in

არის თუ არა პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსება მუდმივი პროცესი?

მართალია, ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრი მუშაობა საზიანოა, მაგრამ ეს საკითხი მაინც პრობლემად რჩება… და რა არის საჭირო უფრო მდგრადი სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 200 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა იმ დასაქმებულებთან, რომელთაც მინიმუმ 1 ზრდასრული შვილი ჰყავდათ.

უმრავლესობა სამსახურს ძალიან მომთხოვნად, დამღლელად და ქაოტურად აღწერდა. მეტიც, ისინი ბევრ მუშაობას პროფესიული წარმატებისთვის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და ამ რეჟიმს პირადი სტრატეგიებით უმკლავდებოდნენ. მართალია, თითოეული შემთხვევა დიდად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ კვლევისას ერთი საერთო ფსიქიკური პროცესი გამოიკვეთა, რომელსაც დასაქმებულთა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. თუმცა ეს არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი ციკლია, რომელშიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ჩაერთოთ, რადგან გარემოებები და პრიორიტეტები ვითარდება. ციკლი კი, თავის მხრივ, 5 განსხვავებული ეტაპისგან შედგება:

1. პაუზა და დენორმალიზება

ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა გსტრესავთ — ბალანსის არქონა თუ უკმაყოფილება? როგორ მოქმედებს ეს ფაქტორები თქვენი მუშაობის ხარისხსა და ჩართულობაზე? რა არის თქვენთვის პრიორიტეტი? რისი დათმობა გიწევთ? რას კარგავთ? მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენს გონებას ამ საკითხებზე შეაჩერებთ, მათთან გამკლავებასაც შეძლებთ.

კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ ეს მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა დედა გახდა — იცოდა, რომ აუცილებლად უნდა ემუშავა, მაგრამ დაფიქრდა იმაზე, თუ რა ეტაპზე იყო დედის ამპლუაში, ამიტომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და არსებული ჩვევების დენორმალიზებას შეუდგა. 

ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობდა, რომ უბრალოდ გაჩერების და დაფიქრების დრო არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, როგორებიცაა ბავშვის დაბადება ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, რაც არსებულ რეალობას აჩქარებს და გიბიძგებთ, თქვენივე პრიორიტეტებს გადახედოთ. შესაძლოა, ზოგიერთ პროფესიონალს ბევრ მუშაობასთან პრობლემა საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ ზემოთ მოცემულ კითხვებზე დროის დახარჯვა სასარგებლოა მათთვის, ვინც პროფესიული და პირადი ცხოვრების დაბალანსებისთვის ალტერნატიული გზების პოვნისკენ მიისწრაფვის. 

2. ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ემოციებზე

მას შემდეგ, რაც არსებულ სიტუაციას გააანალიზებთ, დაფიქრდით, როგორ გაგრძნობინებთ იგი თავს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ეს ენერგიას გმატებთ და გაკმაყოფილებთ, თუ გღლით და თავს დამწუხრებულად გაგრძნობინებთ?

გამოდის, თქვენი ცხოვრების მამოძრავებელი პრიორიტეტებისა და გადაწყვეტილებების რაციონალური გაგება მნიშვნელოვანია, თუმცა აქ ემოციებსაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. უნდა გაიგოთ, როგორ გრძნობთ თავს კონკრეტულ სიტუაციაში. ეს მნიშვნელოვანია, რათა განსაზღვროთ თქვენი პირადი და პროფესიული ცხოვრებისთვის საჭირო ცვლილებები.

3. ხელახლა განსაზღვრეთ პრიორიტეტები

თქვენი გონებრივი და ემოციური ცოდნის გაზრდით კი პერსპექტივების განსაზღვრასა და მათზე პრიორიტეტების მორგებას შეძლებთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რისი დათმობა მსურს ახლა და რამდენი ხნით? თუ, მაგალითად, სამსახურს მიანიჭებთ პრიორიტეტს, რატომ ფიქრობთ, რომ ასე უნდა მოიქცეთ? ნამდვილად საჭირო და გარდაუვალი საკითხია? რას ნანობთ უკვე ან რას ინანებთ თუ არჩეულ გზას გაჰყვებით?

4. განიხილეთ თქვენივე ალტერნატივები

სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, დააკვირდით თქვენი პროფესიული და პირადი ცხოვრების იმ ასპექტებს, რომლებიც შეგიძლიათ შეცვალოთ, რათა უკეთ შეუსაბამოთ თქვენივე პრიორიტეტები. არსებობს თუ არა თქვენს სამსახურში ისეთი საკითხები, რომელთა შეცვლასაც ისურვებდით? რამდენი დროის გატარება გსურთ თქვენს ოჯახთან ან რამდენის თქვენს ჰობებზე?

5. განახორციელეთ ცვლილებები

დაბოლოს, მას შემდეგ, რაც პრიორიტეტებს განსაზღვრავთ, ფრთხილად განიხილავთ იმ ვარიანტებს, რომელთა გაუმჯობესებაც შეგიძლიათ, მოქმედების დრო დგება. შესაძლოა, ეს საჯარო ცვლილებას ნიშნავდეს — იმას, რაც თქვენი კოლეგების მოლოდინებს შეცვლის, მაგალითად, ახალი როლის შესრულება, რომელიც ნაკლებ დროს მოითხოვს ან პირადი ცვლილება, რომელშიც თქვენს სამუშაო ჩვევებს არაფორმალურად ცვლით, თანაც, თქვენი კოლეგების მოლოდინების შეცვლის გარეშე. 

შესაძლოა, როგორც საჯარო, ისე პირადი ცვლილება ეფექტური სტრატეგია იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ის მდგრადად არის შესრულებული. პირად ცხოვრებაში ეს საზღვრების დაწესებას ნიშნავს — საღამოს, შაბათ-კვირას და სხვა დასვენების დღეებში მუშაობაზე უარის თქმა ან თქვენს თანამდებობასთან დაკავშირებული მოთხოვნების უარყოფა, იქნება ეს ახალი პროექტები თუ მივლინებები. საჯარო ცვლილებებისთვის კი, უბრალოდ იმის თქმის ნაცვლად, რომ უფრო მეტი დასვენება გსურთ ან უფრო მოქნილი სამუშაო განრიგი, მიიღეთ მხარდაჭერა პარტნიორებისა და თანამშრომლებისგან. კიდევ უკეთესი, შეგიძლიათ ოფიციალურად დაიკავოთ ახალი შიდა თანამდებობა ან შეადგინოთ მოქნილი სამუშაო სქემა, რაც, მეტად სავარაუდოა, რომ გრძელვადიან ცვლილებებს გამოიწვევს. 

როგორც უკვე გითხარით, ეს ერთჯერადი აქტივობა არ არის, არამედ უწყვეტი ხელახალი შეფასებისა და გაუმჯობესების ციკლია — დადგინდა, რომ რეალური ცვლილებების განსახორციელებლად, საჭიროა, გახსოვდეთ პაუზა, გქონდეთ თქვენს ემოციებთან კავშირი, გადახედოთ პრიორიტეტებს, შეაფასოთ ალტერნატივები და დანერგოთ ცვლილებები თქვენი მთლიანი პირადი და პროფესიული ცხოვრების განმავლობაში. 

 

წყარო: HBR



ნახეთ: თინათინ ჯაბანაშვილის ფოტო The Guardian-ის გამოცემაში

Netflix-ის ციფრული წიგნი გვიამბობს, როგორ შეიქმნა პინოქიოს ანიმაცია