in

„ნაპოლი” – ნეაპოლიტანური პიცის გემო საქართველოში

პიცერია „ნაპოლი” უკვე ბევრი პიცამოყვარულისთვის ნაცნობი ობიექტია. მისი დამფუძნებელი 26 წლის მამუკა კილაძეა, რომელმაც ბიზნეს ადმინისტრირებისა და პროექტების მენეჯმენტი ბუდაპეშტში, Metropolitan University-ში დაამთავრა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა კულინარიის აკადემიაში. ბიზნესისა და კულინარიის სფეროებში განათლების შემდეგ საკუთარი პიცერიის დაარსება გადაწყვიტა და დღეს ქალაქის არტიზანული პიცერიის დამფუძნებლის სახელს ატარებს.

მისი ასრულებული მიზნებისა და სამომავლო გეგმების გასაგებად პიცერიაში ვესტუმრეთ და უფრო მეტს თავად გვიამბობს:

M: მამუკა, საიდან გაჩნდა ნაპოლის შექმნის სურვილი და იდეა?

საკუთარი ბიზნესის შექმნა ყოველთვის მსურდა. ბუდაპეშტში ცხოვრებისას ქართული საჭმელების ნოსტალგია მქონდა და ხშირად ვაკეთებდი ქართულ კერძებს, ინტერესიც აქედან წამოვიდა. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში რომ დავბრუნდი, აუცილებელი მიზანი იყო იმის კეთება, რაც მიყვარს და ეს ნამდვილად იყო კულინარია. დავამთავრე კულინარიის აკადემია, პარალელურად ვკითხულობდი ძალიან ბევრს ფქვილის, ცომისა და თითოეული ნედლეულის შესახებ, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა დამეგროვებინა ამ ყველაფრის შესახებ.
საინტერესო დეტალი ის იყო, რომ კოვიდ პანდემიას დაემთხვა ეს ყველაფერი, ,,აწარმოე საქართველოში” გამოცხადდა საგრანტო პროექტი, შევიტანე განაცხადი და დაფინანსებაც მოვიპოვე. მარტივი არ იყო და რისკის ფაქტორი დიდი იყო ჩემი წამოწყებისთვის, თუმცა არ შევუშინდი და როგორც კი რეგულაციებმა საშუალება მომცა, 2021 წლის 14 ივნისს გავხსენით პიცერია ,,ნაპოლი“ საგურამოში.

M: რა არის ,,ნაპოლის“ მთავარი კონცეფცია?

ნაპოლის მთავარი კონცეფცია ნეაპოლიტანური პიცაა – ფუმფულა გვერდებითა და თხელი ძირით, კნატუნა და ჰაერით სავსე ცომით, რასაც ფქვილიც შესაბამისი სჭირდება. ამ ფქვილის ექსკლუზიურად შემომტანები ჩვენვე ვართ, რადგან მხოლოდ ასე კეთდება ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი არის ხარსხი, ამას კი ადამიანების მაქსიმალური ჩართულობით ვაკეთებთ, ცომი მზადებისას გადის 48-საათიან ფერმენტაციას, იჭრება ხელით, გუნდავდება და იშლება ხელით, ცხობის დროსაც მუდმივი ყურადღებაა საჭირო, რომ გვერდები იდეალურად დაებრაწოს და მივიღოთ ის უნიკალური პიცა, რასაც ნაპოლის პიცა ჰქვია.

M: რა მიგაჩნიათ მთავარ დეტალად წარმატებისთვის?

არასდროს ვჩერდებით, მუდმივად ვვითარდებით, ვტესტავთ სიახლეებს, ვმუშაობთ ახალ ტექნიკებზე, ვკითხულობთ ბევრს, ზოგიერთ დეტალს იტალიურიდან, ზოგიერთს ფრანგული პურის ცხობის ტექნოლოგიებიდან ვიღებთ და საერთო ჯამში, გამოდის ახალი, უნიკალური, ნაპოლის ტექნოლოგია. ამ ყველაფერს თან ახლავს ჩემი თანამშრომლების უდიდესი ძალისხმევა, მონდომება და საქმის სიყვარული, ჩვენ ერთ გუნდად ვქმნით ამ ყველაფერს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.

M: თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა?

ახლა ვმუშაობთ სიახლეებზე: გვინდა სამზარეულოს ასორტიმენტი უფრო გავაფართოოთ, ასევე ვამატებთ კრუასანების ხაზს. დაგვემატება საუზმის თემატიკაც, გადავერთვებით ახალ სამუშაო დროზე და დავიწყებთ ჩაბატების, ბაგეტების, ბრიოშების მზადებას. ასევე გვექნება ბუნებრივ საფუარზე დამზადებული უნიკალური ტექნოლოგიის პურები, ქვის პურები და, ფაქტობრივად, ნაპოლი ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრებას დაიწყებს.

[R]

Starbucks-ის უცნაური იდეა — ბრენდი ყავაში ზეითუნის ზეთს ამატებს

როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული