in

სტუდენტობიდან ახალი გამოწვევებისა და პროფესიული განვითარების გზაზე

საწყის ეტაპზე, ჩემთვის, როგორც მესამე კურსის სტუდენტისთვის, რთულად წარმოსადგენი იყო კარიერის „ფილიპ მორისის“ მსგავს კომპანიაში დაწყება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს ჩემი სასწავლო მიმართულების (ფინანსების) სტუდენტების უმეტესობა მუშაობას სხვადასხვა ბანკსა თუ აუდიტორულ კომპანიაში იწყებდა. „ფილიპ მორისი“ მიეკუთვნება იმ კატეგორიის კომპანიებს, რომელთა შესახებაც არსებული „ქეისების“, მაგალითებისა და პრაქტიკების გამოყენებით მიმდინარეობდა სწავლის პროცესი, არაერთ საგანში. ხშირად მიწევდა ასეთი ორგანიზაციების შესახებ გამართულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება და მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. შედეგად, დამიგროვდა თეორიული ცოდნა: როგორ მუშაობს მსგავსი საერთაშორისო კომპანია, რა დაბრკოლებების, პრობლემების წინაშე დგებიან ისინი, ყოველდღიურად და როგორ უმკლავდებიან მათ. ბუნებრივია, გამიჩნდა სურვილი, თავად მიმეღო მსგავსი გამოცდილება და გავმხდარიყავი იმ ორგანიზაციული კულტურისა და კორპორატიული გარემოს ნაწილი, რომლის შესახებაც მხოლოდ თეორიული ცოდნა გამაჩნდა. ეს ყველაფერი გამოწვევად მივიღე და „ფილიპ მორისის“ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გადავწყვიტე, გამომეცადა ჩემი თავი.

შერჩევის პროცედურა მარტივი არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავს საკითხებში გამოუცდელი ვიყავი და პირველად მიწევდა დამსაქმებელთან ასეთი ტიპის ურთიერთობის წარმართვა. წარმატების მისაღწევად საჭირო იყო თეორიული ცოდნა, საკუთარი უნარები ეფექტურად გამომეყენებინა და დამქირავებლისთვის მეჩვენებინა, რომ ვიმსახურებდი, გავმხდარიყავი მათი გუნდის წევრი.

მრავალეტაპიანი შერჩევის პროცედურის გავლის შემდეგ, კომპანიას, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის ივლისში შევუერთდი, ფინანსების დეპარტამენტში. სწორედ აქედან იწყება ჩემი კარიერული ისტორია „ფილიპ მორისში“ და ზოგადად, ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. აღმოვჩნდი ისეთ გარემოში, რომლის შესახებაც მხოლოდ ზემოთ ნახსენები თეორიული ინფორმაცია გამაჩნდა და ამ ყველაფრის რეალურად ნახვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ორგანიზაციაში თავს იყრიდა უამრავი პროფესიონალი ადამიანი. მინდოდა, ყველას საქმიანობის შესახებ მცოდნოდა, რათა ძირეულად შემესწავლა კომპანია და ზოგადად, ინდუსტრია. აქედან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობას არ ვერიდებოდი და ყველასგან ინფორმაციის მიღებას ვცდილობდი.

„ფილიპ მორისი“ არის ჩემი პირველი სამსახური. შესაბამისად, ამ დროს ოფიციალური მეილის წერის გამოცდილებაც არ მქონდა, მსგავსი საბაზისო საკითხები საწყის ეტაპზე შევისწავლე. უშუალოდ საქმის შესრულებაში თეორიული ცოდნა ძალიან გამომადგა, ამ ცოდნის მორგება პრაქტიკულ და რეალურ მაგალითებზე მოვახერხე, რამაც ფინანსების სფეროსადმი ინტერესი უფრო გამიღრმავა. ყოველდღიურად მქონდა შეხება სხადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან. სიმართლე რომ ვთქვა, წარმატებულ და გამოცდილ ხალხთან ერთად მუშაობა გამოწვევა იყო საწყის ეტაპზე, რაც, ვფიქრობ, გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე როგორც ამ ხალხისგან, ისე მათთან არსებული საქმიანი ურთიერთობებისგან.

მუშაობის პროცესში, ყოველდღიურად, ვაწყდებოდი სიახლეებს. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი თავგადასავლების, გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის სურვილი გამაჩნდა, ნებისმიერ სიახლეს პოზიტიურად ვხვდებოდი და მისგან ჩემთვის სასარგებლო ინფორმაციის, თუ გამოცდილების მიღებას ვცდილობდი.

სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა წარმატებით დავასრულე და უკვე, თითქმის, სამი წელია, ვაგრძელებ მუშაობას ფინანსურ დეპარტამენტში. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია ყოველთვის გვაძლევს შანსს, ახალი გამოწვევების სახით, ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე, წინსვლასა და გამოცდილების შეძენაზე ვიზრუნოთ. ვფიქრობ, ნებისმიერ სიახლესა თუ პროფესიულ გამოწვევას დადებითად უნდა შევხვდეთ და ვეცადოთ, ეს შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავებას მოვახმაროთ.

ნიკა მიქაძე – Accountant,  ფინანსური დეპარტამენტი, „ფილიპ მორის საქართველო“.

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„თეგეტა მოტორსი“ და BTU, ციფრული ტრანფორმაციის ინიციატივის ფარგლებში, აქტივობებს აანონსებენ

როგორ გავუმკლავდეთ გაურკვევლობის შიშს?