სულ ცოტა ხნის წინ, რეჟისორმა რატი დაბრუნდაშვილმა და მხატვარმა ნასტასია ნიკიტინამ Pink Floyd-ის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს! ლეგენდარულმა ბენდმა ანიმაციური ვიდეოების კონკურსი ალბომის The Dark Side of The Moon გამოსვლიდან 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად დააანონსა. რატიმ და ნასტასიამ ნამუშევარი სიმღერა Brain Damage-ისა და ესპანელი მხატვრის, ფრანჩესკო გოიას შთაგონებით შექმნეს. Brain Damage-ზე არჩევანი ბენდის ყოფილი ლიდერის, სიდ ბარეტის გამო შეაჩერეს. ანიმაციის შექმნის პროცესში, 2000 ნახატი შეიქმნა. ანიმაცია ზუსტად ასახავს კრეატორების იდეას, გადმოეცათ სიდ ბარეტის ტკივილიანი ამბავი, რამაც ჯგუფიდან წასვლისკენ უბიძგა და ამავდროულად, ბენდის უზარმაზარი მემკვიდრეობის უცვლელ ნაწილად აქცია. რატი დაბრუნდაშვილი და ნასტასია ნიკიტინა Pink Floyd-ის საკონკურსი ნაშრომზე დეტალურად გვიყვებიან.
M: რა იყო კონკურსის ფარგლებში თქვენი დავალება?
ნასტასია: ბავშვობიდან Pink Floyd-ის ფანები ვართ, მათ თვალს სოციალურ ქსელებში ყოველთვის ვადევნებთ და როდესაც ჯგუფის დრამერმა ნიქ მეისონმა გააკეთა გამოსვლა და კონკურსი დააანონსა მაშინვე მიიქცია ჩვენი ყურადღება, რადგან მე და რატი ანიმაციებზე 6 წელია ერთად ვმუშაობთ და აღსანიშნავია რომ ფილმ The Wall-ის ანიმაცია ჩვენთვის ყოველთვის ეტალონი იყო.
M: როგორ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა?
რატი: ეს ჩვენთვის პირველი კონკურსია და მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვჭოჭმანობდით. ეს ჭოჭმანი გაქრა მაშინ, როცა გავიგეთ სიდ ბარეტის მისტიკური ისტორია. „პინკ ფლოიდი“ ჯგუფს მან დაარქვა და მთელი პირველი ალბომიც მისი დაწერილია, ჯგუფის პირველ სინგლებთან ერთად. სიდი ბენდში დიდხანს არ გაჩერებულა, მას მალევე დაეწყო მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. მდგომარეობა იმ დონეზე გაუარესდა, რომ 1968 წელს, ბენდს და ზოგადად, მუსიკას საერთოდ გამოეთიშა. 1975 წელს, როდესაც მის შესახებ თითქმის აღარაფერი ისმოდა და როცა ბენდი სტუდია Abbey Road-ში ალბომ Wish You Were Here-ზე, კონკრეტულად კი, სიმღერა Shine On Me Crazy Dimond-ზე მუშაობდა (რომელიც სწორედ სიდ ბარეტს ეძღვნება), უეცრად უცნობი ადამიანი შემოდის სტუდიაში და ადევნებს თვალს მუსიკოსების მუშაობას. თავიდან ის ვერც კი იცნეს თუმცა როცა გააანალიზეს ,ვინ იყო, ჯგუფის წევრებმა ცრემლი ვერ შეიკავეს. ეს იყო სიდ ბარეტი, რომელსაც თავი და თვალ-წარბი მთლიანად გაპარსული ქონდა და ვიზუალურად საერთოდ სხვა ადამიანი იყო. ბენდზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ყოფილი ლიდერის ასეთმა მისტიკურმა გამოჩენამ, რამაც ალბომის ემოციურ დატვირთვაზეც იმოქმედა. ჩვენი კონცეფციაც სწორედ ამ ისტორიას ეფუძნება და გადმოვცემთ სიდ ბარეტის მენტალური მდგომარეობის შინაგან მხარეს, მის განცდებსა და შემოქმედებით ხედვას.
ნასტასია: არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ სიდი ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ფსიქოდელიური მუსიკოსის გარდა აგრეთვე უნიჭიერესი მხატვარი იყო. ამიტომაც ჩვენი ანიმაციის სტილად ფერწერული ანიმაციური ტექნიკა ავარჩიეთ. 4-წუთიანი სიმღერისთვის 2000 ნახატი დავხატე. სიდ ბარეტის სტილის გარდა, შთაგონება იყო ესპანელი მხატვრის ფრანჩესკო გოიას ნახატები.
M: როგორ ჩამოაყალიბეთ ნამუშევრის კონცეფცია?
რატი: ჩვენი ვიდეოს დრამატურგია ასევე ეფუძნება ალბომ Dark Side Of The Moon-ის თითოეული სიმღერის ქრონოლოგიურ განწყობებსა და იდეებს. დაწყებული Speak To Me-დან, და დამთავრებული Eclipse-ით, რომელიც ქმნის დაბადებიდან სიკვდილამდე პერიოდის სიმბოლიკას.
ნასტასია: მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი დრო იყო პროექტის გასაკეთებლად, პროექტზე მუშაობას დედლაინამდე მხოლოდ 20 წუთით ადრე მოვრჩით, და ის რომ ამ მომენტში არც რენდერმა გვიღალატა და არც ვიდეოს ატვირთვის დროს შეიქმნა რაიმე პრობლემა უბრალოდ სასწაულია. ეს იყო თბილისის დროით 1 იანვრის დილის 4 საათი, ახალ წელს სწორედ ამ პროექტზე მუშაობაში შევხვდით, თუმცა ეს ამად ღირდა.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?
რატი: ჩვენთვის ეს გამარჯვება იყო იმდენად შოკის მომგვრელი, რომ დღემდე ვერ მოვედით აზრზე, ამაზე მნიშვნელოვანი ნადმვილად არაფერი მოგვსვლია ცხოვრებაში. 1000 მდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყვნიდან შექმნილი ანიმაციიდან ჟიურის საბჭომ, რომელშიც ისეთი ხალხი შედიან როგორებიც არიან რეჟისორი ტერი გილიამი (შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში, ექიმ პარნასის წარმოსახვა, მონტი პაიტენი და წმინდა გრაალი), დისნეის და ასევე ფილმ The Wall-ის ანიმატორი ჯერალდ სქარფი, ფილმის „კონტროლის“ (იან კურტისი და ჯოი დივიჟენი) რეჟისორი ანტონ კობეინი, პინკ ფლოიდის დრამერი ნიქ მეისონი და ა.შ, ჩვენი ნაშრომი შეარჩია.
ეს გამარჯვება ჩვენთვის გარდამტეხი მომენტია ცხოვრებაში და პროფესიაში. მსგავს დაფასებას ვერც კი ვიოცნებებდით. ხოლო პრიზი 110,000 ფუნტი სტერლინგი კოსმოსური ოდენობის თანხაა, მსგავსი პრიზი სხვა ასეთი ტიპის კონკურსებში არც კი გაგვიგია. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თანხის დახარჯვას როგორცაა სიტყვებში ამავე ალბომის სიმღერიდან Money: „New car, caviar, four star, daydream..“, არამედ ვიყიდით დროს, დროს რომელსაც გამოვიყენებთ მომდევნო შემოქმედებისთვის, ასე ვთქვათ დავაბანდებთ ხელოვნებაში. რადგან დრო უმნიშვნელოვანესი რამაა, სიმღერა Time: “And then one day you find ten years have got behind you No one told you when to run, you missed the starting gun…”. ჩვენ არ გვინდა რომ გამოვტოვოთ სასიგნალო გასროლა, დაე ეს გამარჯვება იყოს თავად გასროლა.
ნასტასია: ნაშრომები შეფასდა ვიზუალის ხარისხის, მხატვრული ტექნიკის და სიუჟეტის მიხედვით. კონკურსს კურირებდა ობრი „პო“ პაუელი Hipgnosis-დან. რომლის შექმნილია ლეგენდარული პირამიდის ალბომის ქოვერი.
პრემიერა Pink Floyd-ის ოფიციალურ გვერდზე იქნება 6 აპრილს თბილისის დროით 20:00 ზე. მას წინ გაუძღვება ჩვენი სცენის მიღმა ვიდეო სადაც ჩვენს ანიმაციაზე ვსაუბრობთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი