წლის მეორე ნახევრისა და მოგვიანებით, წინასაახალწლო პერიოდისთვის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქტის აღმოჩენის ახალი არხების ათვისება. მომხმარებელთა ქცევისა და ინტერესების ცვლილებასთან ერთად, იცვლება შოპინგის ჩვევებიც. ამ მხრივ, უდიდეს პოტენციალს ფლობს Pinterest, რომელიც 631 მილიონზე მეტ ყიდვაზე ორიენტირებულ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. პლატფორმა მუდმივად ვითარდება და საძიებო შედეგებს თითოეული მომხმარებლის ინტერესებს არგებს, რაც ბრენდებისთვის სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწევად იდეალურ გარემოს ქმნის.
ტრენდების ანალიზი
წარმატებული პოზიციონირების პირველი ნაბიჯი Pinterest Trends-ისა და პლატფორმის შიდა საძიებო სისტემის სიღრმისეული ანალიზია. ეს ინსტრუმენტები იძლევა დეტალურ მონაცემებს სეზონური ტრენდების, პოპულარული საკვანძო სიტყვებისა და დემოგრაფიული ჭრილების შესახებ. კონკრეტულ თემებზე დაკვირვება მარკეტერებს ეხმარება იმის დანახვაში, თუ რა ტიპის ვიზუალური კონტენტი პოულობს გამოძახილს მომხმარებლებში. გარდა ამისა, ორგანული პოსტების რეკლამად ქცევის ფუნქცია, Promote a Pin, საუკეთესო საშუალებაა იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებს კონკრეტული ვიზუალი სარეკლამო კამპანიაში.
ამასთანავე, შიდა ძიების ფილტრები პროფილების, პროდუქტებისა და დაფების მიხედვით ეხმარება ბრენდებს, იპოვონ თავიანთი ნიშის წამყვანი ავტორები და დაგეგმონ მათთან პოტენციური პარტნიორობა.
კონტენტის ფორმატები
კვლევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონტენტის იმ ფორმატებს, რომლებიც ყველაზე მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს. ფერები, გამოსახულებები, ვიდეოები და პროდუქტის აღწერის დეტალები პირდაპირ განსაზღვრავს ბრენდის ვიზუალურ ენას. პინების საერთო ნაკადში გამოსაჩენად აუცილებელია აუდიტორიის ინტერაქციებზე დაკვირვება, ასევე სწორი დროის შერჩევა, რათა ბრენდის გზავნილი მომხმარებლისთვის მნიშვნლოვანი მოვლენებისა თუ სეზონური დაგეგმარების მომენტს დაემთხვეს.
რაც შეეხება ჰეშთეგებს, პლატფორმის საძიებო ალგორითმის დახვეწის ფონზე, მათი გამოყენება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ამის სანაცვლოდ, გადამწყვეტ როლს თამაშობს რელევანტური საკვანძო სიტყვები, რომლებიც ტრენდების ინსტრუმენტში წინასწარ უნდა შემოწმდეს.
შედეგებზე ორიენტირებული სტრატეგია
მოპოვებული მონაცემები ქმნის მყარ საფუძველს სტრატეგიისთვის, რომელიც უშუალოდ მყიდველის ქცევასა და სავაჭრო ინტერესებზეა მორგებული. სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ კი მთავარი ყურადღება Pinterest Insights-ის ანალიტიკაზე გადადის.
მარკეტერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფოკუსირდნენ არა ზოგად, ზედაპირულ მაჩვენებლებზე, არამედ იმ მეტრიკებზე, რომლებიც პირდაპირ აისახება გაყიდვებსა და რეალურ ბიზნეს შედეგებზე. ამ პროცესში დამატებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს პლატფორმის ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბიზნეს ასისტენტი, რომელიც სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის გაზრდაში ეხმარება კომპანიებს.
Pinterest პროდუქტის აღმოჩენის მართლაც უმნიშვნელოვანესი არხია. თითოეული ბრენდისთვის მისი ათვისება ინდივიდუალურ კვლევას მოითხოვს, სწორად გააზრებული სტრატეგია კი პლატფორმას საერთო მარკეტინგული წარმატების მძლავრ იარაღად აქცევს.
წყარო: Socialmediatoday











