in , ,

იდეა ცოცხალია და პილ-პილი ქართულ ბაზარზე ბრუნდება!

Startauperi
Startauperi

pil pill2013 წელს მარკეტერზე გამოჩნდა სტატია, რომელიც იუწყებოდა რომ თბილისში ხილ-ბოსტნეულის ბრენდირებული მაღაზია “Pil-Pil”-ი გაიხსნა. ყველაფერი შესანიშნავად გათვლილი და დაგეგმილი იყო, მაგრამ 2014 წლის 2 მაისს მაღაზია დაიხურა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომწოდებლები იყვნენ, ვისი “იმედზეც” უნდა ყოფილიყო ბიზნესი. დღეს მარკეტერი სასიხარულო ამბით ბრუნდება და ჩვენი რესპოდენტია პილ-პილ ჯგუფის დამფუძნებელი გიო ლომსაძე.

მაშ ასე იდეა ცოცხალია და პილ-პილი ბრუნდება!

M: როგორ/ რატომ გადაწყდა “პილ-პილის” დაბრუნება? 

“პილ-პილის” გაცოცხლება გარდაუვალი იყო. ალბათ ყველას ახსოვს თუ რა რეაქცია მოჰყვა მაღაზიის დახურვას ჩვენი გულშემატკივრების და ბევრი სხვა ადამიანის მხრიდან. მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ მართლა შეგვიძლია შევცვალოთ ბევრი რამ და ყველა გზა მიდიოდა იქამდე, რომ “პილ-პილი”  უნდა დაბრუნბულიყო. “პილ-პილი” ბრუნდება სრულიად სხვა ფორმით და მომსახურებით.

ყველაფერი კარგად იქნება

M: როგორი იქნება განახლებული “პილ-პილი”?

ბიზნესის კეთებას ახასიათებს “მიჩვევა”. როდესაც გამოცდი მეწარმეობის თავისუფლებას და მიხვდები, რომ შენ მართლა შეგიძლია შენი საწარმოთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინო საზოგადოებაში, შენ საქმიანობას ვეღარასდროს ვერ დაანებებ თავს. რაც არ უნდა დრო გავიდეს, იდეა რომელიც თავში იბადება და მწიფდება წლების მანძილზე, არასდროს არ გაქრება. ასე ხდებოდა “პილ-პილის” მაგალითზეც. ვგრძნობთ, რომ მოვახერხეთ ამ ბრენდის უკან უზარმაზარი ნდობა დაგვეყენებინა, ჩვენ შესახებ იცის ყველამ, ვისაც კი ოდნავ მაინც აინტერესებს ჯანსაღი კვება.

meskheti defenderჩვენ ისევ ჩავსხედით მანქანებში და ისევ გავემგზავრეთ სოფლებში. ჩვენ ვეძებთ საუკეთესო პროდუქტს იმ პროდუქტებიდან, რომელიც არსებობს დღეს საქართველოს და ჩვენი ქალაქის ბაზრებზე. აღმოჩდა რომ ასეთი პროდუქტები ამ 2 წლის მანძილზე ბევრი გაჩნდა და გავიცანით საკმაოდ საინტერესო ფერმერები, გლეხები. მზად ვართ ისევ სცადონ ჩვენი მოტყუება, მაგრამ ახლა ჩვენი გამოცდილებით არ მივცემთ საშუალებას გამოიყენონ უკვე გამოცდილი და გაცვეთილი “ტყულის” გზები.

2014 წელს ჩვენ ვწერდით, რომ გეგმაში გვაქვს თვითონ მოვიყვანოთ პროდუქცია, შემდეგ გავხსნათ რამდენიმე მაღაზია, რამდენიმე წელიწადში გვქონდეს ადგილი თბილისში, სადაც შევძლებთ ბაზრის მოწყობას და ბოლოს გავხსნათ ჩვენი საფირმო რესტორანი.

როგორც ხშირად ხდება ცხოვრებაში და მითუმეტეს ბიზნესში, მოლოდინები რეალობისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენი ფილოსოფია  ყოველთვის იდგა და იდგება მხოლოდ ერთ იდეაზე –  საქმის კეთება ტყუილის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, რომ ჩვენი გეგმები მხოლოდ გეგმებად რჩებოდა. ამ 2 წლის მანძილზე. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო – დავწერეთ პროექტი და გავაცანით კოოპერატივების სააგენტოს, საიდანაც, ჩვენდა სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ის პასუხები, რომელიც ჩვენს იდეას განახორციელებდა. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ჩვენ ვიყიდეთ მიწა საგარეჯოს რაიონში და ვაპირებდით იქ აგვეშენებინა მაღალი სტანდარტებით მოწყობილი ფერმა, ვაპირებდით 40,000 ლარამდე ინვესტიციის ჩადებას, რომელიც პირველ რიგში მოხმარდებოდა ფერმის საკანალიზაციო, სასმელი წყლის და ელექტროობის სისტემის მოწყობას. ანუ არ იქნებოდა ჩეჩმებზე მიბმული სარწყავი წყალი და პროდუქცია მოირწყვებოდა სუფთა წყლით. კოოპერატივის სააგენტოსგან გვინდოდა დახმარება შენობა ნაგებობების ასაშენებლად, სამშენებლო მასალად გამოვიყენებდით მხოლოდ ეკოლოგიურ ბუნებრივ მასალას, რაც საკმაოდ აიაფებდა პროექტის ღირებულებას. მაგრამ, ჩვენი პროექტი, როგორც ჩანს იმაზე წინ აღმოჩნდა, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკაა. ამიტომაც ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა.

პილ-პილი ბრუდნება

მაღაზიის დახურვის შემდეგ, ეს იყო მეორე ჩავარდნა ჩვენს გეგმებში, რომელიც ჩვენ ჭკუის სასწავლებლად გამოვიყენეთ და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ყველაფერი ძალიან მცირე ფართობიდან. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, უამრავი იდეა დავამუშავეთ, თუ როგორ და რა შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის. ვიყავით რაჭაში, სადაც ვაპირებდით კარტოფილის მოყვანას, მხოლოდ ამ ერთი პროდუქტით გვინდოდა ბაზარზე დაბრუნება და შემდეგ უკვე გაფართოვება და სხვა პროდუქციის შექმნა. სამწუხაროდ აქაც ვერ მოვერგეთ ბიუროკრატიას და იჯარით გასაცემი მიწა ვერ ვიქირავეთ, რადგანაც კანონი, რომელიც არეგულირებს რეგიონებში მიწების იჯარით გადაცემას, პარლამენტში სადღაც არის გაჭედილი. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით და მხოლოდ ძალიან მცირე ფართობით უნდა დავიწყოთ მოქმედება. ასეც მოვიქეცით. დიღომში 300 კვადრატულ მიწაზე გავაკეთეთ ძალიან მცირე მეურნეობა და დავიწყეთ საკუთარი თავის გამოცდა. დღეს ჩვენ ოჯახებში გვაქვს ჩვენი პამიდორი, ბადრიჯანი, მწვანილი … აქ უკვე მივხვდით, რომ ასეთი მიდგომით ჩვენს ოჯახებს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ბაზარზე დასაბრუნებლად ძალიან შორი გზა უნდა გავიაროთ. თუმცა ორგანული მეურნეობა ეფუძნება ერთადერთ პრინციპს და ჩვენთან მოსულ დამწყებ ფერმერებს სწორედ ამას ვურჩევთ – მოიყვანო იმდენი, რომდენიც შენ გჭირდება და შემდეგ, თუ შეძლებ, გაზარდო რაოდენობა, ასორტიმენტი და შემდეგ დაიწყო ამ საქმიანობის ბიზნესად გადაქცევა.

რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში დავწერეთ, რომ გამოგვიჩნდა ანგელოზი ინვესტორი, რომელიც აპირებს ჩვენს საქმიანობაში თანხების ჩადებას. ეს არ არის ერთი ინვესტორი, ეს არის შვეიცარიელების ოჯახი, რომლებიც 1989 წლიდან სტუმრობენ საქართველოს, ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყანას და თამამად ვიტყვით, რომ ბევრ ქართველზე მეტად უყვართ საქართველო. მოხდა ისე, რომ ამ ადამიანებთან ჩვენი გზები გადაიკვეთა. მათ დიდი ხანია შეიძინეს სოლოლაკში, გერონტი ქიქოძის 16 ნომერში მდებარე ულამაზესი სახლი, ჩაუტარეს მცირედი რესტავრაცია და სანიმუშოდაც უვლიან. ამ სახლის პირველ სართულზე არის ფართობი, სადაც სურვილი ჰქონდათ, რომ თბილისისთვის საინტერესო ადგილი გაეკეთებინა ვინმეს. ჩვენ მივიღეთ ეს შემოთავაზება, დავიწყეთ მუშაობა იდეაზე და მივხვდით – რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რასაც ექნება “პილ-პილზე” მეტი წონა, “პილ-პილზე” მეტი ნდობა, “პილ-პილზე” მეტი ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება.

პილ-პილი ბრუნდება

ჩვენ ვხსნით “პილ-პილის” კაფე-რესტორანს და ეს იქნება ძალიან განსხვავებული მიდგომით შექმნილი ბიზნესი.

ანუ, ჩვენი გეგმები, შეიძლება ითქვას, ამოყირავდა. იქ სადაც უნდა ვყოფილიყავით ბოლოს, ვართ დასაწყისში. რომ გავყვეთ, რესტორნის შემდეგ მოდის ბაზარი. ჩვენ ამ ეზოში გვაქვს შესაძლებლობა, რომ გაზაფხულიდან დავიწყოთ ყოველ კვირეული მცირე ბაზარი, სადაც გავყიდით საუკეთესო პროდუქციას.

M: შეიცვლება თუ არა “პილ-პილის”, როგორც ბრენდის, გარეგანი მახასიათებლები? 

“პილ-პილის” ბრენდი არ შეიცვლება. ერთადერთი, შეიცვალა კომპანიის იურიდიული სახელწოდება და დავარქვით “პილ-პილ ჯგუფი”, რადგანაც დაგეგმილია, რომ მომავალში ამ ბრენდის ქვეშ ბევრი საინტერესო ბიზნესი გაერთიანდეს. რესტორანს ექნება საკუთარი ლოგო და სახელი.

M: როცა კეკელიძეზე “პილ-პილი დაიხურა, მაშინ თქვით, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ჯანსაღ ნიადაგზე მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტის შოვნა. გარდა ამისა, პრობლემა გექმნებოდათ გლეხებთან- ხშირად შეთანხმებულზე მეტ პროდუქტს გახვედრებდნენ და ადგილზე ჩასულებს ფასსაც გიმატებდნენ. ახლა როგორ დაარეგულირეთ ეს საკითხები? 

ისევ გრძელდება ნიადაგის და მცენარეების დაბინძურება სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებით, ისევ პრობლემაა ჯანსაღი პროდუქტის შოვნა. ისევ პრობლემაა გლეხებთან ურთიერთობა. მაგრამ მთავარი თავად პრობლემა კი არ არის – მთავარია როგორ გადაჭრას უძებნი კონკრეტულ პრობლემას.
საბედნიეროდ, მხოლოდ რეგრესი არ არის. იზრდება ადამიანების რიცხვი, ვისაც აინტერესებს სოფელში დაბრუნება და იქ ახალი ინფორმაციით და ცოდნით, ჯანსაღი პროდუქტის შექმნა. ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ჩვენ გამოვიტანეთ კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა – სათანამშრომლოდ უნდა ვეძებოთ მხოლოდ პატიოსანი ადამიანები. ამ ორმა წელმა ჩვენ მოგვცა უზარმაზარი გამოცდილება. პირადად შევხვდით დაახლოებით 150 ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენთან ითანამშრომლოს. ამ ადამიანებიდან, საბოლოოდ გვრჩება 4-6 გლეხი, ვისაც მართლა შეგვიძლია ვენდოთ და შეგვიძლია დავეყრდნოთ.

ლოგიკურად გაჩნდა კითხვა – საკმარისია 5 გლეხის მოყვანილი პროდუქცია, რომ იმუშავოს კომპანიამ? რა თქმა უნდა, არა. რა უნდა ვქნათ? უნდა გავზარდოთ ამ ადამიანების რიცხვი.  როგორ უნდა გავზარდოთ?  დაპირებებით? სამწუხაროდ ეს არ ამართლებს. არცერთ გლეხს არ აინტერესებს ბუნდოვანი მომავლის კონტურების მქონე მაღაზიების მომარაგება. სამაგიეროდ ძალიან ბევრს აინტერესებს თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე “პილ-პილის” კაფე-რესტორნის მომარაგება. სწორედ ამ ფაქტორმა დაგვარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შანსი, რომელიც ბედმა გადმოგვიგდო, ხელიდან არ უნდა გავუშვათ.  ანუ ჩვენ დღეს ხელში გვიჭირავს დიდი გასაღების ბაზარი და გლეხი უკვე ხედავს, რომ რეალურად შეუძლია სარგებლის მიღება და მისი მოტივაცია, მოიყვანოს უკეთესი პროდუქტი, საგრძნობლად იზრდება.

კიტრი პამიდორი

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს ჩვენსა და გლეხებს შორის პრობლემის გადაჭრას – გვექნება ფონდი “მიეხმარე გლეხს”. რესტორნის ბრუნვის გარკვეული პროცენტი წავა ამ ფონდში და მოხმარდება ჩვენი პარტნიორი გლეხის პრობლემების მოგვარებას. ეს იქნება ჩვენგან გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, რადგანაც დახმარება დღეს ყველას სჭირდება. “მიეხმარე გლეხს” არ გულისხმობს მატერიალურ დახმარებას, ესეც ვისწავლეთ, რომ ფული ხელში არ უნდა მისცე გლეხს… ჩვენ დავეხმარებით სარწყავი სისტემებით, თესლით, კომპოსტით, ცოდნით და ა.შ. ფაქტიურად  ვქმნით სისტემას, რომლის ცენტრშიც დგას გლეხი, გარშემო კი “პილ-პილი”, მომხმარებლები, რესტორანი და სხვა დამხმარე საშუალებებია. ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ასეთი სისტემები არსებობს სხვა ქვეყნებში და წარმატებით მუშაობს, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ჩვენც შევძლებთ განხორციელებას.

M: რა მოლოდინი გაქვთ? რატომ ფიქრობთ, რომ ახალი ” პილ-პილი” გაამართლებს?
მოლოდინი დიდი გვაქვს. ჩვენ შევდივართ ბიზნესის სფეროში, სადაც წარსულში დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ არა საქართველოში. ჩვენი რესტორანი იქნება ძალიან განსხვავებული, რადგანაც მოვახერხეთ ისეთი გუნდი შეგვეკრა, რომელიც “პილ-პილის” ფილოსოფიას შეესაბამება. სარესტორნო ბიზნესშიც, რომელიც თითქოს განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში, არსებობსა უამრავი პრობლემა. მომსახურების ხარისხი, პროდუქტის გემო, გარემო – ყველაფერში არის დიდი პრობლემები. კონკურენცია მიდის არა ხარისხში, არამედ ეკონომიაში. გამოიყენო მიწის თხილი ნიგვზის ნაცვლად, ეს არის ამოსავალი წერტილი რესტორნების უმრავლესობაში. ჩვენ რა თქმა უნდა მსგავსს არაფერს ვიკადრებთ, გვჯერა, რომ ხარისხი ყველასთვის მნიშვნელოვანია და თბილისს ძალიან საინტერესო კონცეფციას შევთავაზებთ.



უკრაინელებმა დევნილთა მხარდასაჭერად სოციალური რეკლამა გადაიღეს! ძალიან ძლიერი ვიდეო!

საოცნებო სახლის რეკლამაში ადამიანები გააშიშვლეს!