Adobe-მ ფარდა ახადა თავის უახლეს Photoshop-ის ბეტა ვერსიას, რომელიც გაუმჯობესებული Generative Fill ფუნქციებით არის ხელმისაწვდომი. მათ შორის კი Reference Image-ის ხელსაწყოც შეგხვდებათ. ამის შესახებ კომპანიამ Max London-ზე განაცხადა და გვითხრა, რომ შემოქმედებითი შესაძლებლობები ახლა ყვენალაირი უნარის მქონე ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ამ ყველაფერს კი ახალი Firefly 3-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი გვთავაზობს, მომხმარებლებს აწვდის ხელსაწყოებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, მეტად დეტალური და მრავალფეროვანი ვიზუალური სტილი წარმოაჩინონ. სიახლეები მიღებული ბრძანებების უკეთ გააზრებასა დ,ა ზოგადად, სურათის ხარისხსაც შეეხება. ფოტორეალისტური რენდერების შექმნასაც მოიცავს გაუმჯობესებული განათებითა და პოზიციონირებით, მეტად დეტალური ტექსტის ჩვენებითა და სწრაფი დამუშავების პროცესით, რომელიც დინამიკური შემოქმედებითი კვლევის საშუალებას იძლევა.
„ამ მასშტაბურ ახალ განახლებას ფოტოშოფის კრეატიულობა უპრეცედენტო დონეზე გადაჰყავს, მიუხედავად იმისა, პროფესიონალი ხართ თუ სრულიად ახალი Photoshop-ში“, — აცხადებენ Adobe-ში.



ცარიელი ფურცლიდან დაწყებას Generate Image მნიშვნელოვნად გაამარტივებს, რომელიც ფოტოშოპს ისტორიაში პირველად შემატებს ტექსტის ხელოვნებად გარდაქმნის შესაძლებლობას. ამგვარად, შეძლებთ, იმუშაოთ ტილოზე, რომელიც სასურველი გრაფიკული გამოსახულებით იწყება, ეს კი, თავის მხრივ, თქვენი ტექსტური მოთხოვნისა და მასზე დამატებული შემდგომი აღწერილობების საფუძველზე ხდება.
რაც შეეხება Generate Background-ს, აქ AI-ს თქვენი პროექტისთვის სუფთა ფონის შესაქმნელად იყენებენ. შესაბამისად, ამისთვის აღარც ფოტოების ძიება გიწევთ და აღარც ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა.
ხოლო, თუ დიზაინის კონცეფციაზე ვერ შეჯერდით, აქ უკვე Generate Similar შეგიძლიათ, დაიხმაროთ. არსებულ სურათს შეისწავლის და სხვადასხვა ვარიაციას შემოგთავაზებთ. ასე კი შეგიძლიათ, განსხვავებულ ფერთა პალიტრებზე, ახალ კომპოზიციებსა თუ იდეებზე თამამად იმუშაოთ.
თუ გსურთ, რომ მეტი კონტროლი თქვენ ხელთ იყოს, Reference Image საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ფოტოებით დაიწყოთ შემოქმედებითი პროცესები — მაგალითად თქვენი პორტრეტი თუ მოგწონთ, მაგრამ არა უკან არსებული ფონი, Reference Image-ად შეგიძლიათ, გამოიყენოთ, დანარჩენს კი AI მიხედავს.
აქ არც Enhance Detail-ის ფუნქცია უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, რომელიც ფოტოს დეტალებს მეტად მკვეთრს ხდის.
ამასთან, Photoshop უფრო პრაქტიკულ ხელსაწყოებსაც შესთავაზებს მომხმარებლებს, მათ შორისაა Adjustment Brush, რომელიც კონკრეტული ადგილების შესწორების საშუალებას იძლევა, Font Browser, რომელიც Adobe-ს 25 000 შრიფტს შემოგვთავაზებს და Adjustment Presets, რომელიც სწრაფი ეფექტებისთვის გამოგადგებათ.
როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული ფუნქციები Photoshop-ის დესკტოპ ბეტა აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო გლობალურად ჩაშვება უკვე შემდგომი წლისთვის იგეგმება…