ახლა ჩვენ Generative Expand-ზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ფოტოშოპის ბეტა ვერსიაში იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გააფართოონ ან, პირიქით, შეამცირონ სურათები Crop ხელსაწყოს დახმარებით. მას შემდეგ, რაც Generate-ის ღილაკს დააჭერთ, იგი არსებულ თეთრ სივრცეს AI-ს მიერ გენერირებული კონტენტით შეავსებს.
„დავუშვათ, რომ ფოტოზე არსებული საგანი მოჭრილია, ფოკუსი იმ ობიექტზე არ არის, რომელზეც გსურდათ ან თუნდაც არასწორად ერწყმის სურათის სხვა ნაწილებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ Generative Expand, არსებული მასშტაბის გასაფართოებლად და გამოსახულებას ისეთი სახე მისცეთ, როგორიც წარმოგედგინათ“, — აცხადებენ Adobe-ში.
გამოდის, ამ ხელსაწყოთი იმ მეგობრებსაც გავუმკლავდებით, რომლებიც „ცუდ“ ფოტოებს გვიღებენ ხოლმე… შესაძლოა, ეს უბრალოდ ღილაკზე დაკლიკებით ან სასურველი ტექსტის შეყვანით მოახერხოთ. AI-ს მიერ გენერირებული კონტენტი კი ფოტოშოპს ახალი ფენის სახით დაემატება და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად გადაწყვიტონ, დაამატონ თუ არა იგი.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ Generative Expand გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში სიახლე არ არის — OpenAI მას DALL-E 2-ის მეშვეობით უკვე დიდი ხანია გვთავაზობს, მაგრამ გაფართოების ფუნქციის ფოტოშოპში ინტეგრირება, იმის გათვალისწინებით, რომ Adobe-ს მსოფლიოს მასშტაბით 29 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ნამდვილად სტრატეგიულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.