in

მხოლოდ ქალების ტაქსი!

ვარდისფერი ტაქსი

2012 წლის ნოემბრიდან თბილისის ქუჩებში ვარდისფერი ტაქსები გამოჩნდნენ.

ტაქსის სერვისი მხოლოდ ქალებისთვისაა, და სწორედ ამით გამოირჩევა კონკურენტებისაგან. როგორც კომპანიაში ამბობენ,ეს “Pink”-ის მთავარი სტრატეგიაა.

მსგავსს სერვისს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შეხვდებით.  საქართველოში, სერვისის შემოღება სომხური ანალოგის მიხედვით მოხდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბიზნესმენმა არმენ აფრიკიანმა გადაწყვიტა საქართველოში მსგავსი კომპანია ჩამოეყალიბებინა,  ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ქართული მხრიდან მათ პარტნიორი არ ჰყავთ.

კომპანიის არსებობა, დაახლოებით, სამ თვეს ითვლის. ამ ეტაპზე მათი “არსენალი” ასეთია:

“გვყავს 17 მანქანა, ერთი “მერსედესის”, დანარჩენი კი “ოპელი”-ს მარკის.  ვემსახურებით მხოლოდ თბილისს. დღის მანძილზე 160-მდე გამოძახება გვაქვს.  ჯერ-ჯერობით , რთულია მის “მომგებიანობაზე” საუბარი. თანაც ტარიფებიც დაბალია”,-ამბობს “Pink” ტაქსის ერთ-ერთი ოპერატორი ანა გრიგორიანი.

ამავდროულად , კონკურენტებთან შედარებით , მთავარ პრიორიტეტად კომპანიაში სწორედ მგზავრობის ტარიფს მიიჩნევენ.

“Pink”-ს მინიმალური ტარიფი 6 კილომეტრზე 3 ლარია. შემდეგ კი, ყოველ კილომეტრზე,  50 თეთრით იზრდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მანქანების სიმცირის გამო, ხშირად გამოძახებებზე უარის თქმა უწევთ, ეს კი მათი ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

ტაქსი ქალების Pink.geქართულ “Pink”-ს სხვა ქვეყნების ანალოგებისგან მძღოლების სქესი გამოარჩევს. როგორც წესი, კომპანიის მანქანებს ქალები მართავენ. თბილისში კი,  ამ ტაქსის საჭესთან არც ერთი ქალი არ ზის. კომპანიაში ამბობენ, რომ სამწუხაროდ, მდედრობით სქესი არც ერთ მათ ვაკანსიას არ გამოხმაურებია. შესაბამისად, “Pink”-ის საჭერს მამაკაცები მიუსხდნენ.

გამოჩენის დღიდან საზოგადოების ერთი ნაწილი სიახლეს “სექსისტურად” აფასებდა. “რატომ მხოლოდ ქალები” ? – ასეთი შეკითხვა ხშირად ისმოდა.  კომპანიაში ამბობენ, რომ ეს კონცეფცია ზოგადად არსებობს. სხვა ქვეყნებშიც ,”Pink”-ი მხოლოდ ქალების ტაქსია.

თუმცა, “Pink”-ი  თბილისში ამ შემთხვევაშიც “განსხვავებული” აღმოჩნდა. მათი თქმით, დიდი მოთხოვნის გამო, შეიძინეს სამი შავი ფერის მანქანა, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება.

თუ გსურთ ისარგებლოთ “Pink”-ის  სერვისით, ვარდისფერი და ახლა უკვე შავი მანქანის გაჩერებისას, ზუსტად შეარჩიეთ ფერი თქვენი სქესის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცდელობა, უბრალოდ,  უშედეგო იქნება.

მატიანე

1914 წელი ქართული რეკლამა

მატიანე

2000 წელი- ქართული რეკლამა