ამ ოქტომბრის დასაწყისში თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის გამორჩეული პიროვნება და Just Do It-ის შემქმნელი დენ ვიდენი გარდაიცვალა, რაც საკმაოდ დიდ დანაკლისად იქცა მარკეტინგის სამყაროსთვის. ეს დანაკლისი კი განსაკუთრებით ემოციურად ფილ ნაიტმა, Nike-ის თანადამფუძნებელმა გამოხატა.
ნაიტი სწორედ იმ ოთახში იმყოფებოდა, სადაც ვიდენი ბოლო ამოსუნთქვებს ითვლიდა:
დენის გარდაცვალების შემდეგ მის საძინებელში ვიყავი. იქ ვიყავი, რათა ბოლოჯერ დავმშვიდობებოდი. ვიჯექი და ვუყურებდი. 45 წლის მოგონებები განმიახლდა. ეს იყო პიტერ მური, რომელმაც თქვა: „საუკეთესო სარეკლამო გონების მქონე ადამიანებმა ამ რეგიონში ახლახან გახსნეს საკუთარი სტუდია. თქვენ უნდა ნახოთ ისინი“. მათ ნაქირავებ სივრცეში შევედი და კარტის მაგიდასთან ოთხი ბიჭი დავინახე. ერთ-ერთი მათგანი ფეხზე წამოდგა, „მე ვარ დენ ვიდენი“, რაზეც მე ვუპასუხე: „მე ვარ ფილ ნაიტი და მძულს რეკლამები“. პაუზის შემდეგ მან თქვა: „კარგი, საინტერესო იქნება“.
ამ თავდაპირველი შეხვედრის შესახებ წლების განმავლობაში ბევრ რამეს ვიხსენებდით, ძირითადად იუმორის გამო, მაგრამ ეს აზრს სცდება. დენ ვიდენმა იქამდე გაუკეთა ჩემს ნათქვამს ინტერპრეტაცია, ვიდრე თავად განვმარტავდი მას. მე ვგულისხმობდი, რომ ტრადიციული რეკლამები მეზიზღება, სადაც ჯო ჯოკი ამბობს: “Smoke Lucky Strike because I do” ან „დალიე კოკა-კოლა, როგორც მე“. და ეს მის რწმენას დაემთხვა რეალურ რეკლამაში — რეკლამაში, რომელიც ასახავს ხალხის არსს და ბრენდს, რომელსაც თავად წარმოადგენს.
იმ დროისთვის ჩვენი დიდი სარეკლამო შენაძენი Runners’ World-ის ბოლო გვერდი იყო, შესაბამისად, დიდი სივრცე არ ჰქონდა დენს. მაგრამ როდესაც ეროვნული სატელევიზიო კამპანიის დაწყება გადავწყვიტეთ, ის მზად იყო. მოკლე დროში მისი ნამუშევრების სია ასე გამოიყურებოდა: Banned in the NBA, Bo Knows, Revolution, I Love LA, It’s Gotta Be The Shoes, Hello World, Hackey Sack, If You Let Me Play, Chicks Love The Long Ball, Mr. Robinson’s Neighborhood, L’il Penny და რაც მთავარია: Just Do It.
მან დაიპყრო მსოფლიოს ფანტაზია და Nike ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. Wieden + Kennedy-ის რეპუტაციაც არ შელახულა. ეს ოთხკაციანი კარტის მაგიდა მსოფლიოში ყველაზე კრეატიულ სარეკლამო სააგენტოდ გადაიქცა, ოფისებით ნიუ დელიში, შანხაიში, ტოკიოში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და ამსტერდამში, სადაც დასაქმებულია 1500 ძალიან კრეატიული ადამიანი. მან კანის რეკლამის ფესტივალზე ათობით ჯილდო მიიღო და დენი სარეკლამო დიდების დარბაზში მოათავსა.
ამ ყველაფრის უკან იდგა ძალიან უჩვეულო ადამიანი, ნაზი სულით, უფრო პოეტი, ვიდრე ბიზნესმენი, საყვარელი მამა და ქმარი, რომელიც ძალიან ზრუნავდა გარშემომყოფებზე.
არა მგონია, მისი მსგავსი ვინმე ვნახო დიდი ხნის განმავლობაში.
როცა ოთახიდან გასასვლელად ავდექი, თვალები ცრემლებით ამევსო და თავში მომივიდა სიტყვები: „მადლობა… რომ ხარ“.