მეცნიერებს ჩვენთვის ცუდი ამბავი აქვთ — Potsdam Institute for Climate Impact Research-ის (PIK) მოხსენების თანახმად, მსოფლიო ოკეანეების მჟავიანობა იმდენად იმატებს, რომ წყალქვეშა ცხოვრების სათანადოდ შენარჩუნება შეიძლება, ვეღარ მოხერხდეს! აქვე დეტალურადაა განმარტებული ის 9 ფაქტორი, რომლებიც პლანეტისთვის აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. შეგვახსენებენ, რომ 6 მათგანის უსაფრთხოების ზღვარი უკვე გადაიკვეთა ადამიანების საქმიანობის შედეგად, PIK-ის მიხედვით კი ამ ჩამონათვალში მეშვიდე ოკეანის მჟავიანობის საკითხი შეიძლება იყოს, რომლის უსაფრთხო ზონა ირღვევა…
დიახ, ფიქრობენ, რომ ოკეანის მჟავიანობის მდგრად დონესაც გადავაჭარბებთ, ეს კი უმეტესად ნახშირბადის მზარდი ემისიების ბრალია, რაც, თავის მხრივ, წიაღისეული საწვავის წვითაა გამოწვეული, იქნება ეს ნავთობი, ქვანახშირი თუ გაზი.
„ნახშირბადის ემისიების ზრდის პარალელურად, მისი უმეტესი ნაწილი ზღვაში იხსნება, რაც ოკეანეების მჟავიანობას ზრდის. ემისიების სწრაფი შემცირების პირობებშიც კი, მჟავიანობის გარკვეული დონე უკვე გარდაუვალიც შეიძლება იყოს, რადგან CO2 ჰაერშია და ოკეანის სისტემას დრო სჭირდება ამაზე საპასუხოდ. ამგვარად, მომდევნო წლებში ოკეანის მჟავიანობის საზღვრის გარღვევა გარდაუვალია“, — აცხადებს ბორის საკშევსკი, კვლევის წამყვანი ავტორი.
მჟავე წყალი მარჯნების, მოლუსკებისა და ფიტოპლანქტონების დაზიანებას იწვევს, რითაც ზღვის უამრავი სახეობა იკვებება. ეს, თავის მხრივ, მილიარდობით ადამიანისთვის საკვების შემცირებას ნიშნავს ისევე, როგორც ოკეანის შესაძლებლობის შეზღუდვას, შეიწოვოს მეტი ნახშირბადი და დაგვეხმაროს გლობალური დათბობის ეფექტების შემსუბუქებაში.
ცხრა პლანეტარული საზღვრიდან ერთადერთი, რომელიც არ არის ახლოს გადაკვეთის წერტილთან, პლანეტის დამცავ ოზონის შრის მდგომარეობას ეხება. მართალია, ადამიანების მიერ შექმნილმა ქიმიურმა ნაერთებმა ეს ფენა დააზიანა და მჟავური წვიმები გამოიწვია, მაგრამ აღდგენა 1987 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც მსგავსი ქიმიური ნაერთების გამოყენება აკრძალეს.
აღსანიშნავია, რომ მეცხრე ფაქტორიც, რაც ატმოსფეროში ნაწილაკების კონცენტრაციას ეხება და გულისა თუ ფილტვების დაავადებები შეუძლია, გამოიწვიოს, ზღვართან ახლოსაა. თუმცა ამბობენ, რომ ზოგიერთი ქვეყნის მიერ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების აკრძალვამ დადებითად იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ინდუსტრიულ ქვეყნებში ამ ნაწილაკების კონცენტრაცია მაინც სწრაფად იზრდება…
რაც შეეხება PIK-ს, პლანეტარული საფრთხეების ეს 9 დონე იმისთვის დააწესა, რომ ადამიანები გააფრთხილოს იმ შეუქცევად პროცესებზე, რომლებიც მათმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს.
„ეს საზღვრები თუ დაირღვა, შეუქცევად და კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანს მილიარდობით ადამიანს, თანაც ცხრავე საზღვარი ურთიერთდაკავშირებულია, ერთი მნიშვნელოვანი ლიმიტის დარღვევამ დედამიწის მთლიანი სისტემის დესტაბილიზაცია შეიძლება გამოიწვიოს“, — გვაფრთხილებენ მეცნიერები.