in

Pfizer-ის საუკუნოვანი ისტორია, ფინჯან ყავასთან

ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ს, პანდემიურ რეალობაში, ვაქცინის წარმოებით ვიცნობთ. სულ ახლო წარსულში, კორპორაციის სავიზიტო ბარათად ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგო „ცისფერი ტაბლეტი“ Viagra ითვლებოდა. დღესდღეობით, Pfizer-ის ღირებულება $47.6B-ს შეადგენს და თავის კოლექტივში 78,500 ადამიანს აერთიანებს. მაინც, როგორ იქცა ის წამყვან გლობალურ კომპანიად? Pfizer-ის ისტორია 1849 წელს დაიწყო. სათქმელი ბევრია, თუმცა, სანამ ფინჯან ყავას შეექცევით, მოკლედ გიამბობთ ფარმაცევტული გიგანტის შესახებ.

ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც ორმა გერმანელმა იმიგრანტმა, ქიმიკოსმა ჩარლზ ფაიზერმა და მისმა ბიძაშვილმა – კონდიტერმა ჩარლზ ერჰარტმა, ბრუკლინში კომპანიის გასახსნელად მშობლებისგან $2500 ისესხეს.

იმ დროისათვის, საზოგადოებაში მაღალი მოთხოვნა იყო ნაწლავური პარაზიტების სამკურნალო საშუალებებზე. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ბიძაშვილებმა სანტონინის ფორმა გამოიყენეს. ერჰარტმა კონდიტერის უნარები გამოიყენა და გემოს გასაუმჯობესებლად, წამალში ნუშისა და ირისის არომატიზატორი გაურია. ეს იყო Pfizer-ის პირველი წარმატება.

თუმცა, პირველი დიდი წარმატება Pfizer-მა აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს, 1861-1865 წლებში ნახა, როცა მოთხოვნა გაიზარდა ტკივილგამაყუჩებლებზე, კონსერვანტებსა და სადეზინფექციო საშუალებებზე. გაერთიანების არმიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანიამ წარმოება გაზარდა. ჯარისკაცები თავიანთ საბრძოლო აფთიაქში Pfizer-ის ღვინის მჟავას ინახავდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, ჭრილობა დაემუშავებინათ.

Pfizer-ის წამლები შეიცავდა იოდს, მორფინსა და ქლოროფორმს, რაც არამხოლოდ მედიცინაში, არამედ იმ დროისთვის განვითარებად სფეროში – ფოტოგრაფიაში გამოიყენებოდა. 1868 წლისთვის, Pfizer-ის შემოსავალი გაორმაგდა. Coca-Cola-ს, Dr Pepper-ისა და Pepsi-Cola-სთვის კომპანიამ სასმლის შემადგენელი ლიმონის მჟავის წარმოება დაიწყო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა. სულ მალე, ლიმონის მჟავა Pfizer-ის წამყვანი პროდუქტი გახდა და კომპანიისთვის მომდევნო ათწლეულის ტრამპლინად იქცა.

სწორედ Pfizer იყო პირველი კომპანია, რომელმაც ანტიბიოტიკი პენიცილინი მასწარმოებაში ჩაუშვა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ის აშშ-ის სამხედრო ძალებს ამარაგებდა.

ბრიტანეთის ბაზარზე Pfizer 1955 წელს შევიდა და ფერმენტაციის ქარხანა დააფუძნა.

მსოფლიოში ცნობილი პრეპარატი Viagra კომპანიამ 1998 წელს გამოუშვა. ეს „სასწაულმოქმედი წამალი“ მისთვის შემოსავლის საიმედო წყაროდ იქცა, მომდევნო 15 წლის მანძილზე – 2012 წლისთვის, მხოლოდ აშშ-ში, მისი გაყიდვის მოცულობა 2 მლრდ დოლარს შეადგენდა.

დღეს, კომპანია კვლავაც ინარჩუნებს ინოვაციურობას და პანდემიურ პირობებში, Covid-19-თან ბრძოლაში მოწინავე პოზიციას იკავებს.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

Hennessy და NBA გლობალური პარტნიორები გახდნენ!

მნიშვნელოვანი სიახლეები Google Pixel 6-ის ღონისძიებიდან