in

რას გულისხმობს ჰუმანური AI და როგორია Pi მოდელი?

შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის ჩვეულებრივ მიმდევრებს მუსტაფა სულეიმანის სახელი აქამდე არც გაუგიათ, არადა იგი AI სივრცის პიონერია იმ წამიდან, როცა DeepMind თავის ბავშვობის მეგობარ დემის ჰასაბისთან ერთად 2020 წელს დააფუძნა. სიმართლე ის არის, რომ სულეიმანი ჰასაბისის ჩრდილში ცხოვრობდა, თავდაპირველად DeepMind-ში მუშაობდა და მას შემდეგაც, რაც გუგლმა სტარტაპი შეიძინა. ახლა კი მუსტაფა ჩრდილიდან გამოსვლას აპირებს… აქ მოგიყვებით, რა ხდებოდა DeepMind-ში ადრე, რატომ დატოვა გუგლი სულეიმანმა და რას გულისხმობს ჰუმანური Pi.

Inflection AI მუსტაფას მიერ შექმნილი ახალი კომპანიაა, რომლის წარმატებისთვისაც ამ სფეროში ძალიან კარგი სახელი და საკმაოდ შეძლებული მეგობრებიც საკმარისი აღმოჩნდა. ახალი კომპანია LinkedIn-ის მილიარდერ რეიდ ჰოფმანთან ერთად დააარსა. ისინი ემოციურად ინტელექტუალურ პერსონალურ ასისტენტს Pi-ს გვთავაზობენ, რომელსაც სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ხელოვნურ ინტელექტზე. 

მუსტაფამ ამ ახალი პროდუქტის აღსანიშნავად ახალი წიგნი Coming Wave გამოუშვა, რომელშიც საუბრობს, როგორ შეცვლის AI ჩვენს ცხოვრებას. ამ წლის დასაწყისში Pi-ის გამოჩენით უკვე ცხადი იყო, რომ იგი განსხვავებულ ფოკუსს გვთავაზობდა, ცალკეული მომხმარებლების საჭიროებებზე აკეთებდა აქცენტს, მათ პერსონალური და ემპათიური გზით ესაუბრებოდა და მომხმარებელთა შესახებაც სწორედ საუბრებზე დაფუძნებით იგებდა. 

ეს ახალი ეპოქის დადგომას ნიშნავს, ეს თქვენი ციფრული ცხოვრების თქვენთან ერთად ტარების მსგავსი იქნება. შეინახავთ მრავალ შემოქმედებით თუ ბრეინშტორმინგის მომენტს, პერსონალურ ინფორმაციასა და ნებისმიერ რამეს, რაც გსურთ, რომ თან გქონდეთ, — განმარტავს სულეიმანი.

Pi Siri-სა და Google Assistant-ის როლსაც შეითავსებს, დაგეხმარებათ ყველაფრის ორგანიზებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში, ფიქრში, შექმნასა და დღის დაგეგმვაში. შედეგად, ბევრად მეტიც ეცოდინება თქვენზე — ეცოდინება ის ფაქტები, რომლებიც უნიკალური და მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, უფრო გრძელ და დეტალურ პასუხებსაც მოგაწვდით, თქვენს მასწავლებლადაც კი შეიძლება იქცეს, რომელიც სილაბუსს გაგაცნობთ. მომდევნო წელს კი Pi-ს იმის განსაზღვრაც შეეძლება, თუ როგორ მოიქცეს თქვენ ადგილზე და როგორ შეასრულოს მრავალეტაპიანი ამოცანები. 

როგორც ამბობენ, ე. წ. ჰუმანური პროდუქტის ემოციური ინტელექტი და მომხმარებელზე ფოკუსირება სულეიმანის ზოგად მიდგომას ასახავს ხელოვნური ინტელექტისადმი, რაზეც დიდი გავლენა მისმა ოჯახმა იქონია… სულეიმანი ოქსფორდში ფილოსოფიის შესასწავლად წავიდა და სწორედ აქ დაიწყო ჩამოყალიბება ტექნოლოგიებისადმი ჰუმანურმა მიდგომამაც. თავის წიგნშიც ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს სრულად ვერც ტექნოლოგიური და ვერც ფილოსოფიური ტერმინებით გავიაზრებთ, მას ადამიანის უნიკალური ქმნილების მსგავსად უნდა შევხედოთ, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს კაცობრიობაზე მრავალი გზით.

ზემოთ რომ გითხარით, DeepMind ბავშვობის მეგობართან ერთად დააარსაო, თავიდან აქ წარმატებას ისეთი ალგორითმების შექმნით მიაღწიეს, რომლებიც სისტემებს პოპულარული ვიდეო თამაშების მოგებას ასწავლიდა. მათი ადრეული მიდგომები ნამდვილად უნიკალური იყო და, ალბათ, სწორედ ამიტომ შეიძინა იგი გუგლმა 650 მილიონ დოლარად. Google-ის მმართველობის ქვეშ კი მუსტაფას გუნდმა დაახლოებით 50 AI პროექტი ჩაუშვა 6 მთავარ პროდუქტის ჯგუფში…

Bard-ის ჩეტბოტის ადრეულ მოდელებზეც სულეიმანი მუშაობდა, LaMDA-ს დიდ ენობრივ მოდელზეც, AI ჰალუცინაციებისგან თავის დაღწევის გზასაც მან მიააგნო. იმდენი მოახერხა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ჩვეულებრივი საუბარი შესაძლებელი ყოფილიყო და ეს მხოლოდ საკვანძო სიტყვებს არ დაჰფუძნებოდა. ამ პროდუქტის წარმატება ცალსახა იყო მუსტაფასთვის, თუმცა გუგლმა AI ინტერფეისების Search-სა და სხვა პროდუქტებში ინტეგრირებაზე თავი შეიკავა, მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ სარეკლამო ბიზნესი სწორედ ქივორდებს ეყრდნობოდა… 

ამან კი სულეიმანს ახალი კომპანიის შექმნა აფიქრებინა, რადგან მას სჯეროდა, რომ AI მომავალი საუბრებს ეფუძნებოდა… თუმცა Inflection უბრალოდ კიდევ ერთი AI სტარტაპი არ გეგონოთ, მან უკვე მრავალი კომპანია შემოიერთა, რომელთაც ფული აქვს და ადამიანები, რომელთაც იციან, როგორ ააგონ AI სისტემები. სახელისა და დიდი პროფესიული კავშირების შედეგად, სულეიმანმა 2022 წელს 225 მილიონი დოლარი შეაგროვა, მის ინვესტორებს შორის ბილ გეიტსაც კი შეხვდებით! ხოლო წელს ამ თანხას 1.3 მილიარდი დოლარი დაემატა და ინვესტორებს NVIDIA-ც შეუერთდა. სულეიმანის თქმით, კომპანიას NVIDIA-ს H100 GPU-ც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოდელი გაზაფხულზე GPT-4-ზე 10-ჯერ დიდი იქნება!

რაც შეეხება შეცდომებსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებს, სულეიმანის თქმით, AI რევოლუცია ერთბაშად არ მოხდება, ეს თანდათანობითი პროცესია. შესაბამისად, ადამიანებს, კორპორაციებსა და მთავრობებს AI-ის სერიოზული რისკების მართვისა და კურსის შეცვლის დროც ექნებათ.

აბა, როგორ ფიქრობთ, ღირდა ჰუმანური AI პროდუქტისთვის Google-ის დატოვება?

“ლაიონ ტრანსი” წამახალისებელ გათამაშებას მართავს!

როგორ მოქმედებს ანტინაწილაკი გრავიტაციაზე? — ექსპერიმენტი