in

თაკო ნაცვლიშვილი, მდგრადი მოდის მიმართულებით, „ფაბერის“ ბრენდის ელჩი გახდა!

„მისია, რომელიც ჩვენ, „ფაბერმა“ და თაკომ დავისახეთ, საკმაოდ რთულია, მაგრამ გვჯერა, რომ ერთად შევცვლით მოდის მომავალს და დაფიქრებული, გააზრებული ქცევების ხარჯზე ბრუნვადი მოდის ნაწილი გავხდებით!“

ადამიანები თავიანთი გარდერობის, დაახლოებით, 80%-ს არ იყენებენ. შედეგად კი, ამ გამოუყენებელი სამოსის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ნაგავსაყრელებზე ხვდება. რაოდენობრივად, ასეთი ნივთები, ყოველწლიურად, მილიონობით ტონას შეადგენს.

მოდის ინდუსტრია და სწრაფი მოდა მეორე ადგილზეა, გარემოს დაბინძურების კუთხით. მაჩვენებლები დღითი დღე უარესდება და ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება.

ამ რეალობის შესაცვლელად, ქართველი ტოპმოდელი, თაკო ნაცვლიშვილი, ამჯერად, „ფაბერის“ ბრენდის ელჩის სტატუსით მოგვევლინა იმისთვის, რომ მდგრად მოდას პოპულარიზაცია გაუწიოს.

თავის მხრივ, „ფაბერის“ ბიზნესმოდელი ხომ მდგრად, ბრუნვად მოდას ეყრდნობა და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებენ, გაყიდონ და მათ მეორე სიცოცხლე შესძინონ.

ასე, „ფაბერის“ ბრენდის ღირებულებებისა და თაკო ნაცვლიშვილის ცოდნისა და ინტერესების თანხვედრით, ამ ორ მხარეს შორის, გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმება შედგა.

თაკო ნაცვლიშვილი: „პირველი თანამშრომლობა „ფაბერთან“ მაშინ დაიწყო, როდესაც „ინსტაგრამის“ მეშვეობით, ე.წ. Takeover გავაკეთეთ, სადაც ჩემი დიდი სურვილი იყო, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის მდგრადი მოდა, მესაუბრა. რადგან მოდის მარკეტინგს ვსწავლობ, ეს თემა ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. მიმაჩნია, რომ დღეს, მოდის ინდუსტრიაში, ამ კუთხით, ბევრი რამ არის შესაცვლელი და განსავითარებელი. „ფაბერთან“ ამ თემაზე თანამშრომლობა ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, ვინაიდან მისი ბიზნესმოდელი პირდაპირ კავშირშია მდგრადი და ეკომეგობრული მოდის განვითარებასთან, რაც ჩემს ღირებულებებსა და ინტერესებთან თანხვედრაშია“.

ანანო დოლაბერიძე, „ფაბერის“ თანადამფუძნებელი: „ფაბერის“ ბიზნესმოდელი, ჩაშვების პირველივე დღიდანვე დაშენდა მდგრადი, ბრუნვადი მოდის ღირებულებაზე. Resale – დღევანდელობის უდიდესი ტრენდია, ძალიან სწრაფად მზარდი, რომელიც მალე 64 მილიარდ დოლარს მიაღწევს და უახლოეს წლებში სწრაფ მოდასა და LUXURY ბიზნესს გადაუსწრებს. „ფაბერი“ საშუალებას გვაძლევს, უკვე შექმნილ, წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა გავზარდოთ და პირიქით, ახალზე მოთხოვნა შევამციროთ. სწორედ იმიტომ, რომ „ფაბერის“ უმთავრესი მიზანი მოდის მდგრადი განვითარებაა, ძალიან დიდხანს გვინდოდა კომუნიკაციის ამ მიმართულებით დაწყება. აპლიკაციის ჩაშვების პირველივე დღიდან, რაღაც განსაკუთრებულს, მნიშვნელოვანს ველოდით, რომ ეს გზავნილი საზოგადოებამდე სწორად და ხარისხიანად მიგვეტანა. ამიტომ, როდესაც თაკოს, 2020 წელს, ინიციატივა გაუჩნდა, მდგრადი მოდის მიმართულებით წაეყვანა „ფაბერის“ სთორის თეიქოვერი, ამ საკითხს ჩავეძიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ  ეს ის თემაა, რომელიც ორივე მხარეს გულწრფელად გვადარდებს, გვაფიქრებს და გვიბიძგებს იმისკენ, რომ მდგრადი მოდის მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“.

მისია, რომელიც ჩვენ, „ფაბერმა“ და თაკომ დავისახეთ, საკმაოდ რთულია, მაგრამ გვჯერა, რომ ერთად შევცვლით მოდის მომავალს და დაფიქრებული, გააზრებული ქცევების ხარჯზე ბრუნვადი მოდის ნაწილი გავხდებით, – ანანო დოლაბერიძე.

თაკო ნაცვლიშვილი: „როდესაც მოდელობა დავიწყე, ეს თემა ამდენად აქტუალური არ იყო და ყველაფერი უნაკლო და იდეალური მეჩვენებოდა. თუმცა მერე მივხვდი, რომ სწრაფი მოდა არც ისეთი ლამაზი და უვნებელი ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ამ ყველაფრის მიღმა ძალიან დიდი პრობლემებია, რომელიც გარემოს დიდ ზიანს აყენებს და ჯერ კიდევ, ძალიან ბევრი ნაბიჯი არის გადასადგმელი მოდის ინდუსტრიის შეცდომების გამოსასწორებლად.

მდგრადი მოდის განვითარება არ უნდა იყოს დამატებითი ღირებულება კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის. მდგრადი მოდა არის ის, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს და ზიანს აცილებს ადამიანებსა თუ ცხოველებს. ზოგადად, ჩვენს პლანეტას…

მნიშვნელოვანია, რომ ეკომეგობრული მოდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამისთვის კი, საჭიროა სწრაფი მოდის ბრენდების აქტიური ჩართულობა, ვინაიდან ეკომეგობრული და მდგრადი ბიზნესმოდელის გარეშე, არცერთი კომპანიის მომავალი არ წარმომიდგენია. თუმცა აქვე, მომხმარებლების როლიც უნდა აღვნიშნო. მათ ისეთი სიტუაცია უნდა შექმნან, რომ მოდის სახლები იძულებულები გახდნენ, უფრო სერიოზული და სიღრმისეული ნაბიჯები გადადგან ჯანსაღი მოდის სისტემისკენ. როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი გააცნობიერებს მოდის ზეგავლენით წარმოშობილ რეალურ საფრთხეებს, როგორიც არის გარემოს მკვეთრი დაბინძურება და კლიმატის ცვლა, აუცილებლად შეიცვლება მათი ქცევა და ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იქამდე, რომ მოდის ინდუსტრიაში ბევრად პასუხისმგებლობიანი და მდგრადი ბიზნესმოდელი იმუშავებს“.

კესო ლელუაშვილი, „ფაბერის“ კრეატიული დირექტორი: „თაკოს მოდის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და რაც მთავარია, განათლება აქვს მიღებული მდგრადი მოდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა ამ თემაზე სასაუბროდ, მაქსიმალურად, ორგანული და ცნობიერების ამაღლებაზე კონცენტრირებული იქნება.

გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი: Green Round Table Talks, ვებინარები, „ფაბერის“ „ინსტაგრამის“, „ფეისბუკისა“ და YOUTUBE-არხის საშუალებით, სხვადასხვა საინტერესო პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, კონკრეტული რჩევები და მიმართულებები მივცეთ საზოგადოებას მაგალითად იმაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში რა შეგვიძლია, შევცვალოთ, რა არის ის პატარ-პატარა გააზრებული გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში სწორ და სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს.

რაც შეეხება მიმდინარე მოცემულობას, საქართველოში მდგრადი მოდის მიმართულებით, ცნობიერება საკმაოდ დაბალია. თუნდაც, ჩვენი მომხმარებლები, თითოეული აქტივობით, მდგრადი მოდის მიმდევრები არიან და ამას ბევრი ჯერ ვერც აანალიზებს.

ბრუნვადი მოდა – ანუ ნივთის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება „ფაბერის“ ბიზნესმოდელის განუყოფელი ნაწილია, რადგან ჩვენს პლატფორმაზე 10,000-ობით მეორად ნივთს ყიდულობენ და ყიდიან. ამავდროულად, ჩვენი მიდგომა ეწინააღმდეგება პლატფორმაზე ყალბი და ბუნებრივი ბეწვის პროდუქციას.

ჩვენი მიზანია, ადამიანების ყოველდღიური ქცევა და მიდგომა, მდგრადობის თემასთან დაკავშირებით, შევცვალოთ. დავეხმაროთ მათ, გააცნობიერონ, რომ მოდის მომავალი ბრუნვადია და მათ შეუძლიათ, ამ პროცესის მონაწილეები გახდნენ, – კესო ლელუაშვილი.

ფაბერის შესახებ

„ფაბერი“ მოდის მარკეტფლეისია, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ, მათთვის გამოუსადეგარი, არასასურველი ნივთები გაყიდონ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, „ფაბერის“ მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა ნივთს ამ პლატფორმაზე ყიდულობენ, ხშირად, კვლავ „ფაბერზე“ ყიდიან ხოლმე შეძენილ სამოსსა თუ აქსესუარებს. სწორედ ეს არის მდგრადობა, ეს არის მოდის მომავალი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ „ფაბერი“ ნებისმიერი ნივთის ხარისხს აკონტროლებს და ბრენდის ავთენტურობას ადგენს.

რამდენიმე თვის წინ, „ფაბერის“ შოურუმიც გაიხსნა – Phubber Consignment – LUXURY RESALE, სადაც მომხმარებლები, „ფაბერის“ კონსიგნორები ძვირადღირებულ, მაღალი კლასის გამოყენებულ ბრენდებს აბარებენ. „ფაბერის“ გუნდი კი, ამ ნივთებს ხელახლა აცოცხლებს.

ნინო სურმავა “Anadolu Efes“-ის საერთაშორისო მარკეტინგის სუპერვაიზერი გახდა

EA Sports-ის საჩუქარი ბეისბოლის მოყვარულებს