in

სტაჟირებიდან დაწყებული კარიერული წინსვლის ისტორია

 

#InsidePMG

რა არის „გაყიდვები“?  „გაყიდვები“ მრავალ სხვადასხვა აქტივობას აღნიშნავს. ეს აქტივობები მომხმარებლისა თუ კერძო ბიზნესისათვის პროდუქტის ან სერვისის მიყიდვასთანაა დაკავშირებული, მაგრამ რეალურად, „გაყიდვები“ კომპანიისა და ნებისმიერი სხვა სახის ბიზნესისათვის ზემოხსენებულ განმარტებაზე გაცილებით მეტს ნიშნავს.

ამ ხუთი წლის წინ – 2015 წელს – სანამ საერთაშორისო კომპანიაში სტაჟიორად დავიწყებდი მუშაობას, ძალიან მიძნელდებოდა პასუხი გამეცა კითხვაზე, თუ რა მიმართულებით მსურდა წარმემართა ჩემი საქმიანობა. ჩემს გარშემო მყოფი ახალგაზრდების უმეტესობის მსგავსად, რამდენიმეწლიანმა სამუშაო გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის მიუხედავად, პრაქტიკული გამოცდილების შეძენას ადამიანი პროფესიული განვითარების ახალ, უფრო საინტერესო საფეხურზე აჰყავს. ამ გამოცდილების გათვალისწინებით შენ შეგიძლია უფრო მეტი დამაჯერებლობითა და სითამამით მიიღო კარიერისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც შენი მომავლის დაგეგმვისას გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ჩემი ისტორია კომერციულ დაგეგმარების დეპარტამენტში 6-თვიანი სტაჟირებით იწყება. იმ დროს, კომერციულ სამყაროში, პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, მსურდა სხვადასხვა დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ კიდევ უფრო მეტი გამეგო, იქნებოდა ეს მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები თუ სხვა. ჩემს მიზანს წარმოადგენდა, საფუძვლიანად შემესწავლა იმ კომპანიის საქმიანობა, რომლის წევრადაც ვიქეცი. ამ ძიების პროცესში, 6 თვის შემდეგ, გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობის გაგრძელება შემომთავაზეს, რაც საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, იმ დროისთვის, ახალი თავგადასავლების, გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის სურვილი გამაჩნდა და ამიტომაც შემოთავაზებას მალევე დავთანხმდი და, შესაბამისად, ახალი გამოწვევაც მივიღე. ეს გამოწვევა კი, საბოლოო ჯამში, ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება გამოდგა. ამ პერიოდის განმავლობაში, გავიგე, თუ რამდენად დიდი ზეგავლენა აქვს გაყიდვების დეპარტამენტის კარგად ფუნქციონირებას კომპანიის მიზნების მიღწევაზე, კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებასა და, ზოგადად, ბიზნესის ზრდაზე. გაყიდვების ძლიერი დეპარტამენტი ისეთი ადამიანებისგან შედგება, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის მომხმარებლებს აქცევენ ყურადღებას, იზიარებენ მათ საჭიროებებს, მოთხოვნილებებს და, უკვე, ამის შემდეგ მათი პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში, ბევრი სტარტაპერი თუ დიდი კომპანია, სწორედ, ამ ეტაპზე უშვებს შეცდომას – მომხმარებლის ძიებასა და მათი მოთხოვნების ადეკვატურად დაკმაყოფილებაზე საკმარის დროს არ ხარჯავს და, საბოლოოდ, ისეთ პროდუქტს ქმნის, რომელიც არავის სჭირდება.

ზემოაღნიშნულის გარდა, ჩემმა სამუშაო გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ გაყიდვების წარმატებით განხორციელებისათვის მომხმარებლისგან ნდობისა და ერთგულების მოპოვება ამ საქმიანობის უმთავრესი კომპონენტია. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გუნდური მუშაობით მიიღწევა და ამ მუშაობაში არა მხოლოდ გაყიდვების გუნდი, არამედ მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებიც უნდა იყვნენ ჩართული.

იმ მრავალი სირთულის მიუხედავად, რომლებსაც ბოლო წლების მანძილზე „გაყიდვებში“ მუშაობისას გადავაწყდი, დროთა განმავლობაში, უფრო სიღრმისეულად ვეცნობოდი აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკასა და მნიშვნელობას. დასაწყისში მისი გაგება ასე ადვილი ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში, ამ საქმის საფუძვლიანად შესწავლა ყოველდღიურ განვითარებასა და დაუღალავ შრომას მოითხოვს.

თორნიკე მათითაშვილი – FFWD Builder, „ფილიპ მორის საქართველო“.

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები  ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველო“-ს შეხედულებებს.

[პარტნიორის კონტენტი]

ჩემი სოფელი: შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოებს და ქედაში უფრო მეტ ტურისტს იზიდავს

KFC-ისა და Wolt-ის საჩუქარი თბილისს – KFC-ის უფასო მიტანის აქცია Wolt-ზე!