in

Phubber-ისა და თაკო ნაცვლიშვილის წარმატებული თანამშრომლობა

გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილე ნომინაციაში „ბიზნეს თანამშრომლობისთვის“

„შეცვალე შენი ქცევა დღეს“ – ეს არის ელ.კომერციის, მოდის ტექნოლოგიური პლატფორმა „ფაბერის“ სლოგანი, რომელიც, ამავდროულად, ზუსტად ასახავს მდგრადი მოდის იდეასა და შინაარსს – რაც შეიძლება, ნაკლები ნარჩენი და ნივთების რაც შეიძლება მრავალჯერადი, ხანგრძლივი გამოყენება.

მდგრადი მოდა დიდი ხანია, მსოფლიოში სწრაფი მოდის პარალელურად ვითარდება. ჯანსაღ გარემოზე, ეკოლოგიაზე ორიენტირებულობით, ის ცდილობს მოდის მოყვარულთა ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით. საქართველოში მდგრადი მოდის განვითარებაზე ზრუნვა მარკეტინგულმა და ტექნოლოგიურმა პლატფორმა „ფაბერმა“ დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ თემაზე ხმამაღლა საუბრით, სოციალური მედია აქტივობებით, საკუთარი მაგალითით მომხმარებლისთვის ცნობიერების ამაღლებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. კომპანიას სურს, რომ საზოგადოებაში მდგრადი მოდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი, რისთვისაც თიბისის ბიზნესდაჯილდოების პლატფორმა კარგი საშუალებაა.

სწორედ მდგრადი მოდის იდეაა ის მთავარი ღირებულება, რამაც „ფაბერი“ და ცნობილი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი გააერთიანა და რის გამოც კომპანიის დამფუძნებლებმა თაკო „ფაბერის“ ამბასადორად დაასახელეს.

„მდგრადობაზე ხმამაღლა, გაბედულად ლაპარაკი მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ვნახეთ, რა მასშტაბი შეიძინა ჩვენმა პლატფორმამ, რომელზეც ადამიანები ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს ყიდის და ყიდულობენ. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ გარემო ნებისმიერი მეთოდით, მათ შორის, მოდით, იმით, რომ ნივთებს ჩვენი გარდერობებიდან კი არ გადავყაროთ, არამედ გავახანგრძლივოთ მათი სიცოცხლე, რითაც შევამცირებთ ახალი ნივთების წარმოებას და, მაშასადამე, ამისთვის საჭირო რესურსების გაფლანგვას. მდგრად მოდაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდები დიდი ხანია საუბრობენ. მდგრადი მოდის პოპულარიზაციისთვის ჩვენ გვჭირდებოდა ხმა, რომელსაც ექნებოდა გავლენა და და ნდობა. თაკო ნაცვლიშვილი, რომელსაც იცნობს მსოფლიო, „ფაბერის“იდეებს თავიდანვე იზიარებდა და იყო ჩვენი მომხმარებელიც. გარდა იმისა, რომ ცნობილი მოდელია, ის არის მდგრადი მოდის აქტივისტიც, აქვს ამ მიმართულებით განათლება, ამიტომ მასთან კოლაბორაცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რამაც თავისი შედეგი უკვე მოიტანა“, ამბობს „ფაბერის“ კრეატიული დირექტორი კესო ლელუაშვილი.

„ფაბერისა“ და თაკო ნაცვლიშვილის თანამშრომლობა 2021 წლის მაისში დაიწყო. ექვსთვიანი კოლაბორაციის მიზანი მოდასთან, მის ცირკულაციასთან, ეკომეგობრულობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების განხორციელებაა.

ამ მიმართულებით, „ფაბერმა“ და თაკომ უკვე განახორციელეს რამდენიმე პროექტი, რაც მათი წარმატებული თანამშრომლობის სოციალურ და მარკეტინგულ შედეგს ადასტურებს. კესო ლელუაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესდაჯილდოების ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისათვის „ფაბერისა“ და თაკოს კოლაბორაციის წარდგენა, ერთის მხრივ, დიდი სტიმულია გუნდისთვის, რადგან ასეთი მასშტაბის კონკურსში მონაწილეობა მათი ერთობლივი შრომის შედეგის პრეზენტაციის კარგი საშუალებაა. მეორეს მხრივ კი, „ფაბერს“ სურს, სხვა ბიზნესებსაც აჩვენოს, რამდენად წარმატებული და, ამავდროულად, სასიამოვნო შეიძლება იყოს სწორად შერჩეულ პარტნიორთან ურთიერთობა როგორც ფინანსურად, ასევე იმიჯის თვალსაზრისით.

„მწვანე საუბრები“ ერთ-ერთი ასეთი პროექტია, რომელიც „ფაბერისა“ და თაკო ნაცვლიშვილის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და რომელშიც მოდერატორი – თაკო ნაცვლიშვილი – და მრგვალ მაგიდასთან შეკრებილი მოდის სხვა აქტივისტები ეკოლოგიაზე, ნულოვან ნარჩენებზე და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე საუბრობენ. Reuse, Resell, Repeat – „ფაბერისა“ და თაკოს კიდევ ერთი ერთობლივი კამპანიის მთავარი მესიჯია, რომლის მიზანიც პოლიეთილენის პარკების მრავალჯერადი ჩანთებით ჩანაცვლებაა. ცნობიერების ამაღლების, მოდის მდგრადი და ცირკულარული მომავლის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის გარდა, კამპანია ახალი პროდუქტის – მრავალჯერადი გამოყენების კომფორტული ჩანთების შექმნასაც გულისხმობდა.

საგანმანათლებლო – სოციალური მედიააქტივობები „ფაბერისა“ და თაკოსთვის მომხმარებელთან ურთიერთობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა.

„Thrifting თაკოსთან ერთად“ – ამ სოციალური მედიააქტივობით „ფაბერს“ და თაკოს სურდათ, მომხმარებლისთვის მდგრადი შოპინგის სხვადასხვა საშუალებები გაეცნოთ.

კესო ლილუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე თვიანმა თანამშრომლობამ უკვე გამოიღო შედეგი, ყველა მიმართულებით:

„ამ კოლაბორაციის შემდეგ გაიზარდა მოთხოვნაც და მიწოდებაც ნივთებზე, რომლებსაც სთავაზობს ჩვენი პლატფორმა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია როგორც თავად „ფაბერისთვის“, ასევე მომხმარებლისთვისაც, რომელსაც ჩვენი პლატფორმის საშუალებით გაუჩნდა საკუთარი ყოველთვიური შემოსავალი. შემოგვიერთდა ბევრი ახალი მომხმარებელი. ჩვენი პლატფორმა თავიდანვე გულისხმობდა საგანმანათლებლო-შემეცნებით ხასიათს, თუმცა ამ კოლაბორაციამ ეს მიმართულება უფრო მასშტაბური გახადა. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მრავალჯერადი ჩანთების წარმოების პროექტიც. თითქმის ყველამ, ვინც ეს ჩანთა იყიდა, შემდეგ სოც. მედიაში განათავსა ჩანთის ფოტო ჰეშთეგით, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და იდეებს, გაიგეს ჩვენი მესიჯი – „შეცვალე შენი ქცევა დღეს“, გადადგეს ნაბიჯი და, რაც მთავარია, მოსწონთ ეს ქცევა და პროდუქტიც. სასიამოვნოა ისიც, რომ ბევრმა სხვა ბრენდმაც დაიწყო მდგრადობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და ხმამაღლა ლაპარაკი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიდწილად „ფაბერის“ გავლენაა, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა.“

„ფაბერისა“ და თაკოს თანამშრომლობა არ დასრულებულა. წინ ბევრი საინტერესო გეგმა და პროექტია, რომელიც კომპანიას თავის მომხმარებელთან კიდევ უფრო დააახლოებს.

უახლოეს მომავალში, „ფაბერი“ უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება, შემდეგ კი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გაიჩენს მომხმარებელს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი უჩვეულო სიგნალები დააფიქსირეს

Europcar Georgia-ს, მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის, Rising Star-ის სტატუსი მიანიჭეს!