in

გოსპელი, პრინცი და 11 გრემი – ფილიპ ლასიტერი “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე” დაუკრავს


არც თუ ისე დიდი დრო გავიდა, რაც თბილისის ჯაზ ფესტივალზე და მის განუმეორებელ სტუმრებზე გიყვებოდით. თუმცა ზაფხული დადგა და ტრადიციულად ჩვენი გონებაც შავი ზღვის სანაპიროსკენ მიემართება, სადაც ბათუმი, 26-28 ივლისს, 2024 წლის ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. იქამდე არსებული დრო კი მოდით უკვე დაანონსებული შემსრულებლების გაცნობას დავუთმოთ.

26 ივლისს ჯაზ ფესტივალს ფილიპ ლასიტერი გახსნის. ენერგიული შოუებითა და მდიდარი მუსიკალური გამოცდილებით, ლასიტერის გამოსვლა ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება. იგი 11 გრემის მფლობელია, არამხოლოდ როგორც შემსრულებელი, არამედ მუსიკალური გენიოსი, კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი – ლასიტერი წლების განმავლობაში ისეთ ვარსკვლავებთან თანაშრომლობდა, როგორებიც არიან პრინცი, არიანა გრანდე და ჯილ სკოტი – მისი ნამუშევრები კი სხვადასხვა ჟანრებს აერთიანებს, მათ შორის ჯაზი, ფანკი, სოული და RnB, რაც მრავალფეროვან და დინამიურ შემსრულებლად აქცევს.

ბენდლიდერი ფილიპ ლასიტერი ფანკის მოციქულია მას შემდეგ, რაც პრინცის New Power Generation-ში მესაყვირედ და ხმის ინჟინერად მუშაობდა. ალაბამაში დაიბადა და დალასის მუსიკალურ სცენაზე მალევე გაითქვა სახელი მენტორებად  კლავიშისტი ბერნად რაითი, ბობი სპარკსი და ქეით ანდერსონი ჰყავდა. ამავე ქალაქში მოხდა ბენდ Snarky Puppy-ის ბასისტთან, მაიკლ ლიგთან დაკავშირებაც. გოსპელ არტისტებისთვის საყვირის არანჟირებებს აკეთებდა – ქალაქში ხმა მალევე გავრცელდა მის პროფესიონალიზმზე და ერთ-ერთი პირველი პროექტის ფარგლებში, კირკ ფრანკლინთან ერთად სადებიუტო გრემიც მოიპოვა. ამავე ჩანაწერში სტივ უანდერიც იღებდა მონაწილეობას და შედეგად ფილიპი ლოს ანჯელესში მიიწვიეს, სადაც უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო მისი შესაძლებლობები – მიაღწია იმას, რაზეც ბავშვობიდან ოცნობებდა.

ტეხასის გოსპელ სცენაზე მოღვაწეობის შემდეგ, ლასიტერი ოთხი წლის განმავლობაში ნეშვილში, საქსაფონისტ ჯეფ კოფინთან თანამშრომლობდა და რეგულარულად უკრავდა Future Man-ისა და ვუტენების ძმებთან. ამის შემდეგ იყო ნიუ იორკი, სადაც დრო სხვადასხვა გოსპელ ჯგუფთან ერთად ჩაწერასა და გამოსვლებში გაატარა, ეს ყველაფერი კი მანამდე ხდებოდა, სანამ პრინცს შეხვდებოდა – ცხოვრებისეული მოვლენა, რომელმაც სრულიად შეცვალა მისი კარიერა.

„ჩაკა ხანის ბასისტმა, ენდრიუ გოუშემ პრინცისგან, რომელიც პეისლი პარკში ჩაწერაზე მუშაობდა ზარი მიიღო, „მჭირდება ახალი საყვირების სექცია, ისეთი ვინც მუსიკასაც წერს, იცნობ ვინმეს?“ ენდრიუ იცნობდა ჩემს შემოქმედებას, რადგან ერთად უამრავ გოსპელ ჩანაწერზე ვიმუშავეთ . იმ პერიოდში უამრავ პროექტზე ვმუშაობდი, ვცდილობდი კონცერტებზე გამოსვლას. ეს არ ყოფილა გლამურული ცხოვრების ნაწილი, განსაკუთრებით ნიუ-იორკში მარტო ცხოვრებისას, როდესაც ქირის გადახდას იმ იმედით ცდილობ, რომ ამ თვეში ვინმე სესიაზე დაგირეკავს.

ეს ჩემთვის ხშირად ბრძოლა იყო, მაგრამ მაინც ვაკეთებდი იმას რაც მიყვარდა და ყოველდღიურად უკეთესი ვხვდებოდი ამაში. ჩემი სახელი გავრცელდა შავკანიანთა გოსპელის მუსიკალურ ჟანრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სცენაა მსოფლიოში, რადგან ისინი ყველაზე პროფესიონალი შემსრულებლები არიან. ენდრიუმ პრინცთან რეკომენდაცია არა იმის გამო გამიწია რომ მეგობრები ვიყავით, არამედ იმიტომ რომ ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემს თავზე – ასეთი მიმიღო ამ პროექტმაც“

ამის შემდეგ ლასიტერი ლოს-ანჯელესში გადადის, სადაც Philthy ჩამოაყალიბა – 14 წევრიანი ბენდი, რომელიც შთაგოვნებული იყო პრინცის, P-Funk-სა და Earth, Wind & Fire-ის მუსიკით. პრინცთან მუშაობის შემდეგ იგი კვლავ აგრძელებს საყვირის ინსტრუმენტის აღმოჩენას და უფრო ღრმად შედის ჯაზში. „ვბრუნდები ჩემს ფესვებთან და კვლავ ვსწავლობ ცვლილებებს. ვმუშაობ სტანდარტული კომპოზიციების შესრულებაზე, როგორიცაა „Cherokee” და “Invitation“, ვცდილობ განვავითარო ჩემი ენა და კომუნიკაცია მსმენელთან. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა დამსახურებულად ვიყო ამ მემკვიდრეობის ნაწილი. ჯაზი ერთ-ერთი უმაღლესი ხელოვნების ფორმაა და მნიშვნელოვანია, რომ მას პატივი ვცეთ და დრო დავუთმოთ“

მის პერსონალურ საყვირის გმირებზე საუბრისას, ლასიტერმა როი ჰარგრუვი ერთ-ერთ უდიდეს ინსპირაციად დაასახელა. „როი ცნობილია, როგორც ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი. ის არის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჯაზ ინოვატორი. არ ვიცი, არის თუ არა კიდევ ვინმე ცოცხალი, რომელიც მას ემსგავსება. მას ჰქონდა ის მუხტი და ენერგია, რაც ჯაზის ყველა ძველ ოსტატს გააჩნდა. ეს ადამიანი მართლაც განსაკუთრებული იყო. – იხსენებს მუსიკოსი ჰარგრუვზე საუბრისას.

ლასიტერი აგრძელებს მსოფლიო ჯაზ ფესტივალების სცენების დაპყრობას და ბათუმსაც განსაკუთრებული პროექტი ესტუმრება, რომელიც აუცილებლად ცოცხლად უნდა გამოცადოთ.

 


საინტერესო პოდკასტი | დათო გორგილაძე

ყველი აბედნიერებს! — კვლევა