უკვე დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელებში ყოფნა მხოლოდ მნიშვნელოვანი ამბების გაზიარებას არ ეხება. პირდაპირ მომხმარებლების, პარტნიორობებისა თუ გულშემატკივრების მოზიდვაში გვეხმარება. აქ კი მთავარი კითხვა შემდეგია: როგორ უნდა შევინარჩუნოთ ავთენტურობა ისე, რომ არც ზედმეტი ინფორმაციები გავაზიაროთ და არც საფრთხე შევუქმნათ ურთიერთობებს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ დავაბალანსოთ პირადი და პროფესიული ამბები ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე? პასუხის პოვნაში ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ:
1. გაარკვიეთ, რა გსურთ
ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და დაფიქრდით, როგორ გინდათ წარმოჩინდეთ ონლაინ სივრცეში. ზოგიერთი პირად და პროფესიულ ექაუნთებს განცალკევებულად ქმნის, სამსახურისთვის სუფთა, მოწესრიგებულ პროფილს ანიჭებს უპირატესობას, პერსონალური ამბები კი უფრო პატარა აუდიტორიისთვის აქვს გამიზნული. ზოგსაც ერთი ექაუნთი ურჩევნია, რომელშიც მათი შემოქმედებითი იდენტობა პირად ამბებს ერწყმის.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელს აირჩევთ, მთავარია, მკაფიო საზღვრები დააწესოთ. აუცილებელია, წინასწარ განსაზღვროთ, ცხოვრების რომელ ასპექტებზე არ ისაუბრებთ, იქნება ეს პირადი ურთიერთობები, ოჯახი თუ სხვა, ამ წესების წინასწარ დაწესება მომავალში კონტენტის შექმნას გაგიმარტივებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ონლაინ ცხოვრება თქვენს პიროვნებას უნდა ასახავდეს, ოღონდ იმ ნაწილს, რომლის გაზიარებითაც თავს კომფორტულად გრძნობთ.
2. ისაუბრეთ იმაზე, რაც მართლა გაინტერესებთ
ავთენტურობის შესანარჩუნებლად თქვენი ცხოვრების ყველა დეტალის გაშიშვლება არ გჭირდებათ. უბრალოდ ამბავი ისე მოჰყევით, რომ თქვენს პროფესიულ იდენტობას შეესაბამებოდეს. სამუშაოს მიღმა არსებული ამბები, პროექტის ევოლუცია თუ თქვენი შემოქმედებითი მოგზაურობის ასახვა მეტ პერსონალიზმს შემატებს თქვენს ბრენდს. ორგანული შეგრძნებისთვის ისეთი თემები გააზიარეთ, რომლებიც მართლა გაინტერესებთ. მაგალითად, თუ დიზაინერი ხართ, შეგიძლიათ, ეკომეგობრულ პრაქტიკებზე ისაუბროთ…
3. გამოყავით დრო მუშაობისთვის
ყურადღება მიაქციეთ, რამდენ დროს ატარებთ სოციალურ მედიაში, რადგან ჯანსაღი საზღვრების შენარჩუნება დადებითად აისახება თქვენს მენტალურ ჯანმრთელობასა თუ პროდუქტიულობაზე. მთელი დღე სქროლვა სამსახურსა და პერსონალურ ცხოვრებას შორის საზღვარს ბუნდოვანს გახდის, ამიტომაც გჭირდებათ გამოყოფილი სამუშაო საათები, რომელსაც პოსტების დადებას დაუთმობთ, შემდეგ კი შეტყობინებებსაც გამორთავთ და რაიმე სხვაზე გადაერთვებით. გახსოვდეთ, არ ხართ ვალდებული 24/7-ზე იმუშაოთ — ასე გადაიწვებით.
4. დაფიქრდით, რა მონაცემებს აზიარებთ
არც პერსონალური ინფორმაციების გაზიარებისა და უსაფრთხოების საკითხები დაგავიწყდეთ. დარწმუნდით, რომ საჯაროდ არ გააზიარებთ ტელეფონის ნომერს, მისამართს და სხვა სენსიტიურ, პირად ინფორმაციას. ლოკაციების გაზიარების დროსაც ფრთხილად იყავით და გამოიყენეთ ის ორმაგი ავთენტიფიკაციის ხელსაწყოები, რომლებსაც პლატფორმები გთავაზობთ.
5. არ ხართ ვალდებული, ყველა შეტყობინებას უპასუხოთ
აუდიტორიასთან კავშირის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა არ ხართ ვალდებული თქვენს პირად ცხოვრებაზე დასმულ კითხვებს უპასუხოთ ან არასათანადო დისკუსიებში ჩაერთოთ. თუ საუბარი შემთხვევით თქვენთვის ნაკლებად კომფორტულ სივრცეში გადავა, ეცადეთ, თავაზიანად აირიდოთ თავიდან, მომავალში კი გამოცდილებად ჩათვალოთ.
ციფრული ემპათიის გამომუშავებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თავად გსიამოვნებთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიღება, ეცადეთ, მისი ავტორი თქვენც იყოთ სხვა კრეატორებთან ურთიერთობისას — ასე თქვენს პროფესიულ საზოგადოებასაც გააძლიერებთ და მეტად პოზიტიურ ონლაინ სივრცეს შექმნით.
რაც შეეხება უარყოფით უკუკავშირს, აუცილებელია, სწორად განსაზღვროთ, როდის უნდა ჩაერთოთ ამგვარ საუბრებში და როდის გაჩერდეთ. თუ ვიღაც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს, უმჯობესია, დაბლოკოთ ან აუკრძალოთ თქვენს პოსტებზე კომენტარების წერა.
6. შეუსაბამეთ კონტენტი თქვენს კარიერულ მიზნებს
პოსტები კატეგორიებად დაყავით, იქნება ეს პორტფოლიოს განახლებები, სამსახურთან დაკავშირებული ამბები თუ პირადი. რეგულარულად თქვენი ონლაინ პროფილის აუდიტიც გააკეთეთ და ნახეთ, მიჰყვება თუ არა თქვენი კარიერის განვითარების გზას თქვენივე კონტენტი. თუ ნახავთ, რომ კონკრეტული პოსტი არ შეესაბამება თქვენს დღევანდელ ვერსიას, ჩვეულებრივ შეგიძლიათ, გადაიტანოთ არქივში ან წაშალოთ.
გახსოვდეთ, რომ ყველა შემოქმედებითი პროექტის გაზიარება არ არის საჭირო, შეგიძლიათ, პირადი სივრცეც თავისუფლად დაიტოვოთ ექსპერიმენტებისთვის…