in

„ფირალი“ – ბრენდი, როგორც მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო

გსმენიათ მეამბოხე გურულებზე? მათ ფირალების სახელით ვიცნობთ. ისინი, ხშირად ტყეში გახიზნულები, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ რუსული იმპერიალისტური მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ და თავისუფლების სიმბოლოდ იქცნენ. სწორედ მათი სახელის საპატივცემულოდ, ქართულ ბაზარზე მალე ჭაჭის ახალი ბრენდი „ფირალი“ გამოჩნდება. „ფირალის“ იდეასა და კონცეფციაზე მისი ავტორები, თაზო ნეფარიძე და ლუკა კვიწინაშვილი გვესაუბრნენ, ეტიკეტის დიზაინზე კი მისმა შემოქმედმა, გიორგი პოპიაშვილმა გვიამბო.

BOG
BOG

M: როგორ აირჩიეთ ბრენდისთვის ასეთი სახელი?

თაზო ნეფარიძე: ბრენდის დასახელების მოფიქრების დროს, გვინდოდა აგვერჩია სახელი, რომელსაც ექნებოდა საინტერესო ჟღერადობა, ისტორია და შინაარსი. ჩვენთვის ფირალი არის მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის და თავისუფლების სიმბოლო, მაგალითი იმ ადამიანებისა, რომლებმაც მონობაში ცხოვრებას მეამბოხე გზით უსამართლობასთან დაპირისპირება არჩიეს. დღესდღეობით, ცოტას თუ აქვს ინფორმაცია ამ ადამიანებზე, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვეცადეთ შეგვექმნა ბრენდი რომელიც ამ საკითხის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამდა.

M: რა კავშირი დაინახეთ ისტორულ ფირალებთან?

საფირალო მოძრაობის იდეა დიდწილად დაფუძნებულია თავისუფლების, გამბედაობისა და მებრძოლი სულისკვეთების იდეოლოგიაზე. გვჯერა, რომ ჭაჭა „ფირალის“ მოხმარებისას ადამიანი მიიღებს გამბედაობისა და თავისუფლების შეგრძნებას, რომელიც მასში გააღვიძებს იმ მიძინებულ „ფირალს“, რომელსაც ყოველდღიური რუტინა გვაშორებს.

M: როგორ ჩამოაყალიბეთ ბრენდის კონცეფცია?

ლუკა კვიწინაშვილი: პირველ რიგში მოვიკვლიეთ ბაზარი და გავაანალიზეთ რა საჭიროების წინაშე იდგა მომხმარებელი. რომ გადავხედოთ ბაზარზე არსებულ არყის და ჭაჭის პროდუქტის ეტიკეტებს, ვნახავთ რომ კომპანიების უმრავლესობა ორიენტირებულია წარმოგვიჩინოს ბოთლში არსებული სითხის გამორჩეული თვისებები, რაც ისეთი მომხარებლისთვის რომელიც არ არის გარკვეული სპირტის შექმნის ტექნოლოგიაში შესაძლოა ნაკლებად საინტერესო იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბა ბრენდი, რომელიც ისტორიას მოყვებოდა და შექმნიდა ემოციურ კავშირს მომხმარებელსა და პროდუქტს შორის.

M: როგორ ჩამოყალიბდა დიზაინი და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მას?

გიორგი პოპიაშვილი: სიმართლე რომ ვთქვა, ფირალებზე პირველად ამ პროექტზე მუშაობისას გავიგე. კვლევის ეტაპზე ირაკლი მახარაძესაც ველაპარაკეთ, ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტი იცის ამ მოძრაობაზე. დოკუმენტური მასალის თვალიერებისას, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რელურმა ტიპაჟებმა, მათმა გამომეტყველებამ და გარეგნულმა სტილმა. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, კოლაჟი რეალური ფოტო-მასალისგან ამეწყო, რეალური გმირებით. თემატიკის შესაბამისი სინამდვილე და სიუხეშე რომ მიმეღო, ამისათვის კოლაჟის ხელით აწყობა გადავწყვიტე, ციფრული ჩარევის გარეშე. ყველა დეკორატიული დეტალი და გმირები სხვადასხვა ზომაზე ამოვბეჭდე და ამოვჭერი. რამოდენიმე ვარიაციის შემდეგ მივიღე კომპოზიცია რომელიც მეც მომეწონა და დამკვეთსაც. საბოლოო ჯამში ვფიქრობ მივიღეთ აუთენტური ვიზუალი, რომელიც შესაბამისობაშია როგორც ფირალებთან ასევე პროდუქტთანაც.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გრეის ჰოპერის ჯილდო 2022 – განაცხადების მიღება დაწყებულია

გიორგი ტუხაშვილი Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა