in

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი ფიზიკური აქტივობა?

ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. ფიზიკური აქტივობის სახეები მრავალია, თუმცა, როგორც წესი, ინდივიდები თავად წყვეტენ, რომელი ფიზიკური აქტივობა შეეფერებათ მათ. ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, სწორედ ამ სახეების შესახებ გიამბოთ.

განსაზღვრეთ თქვენი ფიზიკური აქტივობის სტილი

პირველ რიგში, დაფიქრდით, ორგანიზებულად ვარჯიში გირჩევნიათ, თუ ისე – როგორც თქვენთვის და თქვენი გრაფიკისთვის იქნება კომფორტული? ინდივიდუალურად ვარჯიში უფრო მოგწონთ, თუ ჯგუფურად?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, უნდა დაფიქრდეთ, ფიზიკური აქტივობის რომელი ტიპი მოგწონთ აქედან:

ინდივიდუალურად ვარჯიში – თუკი თვითმოტივირებული ხართ, მაშინ ამგვარად ვარჯიში კარგი ვარიანტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გრაფიკი დატვირთული გაქვთ და ფიზიკური აქტივობის დროის განსაზღვრა თავადვე გირჩევნიათ.

მეგობარი, რომელთან ერთადაც ივარჯიშებთ – მსგავსი პარტნიორი დაგეხმარებათ, ყოველდღიურად დაიცვათ სავარჯიშო რუტინა. თუკი საკუთარ თავთან ამ პრობლემას აწყდებით, მაშინ “ვარჯიშის მეგობარი” კარგი ვარიანტია მოტივაციის ასამაღლებლად.

გუნდური სპორტი/ფიზიკური აქტივობის ჯგუფური პროგრამები – ორგანიზებული საქმიანობა საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ თქვენი სოციალური წრე, თუკი ამის სურვილი გაქვთ.

მიქსი – ზოგ ადამიანს მოსწონს ორი ან სამი ვარიანტის შერწყმა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მარტო ვარჯიში კვირაში ორ ან სამ დღეს, და კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ივარჯიშოთ მეგობართან ერთად ან მონაწილეობა მიიღოთ გუნდურ სპორტში.

შეარჩიეთ ფიზიკური აქტივობა თქვენი ჯანმრთელობის მიზნის შესაბამისად

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა თქვენთვის კარგია, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა განსხვავებულ შედეგებს იძლევა. თქვენი ჯანმრთელობის მიზნების განსაზღვრა ხელს შეგიწყობთ, განსაზღვროთ თქვენთვის სწორი აქტივობაც.

მაგალითად, სხეულის დატვირთვა, როგორიცაა: სიარული, სირბილი, წონაში ვარჯიში ან ველოსიპედით სეირნობა კარგი არჩევანია წონის მართვისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობენ კალორიების დაწვას.

რჩევები ფიზიკური აქტივობის არჩევის შესახებ

შეეცადეთ აირჩიოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც გსიამოვნებთ და რომელიც შეესაბამება თქვენს ცხოვრების წესს. შემოთავაზებები მოიცავს:

  • თუკი ამინდი გაწუხებთ (სიცხე ან სიცივე), შეარჩიეთ ისეთი აქტივობა, რომელსაც შიდა სივრცეში განახორციელებთ.
  • სიამოვნება სავარჯიშო გეგმის შესრულების გასაღებია. შეარჩიეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მოგეწონებათ და გესიამოვნებათ. გაიხსენეთ, ბავშვობაში რა გსიამოვნებდათ (მაგალითად ველოსიპედით სიარული, კალათბურთი და ა.შ). შესაძლებელია ეს დაგეხმაროთ ამჟამინდელი აქტივობის შერჩევაში.
  • გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი. ზოგიერთ ფიზიკურ საქმიანობას, მაგალითად, სათხილამურო ტრასას ან ნაოსნობას, შეიძლება დიდი ფინანსური რესურსი დასჭირდეს.
  • იყავით რეალისტები თქვენი ამჟამინდელი ჯანმრთელობისა და ფიტნესის დონის შესახებ. თუ დამწყები ხართ, თავდაპირველად შეარჩიეთ უფრო მსუბუქი ალტერნატივა.

აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე ფიზიკურ აქტივობას, მათ დადებით და გასათვალისწინებელ მხარეებს:

ველოსიპედით სიარული

უპირატესობები – ველოსიპედით სირარული უამრავ კალორიას წვავს და აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ის ასევე შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სატრანსპორტო საშუალება.

გასათვალისწინებელი საკითხები – კარგი ხარისხის ველოსიპედი შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა თუკი დამწყები ხართ, მასზე ბევრი ფულის დახარჯვას არ გირჩევთ. თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ ველოსიპედის ცვეთის ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში გამოასწოროთ ის. აუცილებელია დამცავი აღჭურვილობა (ჩაფხუტის ჩათვლით).

სპორტ-დარბაზის წევრობა

უპირატესობები – სპორტული დარბაზები აღჭურვილობის ფართო სპექტრს გვთავაზობენ და ხშირად გვთავაზობენ კლასებს, როგორიცაა აერობიკა ან პილატესი. თქვენი წევრობის სრულად გამოყენებამ უნდა მოგცეთ უამრავი შესაძლებლობა, გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობისა და ფიტნესის სრულფასოვნება. ინსტრუქტორები მზად უნდა იყვნენ, რომ დაგეხმარონ აღჭურვილობის სწორად გამოყენებაში და შეამცირონ დაზიანებების რისკი.

გასათვალისწინებელი საკითხები – სპორტული დარბაზის წევრობა შეიძლება იყოს ძვირი და ისინი შეიძლება იყოს ძალიან დატვირთული პიკის პერიოდებში, მაგალითად სამუშაოს დასრულების შემდეგ. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ხალხის წინაშე ვარჯიშის უხერხული შეგრძნება ან შიში გქონდეთ, გაიგეთ, როდის არის დარბაზი ნაკლებად დატვირთული.

სირბილი

უპირატესობები – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი გულსისხლძარღვთა ფიტნესის ასამაღლებლად და უამრავი კალორიი დასაწვავად. აღჭურვილობის საჭიროება მინიმალურია, თუმცა გირჩევთ შეიძინოთ კარგი წყვილი ფეხსაცმელი.

გასათვალისწინებელი საკითხები – სირბილთან დაკავშირებული დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს სხეულის მთლიანი სახსრების, იოგების, მყესების და კუნთების დიდი დატვირთვით.

ცურვა

უპირატესობები – ცურვა არის დაბალი გავლენის მქონე საქმიანობა. ცურვის დროს  კუნთოვანი დაზიანების რისკი მცირეა. ცურვა ვარჯიშის იდეალური ფორმაა ადამიანთა უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით სუსტი, მოხუცი ან ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.

გასათვალისწინებელი საკითხები – ცურვა სწავლადი უნარია. ცურვა არ არის ძალიან დატვირთული ფიზიკური აქტივობა, განსხვავებით ისეთი საქმიანობისგან, როგორიცაა სიარული ან სირბილი, თქვენ არ გააძლიერებთ ძვლებს ან დაწვავთ ბევრ კალორიას მისი მეშვეობით.

სიარული

უპირატესობები – სიარული იდეალური ვარჯიშია, განსაკუთრებით დამწყებთათვის. ეს არის უფასო, მარტივად შესასრულებელი და არ საჭიროებს სპეციალურ სწავლებას ან აღჭურვილობას კარგი წყვილი ფეხსაცმლისა და ქუდის გარდა. თქვენ შეგიძლიათ სიარული მარტო, მეგობართან ერთად ან შეგიძლიათ შეუერთდეთ ჯგუფს.

გასათვალისწინებელი საკითხები – ზოგი ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს ქუჩაში მარტო სეირნობისას. გახსოვდეთ, რომ არსებობს ალტერნატივები, მაგალითად, კომპანიონთან ან ჯგუფთან ერთად სიარული.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Twitter-ის აუდიო ოთახებში ბილეთის გაყიდვა და თანხის გამომუშავება შეგიძლიათ!

ბისერებით შექმნილი ცხოველები – ფრანგი არტისტის ახალი სერია