10
Apr
2014

“ფოტოესე” – ახალი ქართული ინტერნეტ ჟურნალი

10 Apr 2014

Startauperi
Startauperi


ჟურნალი “ფოტოესე” ყოველთვიური ონლაინ გამოცემაა, რომელიც გლობალურ შემოქმედებით ეკოსისტემაზე მოგითხრობთ ამბებს.

ფოტოესსე

ჟურნალის მიზანია გაგიზიაროთ ისტორიები, თემები და ტექნოლოგიები, რომლებიც მუდმივად ვითარდება შემოქმედებით სამყაროში. ავტორების სურვილია მკითხველს გააცნონ ადამიანები საქართველოდან და მსოფლიოდან, რომელთა საქმიანობაც მრავალფეროვან და პროგრესულ ხედვას აერთიანებს. ინტერნეტ პორტალის პირველი ნომრის პრეზენტაცია/გაცნობა 4 აპრილს შედგა.

ჟურნალზე უფრო დაწვრილებით მარკეტერი მთავარ რედაქტორს დაუკავშირდა. გურამ მურადოვმა ჟურნალის მიზნები და სურვილები გაგვაცნო.

ვინ არის გურამ მურადოვი? გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენს შესახებ. (ოჯახი, ინტერესთა სფერო, ჰობი, მეგობრები, განათლება)

მე, გურამ მურადოვი, დავიბადე 1986 წელის 27 აპრილს, ვარ დაუოჯახებელი, მაგრამ მყავს საკმაოდ დიდი გურამ-მურადოვიოჯახი დედა, ძმა და ორი და. ჩემთვის ჰობი და პროფესია ორივე ერთად არის ფოტოგრაფია, მიყვარს ხატვა, გატაცებული ვარ კულინარიით.

თავისუფალ დროს ძირითადად მძინავს, ვატარებ დროს მეგობრების გარემოცვაში, ვცდილობ დავეუფლო რაიმე ახალს. მაგალითად, ბოლოს ვისწავლე ქსოვა. მიყვარს კინო და წიგნების კითხვა, მაგრამ ცოტა მოსაბეზრებელი მგონია, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები.

ვმუშაობ გაეროს ასაოციაციაში, ვარ მულტი მედია ედითორის პოზიციაზე. ასევე ვარ ჩართული ძალიან ბევრ პროგრამაში, რასაც გაეროს ასოციაცია ანხორციელებს. ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 13 რეგიონში ტრენინგების ჩატარებას მოიცავს. გვაქვს ახალგაზრდული კლუბები, სადაც ვატარებ ტრენინგებს. ყოველ წელს გვაქვს საზაფხულო სკოლა, სადაც „მულტი მედია ედითინგზე“ ლექცია-სემინარებს ვატარებ.

რაც შეეხება განათლებას. მთელი ბავშვობა ვემზადებოდი სამხატვრო აკადემიისთვის, მაგრამ როგორც ადრე ხდებოდა მშობლების ჩარევით ჩავაბარე კოლეჯში და გავხდი ინგლისური ენის სპეციალისტი. ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია და არც სურვილი მქონია.

როდესაც გავიზარდე მივხვდი, რომ ხელოვნება ეს იყო ის, რასაც უნდა გავყოლოდი. თუმცა, ფოტოგრაფიაზე არ მიოცნებია, მიზიდავდა მულტიპლიკაცია. ყოველთვის მინდა ვისწავლო ახალი. არ ვიცავ წესებს და მხოლოდ ერთ ჟანრზე და მიმართულებაზე არჩევანს არ ვაკეთებ. მე მაინტერესებს ფოტო რეპორტაჟიც, დოკუმენტური, მოდის ფოტოგრაფია, კონცეფტუალური ფოტოგრაფია, პეიზაჟი, კომერციული ფოტოგრაფია და პორტრეტი არის ჩემი ყველაზე საყვარელი მიმართულება.

შეგიძლიათ მოყვეთ იმ პერიოდზე, როდესაც მუშაობდით ხელფასისთვის და არა კარიერისთვის?!

2003 წელს დავიწყე მუშაობა მაკდონალდსში, ეს იყო ჩამი პირველი გამოცდილება. ვიყავი 16 წლის და სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. მომდევნო სამუშაო სამსახური იყო ვაკის საცურაო აუზი, ვიყავი ინსტრუქტორი. გამოვიცვალე სამსახური იმიტომ, რომ იქ უფრო უკეთესი ანაზღაურება შემომთავაზეს და ოჯახის რჩენის თვალსაზრისით ეს მაშინ იყო მთავარი. შემცირების შედეგად გამანთავისუფლეს და დავიწყე მუშაობა მიმტანად ერთ-ერთ ფრანგულ რესტორანში. 2005 წელს გაეროს აცოციაციის დამფუძნებელმა საქართველოში შემომთავაზა სტაჟირების დაწყება ამ ასოციაციაში. და სხვადასხვა დროს ვიყავი სხვადასხვა პოზიციაზე. ჯერ სტაჟიორად, შემდეგ Civil Georia-ში ფოტოგრაფად, პროგრამის კოორდინატორად, შემდეგ უკვე გადავედი ულდტი მედია ედითორის პოზიციაზე, მას შემდეგ აქ ვარ. გაეროს ასოციაციის პუბლიკაციების, გრაფიკული დიზაინის, ლოგოების, ვიდეო, ფოტო, საუნდი ყველაფერს ვაკეთებ მე.

გაიხსენეთ პროექტი, რომელმაც წარმატება მოგიტანათ?

პირველი წარმატებული პროექტი იყო ჟურნალ ბომონდის გადაღება, როდესაც სოფო ნიჟარაძე გადიოდა „ევროვიზიაზე“, მაშინ სოფოს გადავუღე ფოტოები, რომელიც გარეკანზე უნდა მოხვედრილიყო. შემდგომ ვიმუშავე მიუზიკლზე „ქეთო და კოტე“, “ვერის უბნის მელოდიებზე“, სწორედ ამ პროექტების დახმარებით მე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცნო.

მახსენდება რეპორტაჟი, რომელიც განთავსებულია civil Georia-ზე. მან ნამდვილი წარმატება მომიტანა. ეს იყო 9 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაღებული ფოტოები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ახალი მთავრობის პირობებში პირველი შეხვედრა გაიმართა. იმ დღეს მე დავიჭირე ისტორიული კადრი, რომელიც ძალიან სწრაფად გავრცელდა.

მახსოვს ვუყურებდი, ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაული, სიუჟეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო გადაღებული სადაც ანტლაქტიკური საბჭოს დირექტორს ხელში ჩემი ფოტო სურათი ეჭირა. მივხვდი, რომ ნამდვილად ისტორიული ფოტო იყო. ეს ფოტო ატლანტიკური საბჭოს არქივში ინახება, მე მათგან ფოტოს გადაღებისთვის მადლობის წერილიც მივიღე.

2012 წელს იყო პროექტი ფოტო-პოეზია, რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ციფრებს, ქალებსა და ლექსებს ერთმანეთთან. რა პრინციპით შეირჩნენ სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები?

ირინა ტორონჯაძემ გამოსცა ლექსების წიგნი. მას ქონდა სურვილი გაეკეთებინა ილუსტრაციები თავისი ფოტოებისთვის. ჩვენ ერთად ჩავრთეთ ჩვენი წარმოსახვის უნარი და იდეები. შემდეგ გავაკეთეთ ფოტო-პოეზიის საღამო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო ჩემთვის. რაც შეეხება კონცეფციას, ირინამ თავად შეარჩია 12 ლექსი, სადაც გამოხატული იყი ქალის ფიქრები, სურვილები, განცდები, ალბათ ამიტომ მივუძღვენით ქალებს. გამოფენა 8 მარტის აღსანიშნავად გაიმართა. პერსონაჟები ჩვენ ორივემ ერთად შევარჩიეთ ლექსების მიხედვით და ვთვლი, რომ ეს პროექტი შედგა.

მაშინ თქვენ პირობა დადეთ, რომ ირინა ტორონჯაძესთან ერთდ კიდევ ერთ პროექტს გააკეთებდით. შეასრულეთ ეს პირობა?

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ეს პირობა ჯერ კიდევ ძალაშია. ვფიქრობთ ფოტოს გარდა შესაძლებელია ვიდეო-არტის ჩართულობა. ეს ყველაფერი კი ჩემი და ირინას სურვილებზე და მონდომებაზეა დამოკიდებული.

როგორ გაჩნდა ახალი ინტერნეტ ჟურნალის იდეა? რატომ „ფოტოესსე“ და რომელ სეგმენტზეა ჟურნალი გათვლილი? რა სიხშირით გამოვა ინტერნეტ სივრცეში?

დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე ფიქრი ფოტოგრაფიის განვითარების შესახებ. ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო იმ ადამიანების პროფესიული ზრდა, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. მინდოდა გაგვეკეთებინა ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებდა ამ მიმართულებით. თუმცა მივხვდით, რომ ეს დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით გაჩნდა იდეა ბლოგის გაკეთების შესახებ, მოძიების შედეგად მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა ახალი და საინტერესო. ჯერ ვფიქრობდი მარტო, შემდეგ გავუზიარე მეგობრებს ასე შევიკრიბეთ 6 ადამიანი. საბოლოო ჯამში 3 ფოტოგრაფი და 3 ჟურნალისტისგან ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდი და გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ.

ნიშნავს თუ არა, რომ ქართულ რეალობაში უსიტყვო ურთიერთობის პრეცენდენტს შექმნით? რა თემებს მოიცავს ჟურნალი და რა გინდათ თქვათ ამ ჟურნალის დახმარებით?

ჟურნალი გამოვა თვეში ერთხელ. „ფოტოესსე“ მოიცავს სხვადასხვა ასაკისა და შეხედულებების მქონე ადამიანებს. ძალიან დიდ აქცენტ ვაკეთებთ დამწყებ ფოტოგრაფებზე და არა მარტო ამ სფეროს წარმომადგენლებზე. ჩვენი სურვილია წარმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებიც ხშირად კადრს მიღმა რჩებიან, მაგრამ ძლიან დიდი ნიჭის მატარებლები არიან. ჩვენ ვაძლევთ ბიძგს იმისთვის, რომ ისინი საზოგადოებამ გაიცნოს. რისი თქმა გვინდა? ჟურნალის პირველივე სტრიქონი დაიწყო ჩემი სიტყვებით „ყველაფერი იდეით იწყება“ და ფაქტიურად ეს აიტაცა საზოგადოებამ. ფაქტიურად ეს იყო ჩვენი სათქმელიც და სლოგანიც.

რა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული ჟურნლის წარმატება?

ძირითადი სირთულე ეს არის ჟურნალის მთავარი თემა. შემდგომი სირთულე – თემისა და ფოტოების გაერთიანება. ჩვენ მკითხველს უნდა გავაცნოთ ამბავი ფოტოებით. “დეპრესია, როგორც შთაგონების წყარო” – ეს იყო პირველი ნომრის თემაც. ჩვენ გვინდოდა ადამიანებს მოეყოლათ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენო დეპრესია საკუთარი თავის სასარგებლოდ.

გარკვეულ რისკებთან ხომ არ იყო დაკავშირებული ეს თემა პირველი ნომრის კვალობაზე?

თავდაპირველად ჩვენ შევარჩიეთ თემა „ჩვენი თაობა დეპრესიით ერთობა“. პირველ პრობლემას კი გადავაწყდით მაშინ, როდესაც რესპოდენტებთან დაკავშირება დავიწყეთ და გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრება. ჩვენ მივიღეთ უარი საკმაოდ ცნობილი ადამაინებისგან, რომლებსაც ეგონათ, რომ ჩვენ ირონიით ვუყურებდით მათ დეპრესიას. პასუხი იყო ის, რომ ისინი არ ერთობოდნენ დეპრესიით და ისინი იყვნენ ცუდად. თუმცა, ვეთანხმები იმ საკითხს, რომ დეპრესიის დროს არავის არ აქვს სურვილი იარონ ინტერვიუებზე და იპოზიორონ კამერის წინ. ყველას სხვადასხვა აღქმა აქვს დეპრესიაზე და ეს იყო მთავარი პრობლემაც.

ანუ, ეძებდით ადამინებს, რომელებიც იმ მომენტში დეპრესიაში იმყოფებოდნენ თუ ადამიანებს, რომლებსაც ზოგადად ახასიათებთ დეპრესია?

თავიდან ვეძებდით ადამინებს, რომლებიც დეპრესიაში იყვნენ. როდესაც რესპოდენტმა უარი გვითხრა და დეპრესიის გამო თავისი მდგომარეობა გაგვაცნო მივხვდით, რომ თემა უნდა შეგვეცვალა. ჩვენ არჩევანი გავაჩერეთ თემაზე „დეპრესია, როგორც შთაგონების წყარო“. ჩვენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, სხვადასხვა შეხედულებების მქონე პირები გვიყვებოდნენ რას ნიშნავდა მათვის დეპრესია და როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოიყენო საკუთარი თავის სასარგებლოდ.

პირველივე უარის მიღების შემდეგ თქვენ შეცვალეთ თემა. მეორე ნომრის შემთხვავაშიც იგივე ფაქტი, რომ განმეორდეს თქვენ ისევ თემას შეცვლით თუ შეეცდებით რესპოდენტის ნდობა მოიპოვოთ?

თავდაპირველი თემის გამო ჩვენ უამრავი პრობლემის წინაშე დავდექით რესპოდენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თანახმა იყო ჩვენთან ამ თემაზე ესაუბრათ მათ ვერ გაითავისეს დეპრესია, როგორც გართობის ერთ-ერთი საშუალება. ამიტომ ჩვენ უარის მიღების შემდეგ თემა შევცვალეთ. მომდევნო ნომრის თემა კი „ექსპერიმენტი” იქნება. მე გუნდის წევრებთან ერთად ვხვდები, რომ ეს ძალიან ვრცელი თემაა. შესაბამისად, ჩვენ ან ძალიან ბევრ მასალას დავაგროვებთ ან შესაძლებელია ჩვენ კვლავ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ.

ჩვენ ჩავსვით თემა “ჩარჩოში” და ამ ჩარჩოს ფარგლებში ჟურნალში გადმოგცემთ ექსპერიმენტს სხვადახვა ქალაქებიდან. უკვე ვიცით ვინ იქნება ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი. ეთნიკურად აზერბაიჯანელი, მცხოვრები ამერიკაში ფოტოგრაფი გამოგვიგზავნის ფოტოებს და ჩვენ ჩავწერთ მასთან ინტერვიუს. ქეთა ღვინეფაძე ჩვენი კრეატიული რედაქტორი ამზადებს ძალიან საინტერესო პროექტს. მომდევნო ნომერში იქნება გადმოცემული ქეთას ექსპერიმენტი, ის პირველად ფოტოებს ფირიანი ფოტოაპარატის მეშვეობით გადაიღებს. მეორე ნომერში ქეთას თვალით დანახული, სხვანაირი რაკურსით გადაღებული თბილისის ხედები იქნება გამოცემული.

ოფიციალური გვერდის გარდა „ფოტოესსე“ გავრცელდა სამ სოციალურ ქსელში, ფეისბუქისა და ტვიტერისგან განსხვავებით, ისტაგრამის მომხმარებლები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. მოგვიყევით ამის შესახებ.

ისტაგრამის მომხმარებლებისთვის სპეც-რუბრიკა გვაქვს. ამას ქვია ვებ 2.0 და ვუძღვნით იმ ადამიანებს, რომლებიც ისტაგრამში დიდ დროს ატარებენ. გარდა იმისა, რომ ისტაგრამის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ჩვენი ფოტოების ნახვის, ჩვენც ძალიან ბევრ ადამიანს „ვუთვალთვალებთ“ რაც გულისხმობს იმას, რომ მათი ფოტოები შეიძლება ჩვენ ინტერესში მოექცეს, მოგვიანებით კი ჩვენს ჟურნალში მოხვდეს, როგორც მისი ფოტო ასევე მასთან ჩაწერილი ინტერვიუ. ეს არ მოიცავს მხოლოდ ქართველ რესპოდენტებს ან ისტაგრამის მომხმარებლებს, ჩვენ უცხოელებსაც დავუკავშირდებით.

ამ რუბრიკის გარდა ერთ თემაზე გაერთიანებულია სხვადასხვა რუბრიკები, “მოდა-დიზაინერები”, “პორტრეტი”, მუდმივი რუბრიკა იქნება “სტუმარი”, სადაც მოვიწვევთ საინტერესო და ძირითადად უცხოელ ფოტოგრაფებს. ასევე, რუბრიკა – “დამწყები ფოტოგრაფი” და “დოკუმენტური ფოტოგრაფია”. ჩვენს ჟურნალში იქნება თვის რეპორტაჟი, სადაც გაერთიანებული იქნება თვის ყველაზე მნიშნველოვანი მოვლენები, როგორც პოლიტიკური ასევე კულტურული სიახლეები მოიყრის თავს. საინტერესო რუბრიკაა “25-ე გვერდი”, რომელიც არის 25-ე კადრიდან გამომდინარე. ამ რუბრიკას ვუძღვნით იმ ადამიანებს, რომელსაც ხშირად არ ან ვერ ვამჩნევთ და სინამდვილეში ისინი ძალიან დიდ როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში.

ვინ არიან გუნდის წევრები, როგორ შეირჩა 3 ფოტოგრაფი და 3 ჟურნალისტი? რა არის წარმატების მიღწევის საიდუმლო?

6 კაციან გუნდში გაერთიანებულია სხვადასხვა ხედვა, გამოცდილება, ურთიერთობები და ეს არის ძალიან საინტერესო. გადანაწილებული სხვადასხვა პოზიციები განსხვავებულ ჟანრში განსხვავებული ხედვით. ამ ახალი ნომრისთვის ვქმნით ერთობლივ პროექტს. ეს იქნება კოლაჟის თუ ფოტო მანიპულაციის სახით. საინტერესოა, როგორ გამოვა ჩვენი შერწყმა. ამ გუნდის დახმარებით ჟურნალი იქნება მრავალფეროვანი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული ამ პროცესში.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ინტერნეტ ჟურნალი გახდეს წარმატებული ბიზნესი?

ძალიან რთული საკითხია. დღეს მთელი გუნდი ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. გვინდა მოვიპოვოთ რეკლამა, დავიწყოთ თანხის მოძიება. ვქმნით პროექტებს, რათა მოვიპოვოთ გრანტები. თუმცა, დღეს ეს ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა. ამ ყველაფერს მარკეტინგულად, რომ მივუდგე ცოტა რთული დავალება მივეცით ჩვენ თავს. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ცნობილ ადამიანებზე მუშაობა, რათა ჟურნალი უკეთ გაიყიდოს. ჩვენი მიზანია მკითხველი კრეატიული იდეებითა და ჟურნალის ნომრებით მოვიზიდოთ.

და მაინც „ფოტოესსე“ ეს არის ხელოვნება თუ მარკეტინგული გათვლა?

ჩვენი გუნდის არცერთი წევრი დღეს კომერციული დაინტერესების მიზნით არ არის ჩართული ამ პროცესში, ეს ჩვენთვის კიდევ ერთი გატაცება და სიამოვნებაა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში ფოტოგრაფია დაუფასებელი შრომაა და ამ სფერო განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ, „ფოტოესსეს“ დახმარებით მოხდება უცნობი ხელოვანების წარმოჩენა.

რამდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ჟურნალმა სოციალურ ქსელსა და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში? არის თუ არა თქვენი გუნდი კმაყოფილი შედეგით?

ჯერ იყო პრეზენტაცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში და ძალიან გვიხარია. ფაქტიურად მოხდა დაფასება იმ შრომის, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ამ ჟურნალის დამზადებაში. სოციალურ ქსელებში ჩვენ 1000-ზე მეტი მოწონება დავიმსახურეთ. მასშტაბური რაოდენობით გვყავს საიტის ვიზიტორები, ანუ საზოგადოების ინტერესი დიდია, განსაკუთრებით პრეზენტაციის შემდეგ, როდესაც გავუშვით ჟურნალი ონლაინ. შედეგი, რომელიც მივიღეთ ახალი პროდუქტისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.

რას ურჩევთ და რას ჰპირდებით მკითხველს?

ასეთი ჟურნალი საქართველოში არ არსებობს. ვისაც სიამოვნებს კარგი და ხარისხიანი ფოტოების ნახვა, ვისაც სურს მიიღოს საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ თემაზე, გაიცნოს საინტერესო ადამიანები, თუ მკითხველი არის სიახლის ძიებაში, მაშინ „ფოტოესსე“ მათვის არის შექმნილი. მკითხველს ვპირდებით ხარისხს, საინტერესო თემებს და კრეატიულ იდეებს.

 http://photoessay.ge/about_us.html

განხილვა