in

როგორ იქცა 90-იანების სკეიტ-კულტურა ქაღალდის ქუდების კოლექციად

ფილიპ ლინდერმანის ნამუშევრებს დღეს შეიძლება Uniqlo-ს, Hermès-ის ან The New York Times-ის გვერდებზე შეხვდეთ, თუმცა მისი შემოქმედების უფრო პირადი ნაწილი სხვა სივრცეში ცხოვრობს. ილუსტრაციების პარალელურად ის მურალებზე, სკულპტურებსა და სხვადასხვა ფიზიკურ ობიექტზე მუშაობს, მათ შორის ქაღალდის ქუდებზე, რომლებიც ახლა ახალ ზინში, Caps-ში გააერთიანა.

BOG
BOG

პროექტის საწყისი ლინდერმანის მოზარდობის წლებია. ის სკეიტ-კულტურით იყო გატაცებული, უყურებდა სკეიტერების VHS ჩანაწერებს, მოგვიანებით კი Kazaa-დან ჩამოტვირთულ ვიდეოებს. დიდ დროს ატარებდა სკეიტ-შოპებში, სადაც სხვადასხვა ბრენდის დაფებს აკვირდებოდა. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ბევრ ბრენდს საკუთარი ვიზუალური სამყარო ჰქონდა: განმეორებადი პერსონაჟები, იუმორი, უცნაური სიმბოლოები და ისეთი დეტალები, რომლებიც ერთიან იდენტობას ქმნიდა.

ამავე პერიოდში მუდმივად ხატავდა ბრენდების ლოგოებს და მათ საკუთარ პირველ კეტჩებს ურევდა. თავადაც ამბობს, რომ სწორედ ეს წლები გახდა საფუძველი იმ ვიზუალური ენისთვის, რომელსაც დღეს იყენებს.

Caps ამ გამოცდილების პირადი არქივივითაა. აქ ქუდი უბრალოდ აქსესუარი აღარ არის. ლინდერმანი მას პატარა ტილოდ იყენებს, სადაც სკეიტბორდინგი, გრაფიტი, 90-იანების მულტფილმები და ამერიკული რეკლამის ვიზუალური ენა ერთმანეთს ხვდება.

ქუდს ამ პროექტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობაც აქვს. ქუჩის მოდასა და სკეიტ-კულტურაში ის ყოველთვის იყო იმის ჩვენების საშუალება, თუ რომელ ჯგუფთან, სპორტულ გუნდთან ან ბრენდთან აიგივებდი თავს. Yankees-ის ლოგო იქნებოდა, მუსიკალური ჯგუფის სიმბოლო თუ სკეიტ-ბრენდის გრაფიკა, ქუდი პატარა მოძრავ სარეკლამო ზედაპირად მუშაობდა. ლინდერმანი სწორედ ამ იდეას იღებს და საკუთარი ინტერესებით ავსებს. შედეგი ერთდროულად ჰგავს ქუდების კატალოგს, მოგონებების კოლექციას და გამოგონილი 90-იანების ბრენდის არქივს.

ფიზიკურ ობიექტებზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ილუსტრაციების დიდი ნაწილი ეკრანზე ან ქაღალდზე რჩება, ხოლო Caps-ით მას სურდა ენახა, როგორ გამოიყურებოდა მისი ვიზუალური სამყარო მაშინ, როდესაც რეალურ სივრცეს იკავებდა. თავდაპირველად ქუდების კერამიკისგან დამზადება სურდა, თუმცა პროცესი ზედმეტად ნელი და შრომატევადი აღმოჩნდა. საბოლოოდ papier-mâché-სა და თიხის ნაზავი აირჩია. სწორედ მასალის არასრულყოფილება გახდა პროექტის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი.

ქუდები იდეალურად სწორი და პრიალა არ არის. ისინი ოდნავ დეფორმირებული, მძიმე და თითქმის ქვის მსგავსი გამოვიდა. ლინდერმანისთვის ეს შემთხვევითი ეფექტი საბოლოოდ პროექტის ხასიათად იქცა. იდეალურად გლუვი ზედაპირი მის მოგონებებს ზედმეტად ახალ და სუფთა იერს მისცემდა.

ამავდროულად, ნამუშევრებში უამრავი პატარა მინიშნებაა. ზოგი პირდაპირ იკითხება, ზოგი მხოლოდ ავტორისთვის ან კონკრეტული კულტურის მცოდნეებისთვის არის შესამჩნევი. აქ არის მიძღვნები, შიდა ხუმრობები, ნაცნობი ფორმების გადამუშავება და ბავშვობიდან შემორჩენილი ვიზუალური დეტალები.

ამ მხრივ Caps მხოლოდ ნოსტალგიური პროექტი არ არის. ის კარგად აჩვენებს, როგორ შეიძლება წლების განმავლობაში ნანახი ლოგოები, რეკლამები, სპორტული სიმბოლოები, გრაფიტი და პოპ-კულტურა საბოლოოდ ერთი ადამიანის ვიზუალურ ენად გადაიქცეს.

ევროპაში Google-ის საძიებო სისტემა იცვლება

ბრედ პიტი, 16 ძაღლი და ერთი ფინჯანი ყავა