in

თამარ შავიშვილი: როგორ იქცა სამსახური „მეორე სახლად“

 

#InsidePMG

2008 წლის 12 თებერვალი – დღე, როდესაც „ფილიპ მორის საქართველოში“ ჩემი მოგზაურობა დაიწყო.

12 წლის წინ, ჩემმა ახლო მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ კომპანიაში მონაცემთა ბაზებისთვის სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც კარგად ფლობდა კლავიატურას და სწრაფად ბეჭდავდა. ბევრი არც მიფიქრია, ისე შევუერთდი მათ გუნდს და წელიწად-ნახევარი, პროექტის ფარგლებში, მონაცემთა ბაზების შეყვანაზე ვმუშაობდი.

პროექტის დასასრული ჩემი კარიერის დასაწყისი აღმოჩნდა. მისი შემდგომი ეტაპი გაყიდვების განყოფილებაში კონტრაქტების ადმინისტრატორის პოზიციაზე გაგრძელდა, ამას კი 8 წლის განმავლობაში გაყიდვების ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება მოჰყვა.

დღეს შესყიდვების აღმასრულებლის პოზიციას ვიკავებ, რაც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული, დიდი და მოულოდნელი გამოწვევა იყო ჩემი კარიერის განმავლობაში.

გარდა იმისა, რომ გაყიდვების სფეროდან ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ, შესყიდვების სფეროში გადავინაცვლე, ახალ პოზიციასთან ადაპტაციას ისიც ართულებდა, რომ მოულოდნელად შესყიდვების განყოფილებაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი.

ამ პერიოდის განმავლობაში დამჭირდა ჩემი უნარებისა და ყურადღების სრული მობილიზება. პასუხისმგებლობის გრძნობა კომპანიისა და კონკრეტული ადამიანების მიმართ აღმოჩნდა ის მთავარი მამოტივირებელი ძალა, რომლის დახმარებითაც შევძელი თავი გამერთმია გამოწვევებისთვის. გავეცანი შესყიდვების სფეროს სპეციფიკას, დამოუკიდებლად შევძელი პოზიტიური შედეგების მომტანი გადაწყვეტილებების მიღება, სირთულეებთან გამკლავება. . .

მიმაჩნია, რომ ამ პოზიციაზე მიღებული გამოცდილება რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას უდრის. სრულიად ახალი პასუხისმგებლობებით გარშემორტყმულმა, ჩემს თავში ახალი შესაძლებლობებიც აღმოვაჩინე და უნარები განვავითარე.

პირველ რიგში, შევიძინე თავდაჯერებულობა, რაც კომპანიისა და გუნდის მიერ მონიჭებული ნდობისა და მოქმედების თავისუფლების შედეგია. თავისუფლება იმისა, აკეთო საქმე დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევით მიიღო სასურველი შედეგი, რასაც მოჰყვება შესაბამისი დაფასება – ეს არის ციკლი, რომელიც განვითარების მთავარ საწინდარს წარმოადგენს.

ჩემთვის უცნობ სფეროში მუშაობამ და გამოწვევებმა დამანახა, რომ შემძლებია ამ საქმის კეთება, თანაც კარგად.

ახლა აღარ ვუყურებ მოვლენებს ისე რთულად და დრამატულად, რადგან თითოეულ გამოწვევას უფრო პოზიტიურად აღვიქვამ. ჩემთვის ყოველი დაბრკოლება ახალ, კარგის მომტან სიახლესთან და განვითარების შესაძლებლობასთან ასოცირდება.

საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გადააზრების მთავარი მამოძრავებელი ძალა კი თავად კომპანიის ორგანიზაციული კულტურაა. კომპანიისა და თანამშრომლების გვერდში დგომა და მხარდაჭერა ის მთავარი ფაქტორია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს განვითარების საშუალებას აძლევს. სამუშაო გარემოდან დაწყებული – HR-ით დამთავრებული, ყველაფერი, თანამშრომლის კეთილდღეობაზე არის მორგებული.

სამსახურში მისვლა სახლში მისვლასთან ასოცირდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი ოფისის მოწყობასა და გარემონტებაში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. ხშირად ვხუმრობთ, რომ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის შედეგად მეორე პროფესია შევიძინე, რადგან ამ პერიოდში სრულად დავეუფლე სარემონტო სამუშაოების სპეციფიკას. მსურდა, ოფისი თითოეული თანამშრომლისთვის კომფორტული, მოტივაციის მიმცემი და სასიამოვნო გამეხადა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით და ჩვენი სამუშაო გარემო „მეორე სახლად“ ვაქციეთ.

მეორე პროფესიის რა გითხრათ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ჰობი აღმოვაჩინე. გადავწყვიტე, ოფისში არსებული მწვანე მცენარეების მოვლაში მეც მიმეღო მონაწილეობა. ახლა ვიცი, რომელი მცენარე რა სეზონზე უნდა გადაირგას, გამრავლდეს და რა სიხშირით მოირწყას. ამიტომ, თანამშრომლებს შორის „მცენარეების მშობლის“ ტიტულით ვსარგებლობ.

თუმცა, ჩემი ტიტულების ისტორია ამით არ სრულდება. ჩემთვის ყველაზე საპატიო, ჩვენი ფეხბურთის გუნდის „თილისმის“ სტატუსითაც ვსარგებლობ. „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ აქტიურად მართავს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, ერთ-ერთი მათგანი კი კომპანიის სხვადასხვა ქვეყნის გუნდებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატია, რომელიც უკრაინაში იმართება. მართალია, ჩემს ფუნქციას სათანადოდ ვერ ვასრულებ და ბიჭების გუნდისთვის გამარჯვება ჯერ კიდევ არ მომიტანია, თუმცა აქტიურად ვგულშემატკივრობ მათ და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც შევასრულებ თილისმის მოვალეობას.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, ბოლო სათქმელსაც გაგიზიარებთ. კომპანიაში გატარებული 12 წლის შემდეგ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფილიპ მორისმა“ ჩემთვის სამსახურის  ცნება შეცვალა და დღეს ის ჩემთვის არა „უნდა“-ს, არამედ „მინდა“-ს მნიშვნელობის მატარებლად იქცა.

თამარ შავიშვილი – შესყიდვების აღმასრულებელი, „ფილიპ მორის საქართველო“.

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები  ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს.

[R]

რატომ გვჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა?

„სიტუაციონისტის“ ახალი კოლექციის ჩვენება პირდაპირ თბილისის ქუჩებში!