ეს ამბავი ბენ სილბერმანისა და პოლ სკიარას მიერ შექმნილი აპლიკაციით დაიწყო, სახელწოდებით Tote. სილბერმანი მუშაობდა Google-ში, სკიარა – Facebook-ში. მისი მიზანი ბეჭდური კატალოგების ვირტუალური ჩანაცვლება იყო. იმ დროს მობილური გადახდის ტექნოლოგია არ იყო საკმარისად დახვეწილი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მარტივი ტრანზაქციები, რაც მომხმარებლებს აფერხებდა აპლიკაციის საშუალებით შესყიდვის განხორციელებაში. თუმცა ამ აპლიკაციის ხიბლი ის იყო, რომ მომხმარებლები აგროვებდნენ საყვარელი ნივთების დიდ კოლექციებს და უზიარებდნენ მათ სხვა მომხმარებლებს. საერთო ჯამში, პროდუქტმა ვერ მიიზიდა ინვესტორები, რადგან UI-UX-ის თვალსაზრისით ის კარგად აწყობილი არ იყო.
სილბერმანმა დაივიწყა ეს იდეა და ახალი პლატფორმის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. გზა, რომელთანაც სილბერმანი ფიქრმა მიიყვანა, აღმოჩნდა Pinterest.
კომპანიის პირველი ნაბიჯები
Pinterest-ზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. იმავე წელს კომპანიამ პროტოტიპი გამოუშვა, 2010 წელს კი გამოვიდა როგორც დახურული, ბეტა ვერსია. დაახლოებით 9 თვეში მას 10000 მომხმარებელი ჰყავდა. სილბერმანმა პირველ 5000 მომხმარებელს მისწერა, დაუტოვა მათ საკუთარი ტელეფონის ნომერი და ზოგიერთ მათგანს შეხვდა კიდეც. თავის მომხმარებელთან პერსონალურმა მიდგომამ აპლიკაციას დიდი პოპულარობა მოუპოვა, ხოლო 2011 წლისთვის მისმა iPhone-ზე გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი ჩამოტვირთვა მოიტანა. ამას მოჰყვა iPad აპი და Pinterest Mobile, ვებსაიტის ვერსია არა iPhone მომხმარებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ სილბერმანი და რამდენიმე პროგრამისტი საიტს პატარა ბინიდან მართავდნენ.
გამოხმაურება
ახალი, წარმატებული პლატფორმის გამოჩენამ დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია. 2011 წლის 10 აგვისტოს ჟურნალმა Time-მა Pinterest 2011 წლის 50 საუკეთესო ვებსაიტში შეიყვანა, იმავე წლის დეკემბერში საიტი 10 უმსხვილეს სოციალურ ქსელში შეიყვანეს, მას კვირაში 11 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა. ამას გარდა, Pinterest-მა 2011 წლის საუკეთესო ახალი სტარტაპის ტიტული მოიგო TechCrunch Crunchies Awards-ზე. ეს მისი ჯილდოების სრული სია არ არის.
ცვლილებები Pinterest-ზე
2012 წლის 23 მარტს Pinterest-მა მომსახურების განახლებული პირობები გამოაქვეყნა, რომლითაც გააუქმა თავისი მომხმარებლების კონტენტის გაყიდვის პოლიტიკა. იმავე წლის აგვისტოში მან კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა – საიტზე გასაწევრიანებლად მოთხოვნა ან მოწვევა აღარ იყო საჭირო. ოქტომბერში Pinterest-მა გამოუშვა ბიზნეს ანგარიშები, რაც საშუალებას აძლევდა ბიზნესს, არსებული პერსონალური ანგარიშები ბიზნეს ანგარიშებად გადაეკეთებინათ, ან სრულიად ნულიდან აეწყოთ. ამ ნაბიჯმა პლატფორმას მეტად კომერციული ელფერი შემატა.
დროთა განმავლობაში ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ ასპარეზობა დაიწყო როგორც სოციალურმა ქსელმა, თანდათან Pinterest-მა ყურადღება გაამახვილა ვიზუალურ ძიებასა და ელექტრონულ კომერციაზე, რითაც კიდევ უფრო გაზარდა არეალი.
2019 წლის თებერვალში კომპანიის მთლიანმა ღირებულებამ 12 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა ერთ წელიწადში ეს რიცხვი კიდევ გაიზარდა.
Pinterest დღეს
ბოლო, 2022 წლის მონაცემებით, პლატფორმას 450 მილიონი გლობალური ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მის მთავარ იდეად მომხმარებლის შთაგონება რჩება, თუმცა დღეს მას განიხილავენ, როგორც ვიზუალური ძიების ერთ-ერთ საუკეთესო სისტემას. მან ასევე დაამატა ვიდეოების ფუნქციაც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ატვირთონ და შეინახონ ნებისმიერი სიგრძის კლიპები პირდაპირ საიტზე.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი