა მიზნად დაისახა გამარჯვება. არა, მან იცოდა, რომ უიღბლო იყო და შეეგუა ამას. არასოდეს უცდია, ვინმესთვის თავი სხვა ადამიანად მოეჩვენებინა. ბუკოვსკი იმით კი არ იყო გენიალური, რომ დაუძლეველი სირთულეები გადალახა და ასე გახდა ლიტერატურული ვარსკვლავი, არამედ სრულიად საპირისპირო მიზეზით: ის უკიდურესად გულწრფელი დარჩა საკუთარ თავთან, განსაკუთრებით – მის ყველაზე უარეს ნაწილთან, და მიუკიბ-მოუკიბავად მოყვა თავისი უიღბლობის შესახებ.

ჩვენი კულტურა ჩაციკლულია არარეალურად პოზიტიურ მოლოდინებზე. იყავი ბედნიერი. იყავი ჯანმრთელი. იყავი საუკეთესო. იყავი უფრო სწრაფი, ჭკვიანი, მდიდარი, პოპულარული, სექსუალური და, რაც მთავარია, პროდუქტიული – რა თქმა უნდა, სხვების თვალის დასავსებად. იყავი იდეალური და თვალისმომჭრელი: ყოველ დილით, ტუალეტში თორმეტუნციიანი ოქროს ზოდების მოსაქმების შემდეგ, დამშვიდობებისას აკოცე ცოლს და შვილებს და სოლოლაკის ქედიდან ვერტმფრენით გაფრინდი სამსახურში კაცობრიობის გადასარჩენად.

მოდი, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ – განა ისე არ გამოდის, რომ რაც უფრო მეტს ვფიქრობთ პოზიტიურზე, მით უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს ნაკლოვანებებზე? ეს ფიქრი გამოკვეთს მომენტებს, რომლებსაც მარცხად მიიჩნევთ და ხაზს უსვამს მათ. ჩვენ ვეძებთ ფულის შოვნის უკეთეს გზებსა და საშუალებებს, რადგან რაც გვაქვს, არ გვყოფნის; სარკის წინ თავს ვირწმუნებთ, რომ მაგრები და ლამაზები ვართ, ვინაიდან თავი ასეთებად არ მიგვაჩნია; ვახდენთ საკუთარი წარმატებისა და ბედნიერების დემონსტრირებას იმიტომ, რომ თავი არც წარმატებული გვგონია და არც ბედნიერი.

და აი, პარადოქსი: კონცენტრაცია პოზიტიურზე – უკეთესსა და აღმატებულზე – მუდამ გვახსენებს, რანი გვინდოდა გავმხდარიყავით და ვერ გავხდით, ოცნებებს, რომლებიც არ ახდა. არც ერთი ნამდვილად ბედნიერი ადამიანი არ დაიწყებს თავის დარწმუნებას, რომ ბედნიერია და პერიოდულად თავისი ნიუსფიდის თვალიერებას იმის გასახსენებლად, რა კარგად გაატარა წელი. რაში სჭირდება?! ერთი ანდაზისა არ იყოს – „ყველაზე პატარა ძაღლი ყველაზე ხმამაღლა ყეფს“.

პრობლემაც ეს არის. ჩვენმა საზოგადოებამ, სამომხმარებლო კულტურის სასწაულის შედეგად და სოციალური მედიის საშუალებით („შეხედე, რა ბედნიერი ვარ!“) აღზარდა მთელი თაობა, რომელსაც მიაჩნია, რომ ნეგატიური გამოცდილება: შიში, სინანული და შფოთვა – არანორმალურია. თუ ჩემს ფეისბუქის ფრენდლისტს დაეჯერება, ყველა ჩემი მეგობარი ისე ცხოვრობს, რომ შეიძლება ბოღმისგან გასივდე და შურისგან გასკდე. მარტო მიმდინარე კვირის განმავლობაში რვა მათგანმა ახალი მანქანა შეიძინა. „მ2“-ის ახალ კორპუსებში შესახლებულთა აივნებიდან ზღვა შამპანიური გადმოიღვარა, რომელმაც დატბორა ჩემი მეგობრის ქვისლის „მაზერატი“. ლონდონში, პარიზსა და მილანში გატარებული დღეები რაღა სახსენებელია…

მე და თქვენ კი ვსხედვართ და რაღაცას ვმაიმუნობთ. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს სულში კატამ ჩაგვაკურკლა. მაგრამ სანამ თავს მოვიკლავდეთ, ბუკოვსკის და მისნაირების მაგალითი გავიხსენოთ: პოზიტიური გამოცდილებისადმი მისწრაფება თავისთავადაა ნეგატიური გამოცდილება. და, რა პარადოქსულიც უნდა მოგეჩვენოთ, ნეგატიური გამოცდილება პოზიტიური გამოცდილების მიზეზია. გაგიკვირდებათ და ამ „მატრაკვეცობას“ აქვს თავისი სახელი. ფილოსოფოსმა ალან უოტცმა მას „ძალისხმევის უკუეფექტის კანონი“ უწოდა: რაც უფრო მეტად ცდილობთ, მიაღწიოთ საწადელს, მით უფრო გაკომპლექსებთ მისი მიუღწევლობა; რაც უფრო მეტი სიმდიდრის მოხვეჭას ცდილობთ, მით უფრო ღარიბი გეჩვენებათ თავი (რამხელა ქონებაც არ უნდა დააგროვოთ); რაც უფრო მეტად ცდილობთ, სექსუალურად გამოიყურებოდეთ, საკუთარი გარეგნობა მით უფრო ნაკლებად მომხიბვლელი გგონიათ (რაც შესაძლოა სულაც არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს); რაც უფრო თავგანწირვით მიისწრაფვით ბედნიერებისკენ, მით უფრო მარტოსული და შეშინებული ხართ; რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი, დაადგეს სულიერებისა და ზნეობრიობის გზას, მით უფრო სულმდაბალი და ეგოისტი ხდება.

ალბერ კამიუ ამბობდა: „ვერ იქნებით ბედნიერი, სანამ ესწრაფვით იმას, რისგანაც შედგება ბედნიერება. ვერ იცხოვრებთ სრულფასოვანი ცხოვრებით, სანამ ეძებთ ცხოვრების აზრს“. ალბათ შეგიმჩნევიათ: წარმატებას ხშირად ის აღწევს, ვინც ყველაზე ნაკლებად მიისწრაფვოდა მისკენ. ყველაფერი სწორედ მაშინ დამდგარა თავის ადგილზე, როცა გადაგიწყვეტიათ, პრობლემა ფეხებზე დაგეკიდებინათ.

რატომ არის ასე?

ძალისმევის უკუეფექტის კანონის თანახმად, ყველაფერი უკუღმა მუშაობს: პოზიტიურისკენ სწრაფვა იწვევს ნეგატიურს და პირიქით. სპორტდარბაზში განცდილ ტკივილს ჯანმრთელობა და მხნეობა მოაქვს. ბიზნესში დაშვებული შეცდომები დიდ წარმატებას ედება საფუძვლად. საკუთარი სისუსტეების საჯაროდ აღიარება თითქმის ყოველთვის („დავიწყოთ ბოდიშით“-ის გარდა) ძალისა და თავდაჯერების ნიშანია. ასეთი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ, მიმიხვდით, რისი თქმაც მინდოდა. ყველაფერი რისკენაც ღირს სწრაფვა, ნეგატიური გამოცდილების შედეგად შეიმეცნება. ყოველგვარი მცდელობა, ჩაახშო და თავიდან აიცილო ნეგატიური, უკუეფექტს გამოიღებს. წარუმატებლობის აღიარებაზე უარის თქმა თვითონვეა წარუმატებლობა. მცდელობა, დამალო რამე სამარცხვინო, თვითონვე სამარცხვინოა. 

ამიტომ ფეხებზე დაკიდების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს ის არ არის, რაც შეიძლება გაიფიქროთ და არაფერი აქვს საერთო გულგრილობასთან. შეგეძლოს პრობლემების ფეხებზე დაკიდება – ნიშნავს თვალი გაუსწორო სირთულეებს და გამოწვევებს და იმოქმედო შესაბამისად. პოზიტიური გამოცდილების ფეტიშმა გააჩინა ძალიან უკუღმართი „პოზიტიური“ დამოკიდებულება სირთულეებისა და გამოწვევების მიმართ: სამსახური დაკარგე? – ვაა, რა კარგია! ჰობისთვის მეტი დრო დაგრჩება. ცოლმა გიღალატა?  – ესე იგი არ უყვარდი და ძალიანაც კარგი, რომ ასე მოხდა. სასურველი კარიერა ვერ გაიკეთე? – ძალიან კარგი! რაც უფრო დაბლიდან ჩამოვარდები, მით უფრო ნაკლებად გეტკინება, – და ა.შ. ნეგატიურის უარყოფას მივყავართ უფრო ღრმა და ხანგრძლივ ნეგატიურ გამოცდილებამდე და ემოციურ დისფუნქციამდე. თავის სულ მუდამ პოზიტიურად განწყობა სირაქლემას პოზაში ყოფნას ნიშნავს. რას იზამ, ასეთია ცხოვრება: საქმეები შეიძლება ცუდად წავიდეს, ადამიანებმა შეიძლება გული გატკინონ და ამის გამო თავს ცუდად გრძნობდე. ეს ნორმალურია! თუ სამსახური დაკარგე ან საყვარელმა ადამიანმა გიღალატა, მით უმეტეს – თუ ორივე ერთდროულად მოხდა, უნდა აღიარო, რომ ნეხვში ზიხარ და ამის გამოსასწორებლად იბრძოლო, ნაცვლად იმისა, რომ ეცადო, ნეგატიური მოვლენა უბრძოლველად და ხელოვნურად გადააქციო პოზიტიურ გამოცდილებად. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამას ვეძახი „ფეხებზე დაკიდებას“.

ამასთანავე, პოზიტიური განწყობა გარკვეული თვალსაზრისით არაბუნებრივი მოვლენაა. ტანჯვა ბიოლოგიურად სასარგებლოა. მისი საშუალებით ბუნება შეცვლისა და განვითარებისკენ გვიბიძგებს. ასეთებად შეგვქმნა ევოლუციამ: მუდმივი დაუკმაყოფილება და შფოთვა გვაიძულებს, მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ ახლის შექმნას და თავის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვჯერდებით იმას, რაც გვაქვს და გვგონია, რომ მაინცდამაინც ის მოგვგვრის კმაყოფილებას, რაც არ გვაქვს. ეს განცდა გვაიძულებდა გვებრძოლა, გვეშენებინა და ამან მოგვიყვანა დღემდე.

ნეგატიურის აღიარებასთან ერთად, „ფეხებზე დაკიდება“ ნიშნავს თანამედროვეობის ყველაზე დიდ უბედურებაზე – „შესადარისობაზე“ უარის თქმას. ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ.

1983 წელს როკჯგუფიდან გააგდეს ახალგაზრდა ნიჭიერი გიტარისტი. ჯგუფმა ის-ის იყო გააფორმა პირველი კონტრაქტი და რამდენიმე დღეში ალბომის ჩაწერაზე უნდა დაეწყო მუშაობა, როცა გიტარისტს ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე კარისკენ მიუთითეს. ერთ დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, გააღვიძეს და შინისკენ მიმავალი ავტობუსის ბილეთი  მისცეს. ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ ავტობუსში მჯდარი გიტარისტი ფიქრობდა: რა მოხდა? რა შეეშალა? რა ბედი ეწევა ახლა? დარდობდა იმაზე, რომ მთელი ცხოვრების შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა შინ დაბრუნებულმა დაძლია იმედგაცრუება და გადაწყვიტა, შური ეძია ჯგუფზე, რომელმაც გააგდო. მას უნდა შეექმნა ბენდი, რომელიც აჯობებდა პირველს და გაანადგურებდა. გიტარისტი შეურაცხადივით შრომობდა, მის შრომისმოყვარეობასა და პროდუქტიულობაზე ლეგენდები დადიოდა. ჩვენ მხოლოდ თუ წარმოვიდგენთ, რა აძლევდა საამისო ძალას და ენერგიას მუსიკოსს – ალბათ ესიზმრებოდა, როგორ ცურავდა მტრის ცრემლებში.

გიტარისტს დევიდ მასტეინი ერქვა, მის მიერ დაარსებულ ჯგუფს კი – Megadeth-ი. Megadeth-მა 25 მილიონი ალბომი გაყიდა და კონცერტებით მთელი მსოფლიო შემოიარა. მასტეინი კი ჰევი-მეტალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მუსიკოსად ითვლება. მისდა საუბედუროდ, ჯგუფი, რომელმაც გააგდო, ასევე არ არის უკანასკნელთაგანი: Metallica-მ გაყიდა 180 მილიონი ალბომი და სამართლიანად მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბენდად.

2003 წლის გულახდილ ინტერვიუში დევიდ მასტეინმა აღიარა, რომ თავი დამარცხებულად მიაჩნდა (თუ არ ვცდები, ცრემლებიც წამოუვიდა). ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, ადამიანმა ასეთ წარმატებას მიაღწიო და თავს ლუზერად თვლიდე, თუმცა მასტეინი საკუთარი თავისთვის მაინც „მეტალიკადან“ გაგდებულ მუსიკოსად დარჩა. ნებით თუ უნებლიეთ, საკუთარ წარმატებას ის „მეტალიკასთან“ შედარებით აფასებდა. ნაცვლად იმისა, რომ ნეგატიური გამოცდილება პოზიტიურად გადაექცია (რაც გააკეთა კიდეც), თავისი წარმატების კრიტერიუმად მეტოქე აქცია.

მართლაც დაუჯერებელი ამბავია. ადამიანი, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებო: სიმდიდრე, საყვარელი საქმე, აღიარება, – და რომლის კონცერტებიდანაც გულწასული გოგოები გაჰყავთ, უბედურია. დაუჯერებელია იმიტომ, რომ ჩვენ და მას განსხვავებული ღირებულებები გვაქვს. ჩვენი ღირებულებები ასე გამოიყურება: „კარგი სამსახური მჭირდება, რომ შვილებმა კარგ სკოლაში ისწავლონ“ ან „არ მინდა ისეთ სამსახურში მუშაობა, სადაც მენეჯერი  მეუხეშება“. დაბოლოს: „ნეტავი, დროზე დავფარო იპოთეკა, რომ ერთ დღესაც საკანალიზაციო ჭაში არ გამეღვიძოს“. თუ ამ კრიტერიუმებით მივუდგებით, მასტეინი ზეწარმატებული ადამიანია, მაგრამ თუ კრიტერიუმად ავიღებთ „ჩემი ცხოვრების მიზანია, ჯეიმს ჰეტვილდის ცრემლებში ვიბანაო-ს“, რა თქმა უნდა,  თავს ვერასოდეს დავაღწევთ ხელმოცარულობის განცდას.

ჩვენი ღირებულები განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლებითაც საკუთარ წარმატებას ვაფასებთ. პარადოქსია, მაგრამ ბუკოვსკის წარმატება სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა წარუმატებლობის აღიარება, – „პოზიტიური განცდის საზოგადოებაში“, რა თქმა უნდა, შოკის მომგვრელია საჯაროდ და გულწრფელად იმის აღიარება, რომ ნეხვში ზიხარ, – ხოლო დევიდ მასტეინს, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, რასაც ისურვებდა, არასდროს უგრძნია თავი წარმატებულად, იმიტომ რომ წარმატების უკიდურესად არასწორი საზომი აირჩია.

სირთულეები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთი პრობლემის გადაჭრისას მეორე წარმოიშობა და ა.შ. კმაყოფილების გრძნობა დაბრკოლებების გადალახვას მოაქვს, წარმატება კი – ისეთ დაბრკოლებებთან შეჯახებას, რომელთა გადალახვაც მოგვწონს.

ამიტომ 2019 წელს ბევრ ასეთ პრობლემას და მათი ფეხებზე დაკიდების უნარს გისურვებთ.

განხილვა