სამყაროს შექმნის შესახებ ყველაზე პოპულარული თეორიის მიხედვით, დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინ, არსებობდა მხოლოდ ერთი წერტილი (კომპაქტური სფერო), რომელმაც გაფართოება დაიწყო. დიდი აფეთქების თეორია ბევრ ადამიანში მრავალი სახის კითხვასა და შთაგონებას იწვევს. რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სახის მოვლენის ინტერპრეტირება და საკუთარ თავამდე დაყვანა. ასე მოვიქცევი მეც, რადგან მგონია, რასაც არ უნდა ვიკვლევდეთ, საბოლოო ჯამში, მაინც საკუთარ თავს ვიკვლევთ; სადაც არ უნდა წავიდეთ, მაინც საკუთარ თავთან ვბრუნდებით და ყველა გზა რომში კი არა, ჩვენთან მოდის.
ერთი წერტილიდან ყველაფრის დაწყებისა და გაფართოების იდეა ადამიანის მიკროსამყაროდ წარმოდგენის საშუალებას გვაძლევს. არის თუ არა ეს სამყარო ნამდვილად მიკრო, სხვა საკითხია. თუმცა, ემბრიონის ჩასახვის სტადიიდან დაბადებამდე, დაბადებიდან მოზარდობამდე, მოზარდობიდან ზრდასრულობამდე და ზრდასრულობის შემდეგაც, ფიზიკური ზრდისა და ცვლილების პარალელურად, ადამიანი განვითარებას არასდროს წყვეტს… ისევე, როგორც სამყარო, ადამიანიც, შექმნის დღიდან, ფართოვდება, არაცნობიერად თუ ცნობიერად, დროთა განმავლობაში იქცევა ინფორმაციის მუდმივად მზარდ მარაგად. რადგან არც ერთი ტიპის ინფორმაცია – სუნი, კადრი, შეხება, გემო, ხმა არსადაც არ მიდის. სინამდვილეში, ჩვენ არაფერი გვავიწყდება. უბრალოდ, არსებობენ ჩვენი მეხსიერების შავი ხვრელები და, კოსმოსისგან განსხვავებით, ჩვენ მისი ბუნდოვანი ფოტოც კი არ გვაქვს…
იმისათვის, რომ სამყარომ დაგვიმახსოვროს, სამყარო უნდა დავიმახსოვროთ… შესაძლოა, გქონდეთ თქვენს მიერ აღქმული ინფორმაციის გაზიარების სურვილი – საკმაოდ ჯანსაღი სოციალური მოთხოვნილება, რომელიც ინდივიდის სოციალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე სამყაროში ამისთვის უამრავი გზა არსებობს, თუმცა, ამჯერად, ერთ-ერთზე ვკონცენტრირდები და ვეცდები განახოთ, თუ როგორ შეიძლება ამ გზით სამყაროს არა მხოლოდ დამახსოვრება, არამედ, სხვებისთვის გაზიარებაც. აზრების/კადრების გაცვლა სხვა ადამიანებთან ახალი ძაფების გაბმაში, მეტი საერთოს პოვნაში გვეხმარება.
ვიზუალური ინფორმაცია ადამიანის მეხსიერების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. ყველამ ვიცით, რომ ათასწლეულების განმავლობაში და მეტიც, გასულ საუკუნეშიც კი, ცოტას თუ ჰქონდა შესაძლებლობა ვიზუალურად გადმოეცა ზღვა ინფორმაციის დამუშავების შედეგი – სათქმელი. კაცობრიობის ვიზუალური კომუნიკაციის ისტორია, გამოქვაბულში დახატული ტახიდან დღემდე, რადიკალურად შეიცვალა. როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, სამყარო ფართოვდება და საკუთარი გაფართოების მიზეზის – დიდი მოცულობის ინფორმაციის (შესაძლოა) დამუშავების შედეგად, ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ვგულისხმობ, ტექნოლოგიური პროგრესი არის ის სინტაქსური წყვილი, რომელიც დღეს, ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს გვაძლევს შანსს – შევქმნათ ვიზუალური კონტენტი, გადმოვცეთ/ავსახოთ ჩვენი აღქმები, დავიმახსოვროთ სამყარო ისეთი, როგორიც აღარ იქნება, დავიმახსოვროთ ჩვენი თავი ისეთი, როგორიც ერთ წამში აღარ იქნება და გავუზიაროთ ეს მთელ მსოფლიოს.
შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო თქვენი სმარტფონით? მგონი, შეგიძლიათ. მართალია, დოქტორ როჯერ კლარკის თქმით, ადამიანის თვალი 576 მეგაპიქსელია და ჩვენ ჯერ ასეთი კამერები არ გვაქვს, თუმცა, თუ გვაქვს სამყაროს აღმოჩენისა და ასახვის სურვილი, დღეს არსებული სხვადასხვა კამერა თუ სმარტფონი ამისთვის ნამდვილად გამოდგება. მაგალითად, უბრალოდ, შეგვიძლია გავიდეთ გარეთ და ჩვენს ქალაქშივე აღმოვაჩინოთ აქამდე უცნობი, საინტერესო და ფრიად მსუყე ინტერპრეტაციების აღმძვრელი კადრები. ვიპოვოთ გარემოსთან, საზოგადოებასთან, უფროს თუ უმცროს თაობებთან არსებული შეხების წერტილები, რომელიც შთაგვაგონებს. რომელთა შემხედვარეებსაც წარმოსახვიდან საინტერესო სიუჟეტების გამოხმობა შეგვიძლია და თუ მათ აღვბეჭდავთ, იქნებ სხვებიც ჩავრთოთ ამ პროცესში. იქნებ სხვების წარმოსახვის პროვოკატორებადაც ვიქცეთ და საკუთარ თავთან ერთად, სხვასაც შევუწყოთ ხელი გაფართოებაში.
იქნებ ეს შეგვიძლია. მაგალითად, სტატიაში მოცემული ნებისმიერი ფოტო ჩემს მიერ, თბილისში სრულიად უმიზნო ხეტიალისასაა გადაღებული. დღისით და ღამით, წვიმასა და მზეში, სხვადასხვა განათების პირობებში, დაუგეგმავად, ფოტოს გადაღების ნებართვას გადაღების შემდეგ რომ ითხოვ და არასდროს იცი, ყოველი ახალი მოსახვევისა და ქუჩის ბოლოს რა კადრი გელოდება. თუმცა, მაინც იცი, გუმანით კი არ გრძნობ, ზუსტად იცი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რა შეიძლება დაგხვდეს.
ამ სამყაროს არ უნდა მიეჩვიო, ისევე, როგორც საკუთარ თავს, ისევე როგორც სახლს. არასდროს დაგხვდება რასაც ელი, რაც დატოვე ისიც კი არ დაგხვდება. რადგან სამყაროს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მუდმივი ცვალებადობაა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი კი არა, ყველაფერი ახალი – ყველაფერი ახალია. მათ შორის ეს კადრი, რომელიც წამის მეათედში აღარ იქნებოდა და თუ ვინმე ამ მოსაზრებას არ იზიარებს, კონტრარგუმენტად მხოლოდ თქვენს მიერ გადაღებულ, ზუსტად ასეთ კადრს მივიღებ.
ვფირობ, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც ფოტოს გადაღებისას მოქმედებს, ობიექტთან/ადგილთან საკუთარი თავის ასოცირებას/იდენტიფიცირებას გულისხმობს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ხდება მაშინ, როცა წიგნის კითხვისას, ან ფილმის ყურებისას, ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი გამოიკვეთება – თავს ვაიგივებთ მასთან.
ფოტოების გადაღებისას კონკრეტული ობიექტების, სიტუაციების, ადგილების ადგილას შეიძლება აღმოჩნდე. მაგალითად, ამგვარი ფოტოს გადაღებისას შეიძლება იბუტბუტო – „როცა შენ ფიქრობ, ისინი თამაშობენ. როცა შენ ფიქრობ, ისინი თამაშობენ. თუმცა, ეს პრობლემა სულაც არაა. შესაძლოა, შენ მეტი ფიქრი გჭირდება, მათ – მეტი თამაში“.
მაგრამ, დანამვილებით იცი – შენ გჭირდება, რომ გაღიარონ. თუმცა, თუ განსხვავებული ხარ, თუ სოციალურად მისაღებად არ გაცვია/იქცევი, აღიარების შანსი შემჩნევის მოლოდინს უტოლდება. ამას მაშინ გრძნობ, როცა გვერდს გივლიან, ბავშვებს, მზერას, ჩანთას, საყვარელ ტანსაცმელს გარიდებენ…
და ხვდები, რომ შესაფერისი ადგილების ძებნას იწყებ. ხარ ბავშვი, რომელიც ბაღიდან არავინ გაიყვანა; სახლი, სადაც არავინ დაბრუნდა, ან სკამი სკვერში, რომელსაც ცოტა ხანში ბალახი დაფარავს.
თუმცა, ვინც არ უნდა იყო, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, სადაც არ უნდა მდებარეობდეს შენი სოციალური სტატუსი შემჩნევა-აღიარების სკალაზე, აუცილებლად იპოვი ადგილს, რომელიც გგავს.
შეიძლება ცხოვრობდე ბევრ ადამიანთან ერთად,
და მარტო…
თავს გრძნობდე ბავშვად,
დამჭკნარ ყვავილებს სამარშუტო ტაქსიდან გარეთ, წვიმაში იშვერდე და გქონდეს იმედი, რომ გაცოცხლდებიან…
იდგე წვიმასთან და წვიმაში არ გიშვებდნენ…
წვიმაში იდგე და გუბეებში ხტებოდე.
უძებნიდე ახალ ფუნქციას ძველ ავეჯს. ხის ძირას, ქუჩის განაპირას. თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ტელევიზორის ნაცვლად უყურო ქუჩას, დალიო ლუდი მეგობრებთან, ითამაშო ნარდი, ან დომინო. ან უბრალოდ, წამოწვე და უყურო ცას, რომელიც ხის ტოტებიდან მოსჩანს…
და ბოლოს, კავშირში ხარ სამყაროსთან და ყველაფერთან, რასაც ხედავ, რასაც იმახსოვრებ და გგონია, რომ ივიწყებ. შენ ხარ ცარიელი სკამიც და სავსე ქუჩაც. შენ ხარ სახლიც და უსახლკაროც. შენ შეგიძლია იყო სამყარო. შეგიძლია ნებისმიერი გამვლელის ბედი გაიზიარო. აღბეჭდო კადრზე და გაიაზრო, რამდენი საერთო გაქვს მათთან… შეგიძლია ერთ დღეში რამდენიმე ადამიანის ცხოვრება გამოცადო, თუ გარეთ გახვალ. შეგიძლია იჯდე ბნელ სკამზე და ფიქრობდე – „ვინ არიან ეს ადამიანები? ვინ ვარ მე?“
შენ ხარ სამყარო.
ფოტოები გადაღებულია თბილისში, სამდღიანი ხეტიალის დროს, სმარტფონით Nokia 9 PureView.
ფოტოკრედიტი: ხატია თორდუა
ავტორი: ხატია თორდუა