in

“პიქტორი” – გალერეა, რომელიც ქართველი ხელოვანების ესკიზებსა და ჩანახატებს აერთიანებს

გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ცნობილი ხელოვანების დასრულებული ნამუშევრები ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ცოტა ხნის წინ შექმნილმა ონლაინ გალერეა პიქტორმა გადაწყვიტა, მსგავსი არტისტების ესკიზები, ჩანახატები, სამუშაო ფურცლები და მცირე ზომის ნამუშევრები შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის მისაღებ ფასად. ფაქტობრივად, ეს გალერეა მსგავსი ნამუშევრების მომხმარებლებისთვის შეთავაზებით თვალსაჩინოს ხდის სხვადასხვა თაობის თანამედროვე ქართველი მხატვრების იმ ჯადოსნურ გზას, რომელსაც გადიან დასაწყისიდან საბოლოო შედეგამდე.

თუ რა იდეას ეფუძნება კონკრეტულად გალერეა და რას სთავაზობს მომხმარებლებს, ამაზე დეტალურად მის დამფუძნებლებს, ნინო ლორთქიფანიძესა და ნინიკო ვასაძეს გავესაუბრეთ.

ავტორი: თუთუ კილაძე

M: მოგვიყევით გალერეა პიქტორის კონცეფციაზეროდის შეიქმნა და რას სთავაზობს მომხმარებლებს?

Pictor სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედია, ლათინურად კი მხატვარს ნიშნავს. მისი შექმნის იდეა პანდემიის დროს, ზაფხულში გაჩნდა. ვიზუალური ხელოვნების მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია, თუმცა არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხშირად, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვის რთულია დასრულებული ნახატის შეძენა. ჩვენ ვიპოვეთ ალტერნატიული გზა, რომელიც არ მიაყენებდა ზიანს მხატვრებსა და გალერეებს და მეტ ადამიანს მისცემდა საშუალებას, შეეძინა ნამუშევრები. შევქმენით ციფრული გალერეა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის არტისტების ჩანახატები, ესკიზები და სამუშაო ფურცლები.

ჩანახატი მხატვრის ფიქრის და ძიების პროცესია, რომელიც ვიზუალური ხელოვნების ძალიან საინტერესო და ცოცხალი ნაწილია. ჩვენთან წარმოდგენილ სხვადასხვა მიმდინარეობის არტისტებს სწორედ ეს ცოცხალი პროცესი აერთიანებთ.

ავტორი: გიო მაჩაიძე

M: გვესაუბრეთ გალერიის მიზნობრიობაზერა მიზანს ისახავს თქვენი საქმიანობა?

ჩვენი გალერეა მიზნად ისახავს პოპულარიზაცია გაუწიოს ვიზუალურ ხელოვნებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გაზარდოს ინტერესი წარმოდგენილი მხატვრებისადმი და იმ ადამიანებმა დაიწყონ ნამუშევრების შეძენა, რომლებსაც აქამდე არასდროს შეუძენიათ.

M: როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მომტანია თქვენი საქმიანობა როგორც არტისტებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის?

არტისტებს საშუალებას ვაძლევთ, გაავრცელონ ის ნამუშევრები, რომლებსაც აქამდე არ აჩენდნენ ფართო საზოგადოებაში. ჩანახატების გავრცელებით მეტი ადამიანი ინტერესდება მხატვრებით და მათი შემოქმედებით. მომხარებლებს კი საშუალება ეძლევათ, შეიძინონ საყვარელი არტისტების ნამუშევრები ხელმისაწვდომ ფასად.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ სივრცეში, სხვადასხვა მიმდინარეობის არტისტების შემოქმედებას ეცნობა მეტი ადამიანი. საყვარელი არტისტის ნამუშევრის ძებნაში სხვა, მათთვის უცნობ არტისტებს აწყდებიან და ინტერესდებიან მათი შემოქმედებით.

მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ გამარტივებულ შეძენას, ჩარჩოში ჩასმულ, გამზადებულ ნამუშევარს და უფასო საკურიერო მომსახურებას.

ავტორი: ვახო ბუღაძე

M: რა ეტაპზეა ამჟამად გალერეა?

ჩვენი გალერეა ამჟამად წარმოდგენილია სოციალურ ქსელში (ფეისბუქი, ინატაგრამი). ყოველ კვირა ვამატებთ ახალ ნამუშევრებს და მუდმივად გვემატება ახალი არტისტები. ასევე ვაპირებთ, სისტემატურად დავამატოთ დამწყები მხატვრები, მათთვის დიდი სტიმულია, იფინებოდნენ უკვე წარმატებულ ხელოვანებთან ერთად.

როდესაც პირველად განვათავსეთ ნამუშევრები, ძირითადი დაინტერესება ცნობილი მხატვრების მიმართ იყო, თუმცა ნელ-ნელა გამოჩდნენ მომხმარებლები, რომლებიც დამწყებ მხატვრებში ხედავენ პოტენციალს. ცალკე აზარტია, როდესაც მხატვარს “აღმოაჩენ”, შეიძენ ისეთი მხატვრის ნამუშევარს, რომელიც შეიძლება ახლა არ არის პოპულარული, მაგრამ შესაძლოა, მომავალში დიდ წარმატებას მიაღწიოს.

ავტორი: გიორგი გელაძე

M: როგორ შეაფასებდით თქვენს საქმიანობას დასაწყისიდან დღემდე?

იდეის გაჩენიდან დღემდე მთელი სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ მიმდინარეობს. არტისტები გვერდში უდგანან ჩვენს წამოწყებას, რაც დიდი სტიმულია ჩვენთვის.

პიქტორი სულ რაღაც ერთი თვეა, არსებობს. ერთი თვის განმავლობაში მომხმარებელს წარვუდგინეთ 34 არტისტის 150 ნამუშევარი; ჩვენი მოლოდინი გამართლდა და დაინტერესება მართლაც დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გაჩნდნენ მუდმივი მომხმარებლებიც, რომლებმაც დაიწყეს ნამუშევრების შეგროვება.

ავტორი: მარიამ ბარდაძე

M: როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ?

გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა მედია საშუალებასთან, ვგეგმავთ გალერეას საგანმანათლებლო ხასიათიც მიეცეს. სამუშაო პროცესის წინ წამოწევით გვინდა საზოგადოებას უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენი არტისტები. ასევე ვგეგმავთ გამოფენას და სხვადასხვა სოციალურ აქტივობას.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყვავილი, რომელიც 100 მილიონი წლის წინ არსებულ ტყეში იყო

60 წლიანი ტრადიცია და საახალწლო ნაძვის ხედ ქცეული ყინულის სკულპტურა