საკუთარი ხელით აწყობილი ინტერიერი, ჯანსაღი პროდუქტებისაგან მომზადებული ბურგერები და რეკლამის გარეშე დამკვიდრებული ადგილი – ეს PIPES burger joint -ია. ორი თვის წინ დაწყებულ, უკვე წარმატებულ ბიზნესზე მარკეტერი მის დამფუძნებელსა და შეფს, მიშა დათებაშვილს ესაუბრა.
M: როდის და რატომ გაჩნდა იდეა გახსნილიყო PIPES burger joint ?
ზუსტად ორი თვის წინ გამოვჩნდით ბაზარზე. ჩვენი მიზანი იყო, რომ უმრავლესობის აზრი ბურგერების , როგორც ე.წ. “ჯანქი” საკვების მიმართ შეგვეცვალა და მათთვის ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შეგვეთავაზებინა. მე თვითონ ბურგერების დიდი მოყვარული ვარ, თბილისში კი ნორმალურ ბურგერებს ვერ ვპოულობდი. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე თავისუფალი ნიშის დაკავება.
M: PIPES burger joint- როგორ შეარჩიეთ ეს სახელი?
სახელი რესტორნის ინტერიერიდან გამომდინარე შევარჩიეთ. ყველაფერი ჩვენი ხელით, მილებისგან ავაწყვეთ, მათ შორის – სკამები და მაგიდებიც. Pipes ინგლისურად მილს ნიშნავს და სახელიც აქედან წამოვიდა.
M: რას სთავაზობს განსხვავებულს PIPES burger joint მომხმარებელს?
მომხმარებელს მაღალი ხარისხის ბურგერს ვთავაზობთ. ჩვენი ბურგერები არ არის სტანდარტული, ე.წ. “ჯანქი” საკვები. ეს ბურგერები უმაღლესი ხარისხის პროდუქტისა და მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით მზადდება. ყველა სოუსი ადგილობრივად მზადდება.
M: გაქვთ თუ არა გამოცდილება ამ სფეროში?
პროფესიით გრაფიკოსი ვარ, მაგრამ ასევე დავამთავრე კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემია და ორ წელზე მეტი სხვადასხვა რესტორნებში მზარეულად ვიმუშავე. ბოლოს ერთ-ერთი რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი საქმე დამეწყო.
M: თქვენ თავად ამზადებთ ბურგერებს?
ყველა ბურგერი თუ სოუსი ჩემი შექმნილია. ამ ეტაპზე პროფესიონალი მზარეულები მყავს აყვანილი, რომლებიც ჩემი რეცეპტის მიხედვით ამზადებენ, მე კი ყოვედღიურად ვაკონტროლებ ხარისხს. სექტემბრიდან მომხმარებელს ყოველ კვირა განსხვავებულ ბურგერებს შევთავაზებთ.
M: ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია კომპანიაში დასაქმებული?
ჯერჯერობით სულ ათი ადამიანი ვართ დასაქმებული. დღის უმეტეს ნაწილს კომპანიას ვუთმობ.
M: ახლად დაწყებულ ბიზნესს როგორ შეაფასებთ?
ამ ეტაპზე ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ჯერ კიდევ ზაფხულია და მომხმარებელი მაინც გვყავს. რაც შეეხება განვითარებას და კომპანიის ფეხზე წამოდგომას, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ აგრესიული მარკეტინგით არ შემოვიდოდით ბაზარზე, რადგან ეს უსარგებლო ხარჯია. გვირჩევნია პროდუქტი ხალხმა გაიცნოს და ვირუსულად გავრცელდეს. ამ სტრატეგიამ უკვე ძალიან გაამართლა. რეკლამის გარეშე შევედით ბაზარზე და ასე დავიმკვიდრეთ ადგილი.
M: დიდი კონკურენციის ფონზე, რა არის თქვენი უპირატესობა ?
კონკურენცია დიდია, გარდა საერთაშორისო ბრენდებისა, კიდევ რამდენიმე კარგი ხარისხის საბურგერე გაიხსნა თბილისში და ამ ყველაფერს მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ მათთვის კონკურენტუნარიან პროდუქტს ვქმნით, რადგან იმავე ფასად ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქტს, რაც მათ აქვთ, ამავდროულად ჩვენი პროდუქტი ჯანსაღია. ჩვენ ზედმეტად არ ვზრდით ფასებს, სწორედ ამიტომ თანაბარი ფასების შენარჩუნებას ვახერხებთ. ეს გზა სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანები უნდა გამოკვებოს მზარეულმა და არა -კოსტუმიანმა ტიპმა, რომელიც ბიზნესს მართავს.
M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ?
იმის გამო, რომ PIPES burger joint-ს კარგი გამოხმაურება მოჰყვა, გადავწყვიტეთ გავფართოვდეთ. მალე მეორე ფილიალს გავხსნით.
M: როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო წარმატებისთვის?
აუცილებელია დიდი სურვილი და მისწრაფება იმ საქმისადმი, რასაც აკეთებ. როცა მთელ გულს დებ საქმეში და მხოლოდ მატერიალური დაინტერესების გამო არ მუშაობ, წარმატება აუცილებლად მოვა.
ავტორი : მანანა ნოდია