როდესაც ზოგიერთი ცნობილი ადამიანი საზოგადოებრივ სივრცეში გამოჩნდება, მის გარშემო მკაცრი გამომეტყველების ადამიანებს დაინახავთ – დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მსგავსი სურათი იშვიათი არაა სხვა მაღალი პროფილის პირების შემთხვევაშიც, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა „ჩვეულებრივ მოკვდავს“ სჭირდება დაცვა, თუნდაც რამდენიმე საათით?
ამ კითხვაზე პასუხი 25 წლის ნიკ სარათმა გასცა, რომელმაც შექმნა Protector – აპლიკაცია, რომელიც პირადი დაცვის სერვისს Uber-ის პრინციპით აწვდის მომხმარებელს. იდეა მარტივია – გჭირდებათ დაცვა აეროპორტიდან სასტუმრომდე? ან იქნებ საღამოს ღონისძიებაზე წასვლა გსურს დაცულ გარემოში? Protector-ის დახმარებით, რამდენიმე დაწკაპუნება და პროფესიონალი დაცვის თანამშრომელი შავი Cadillac Escalade-ით ან Chevy Suburban-ით უკვე გზაშია.
აპლიკაციის უნიკალურობა მხოლოდ მარტივ ინტერფეისში არ მდგომარეობს. Protector-ის დაცვის თანამშრომლები ელიტური სპეცდანიშნულების რაზმების ყოფილი წევრები არიან – საჰაერო ძალების სამაშველო სამსახურიდან, SWAT-იდან და Navy SEAL-იდან. ყველას აქვს იარაღის ტარების ლიცენზია და შესაბამისი მომზადება. თქვენ კი შეგიძლიათ აირჩიოთ მათი გარეგნული იერსახეც – ოფიციალური კოსტიუმებიდან „ტაქტიკურ“ ჩაცმულობამდე.
სერვისის პოპულარობა TikTok-ზე გავრცელებულმა ვიდეომ მოიტანა, სადაც ორი ინფლუენსერი აჩვენებს, როგორ გამოიძახეს დაცვა, აეროპორტში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ჩასვლისას. 11.2 მილიონი ნახვის მქონე ვიდეოში ასახულია მათი დღე დაცვის თანხლებით – მატჩას დასალევად გაჩერება, მოდის ჩვენებაზე დასწრება და შოპინგი. კომენტარებში კი უამრავი ადამიანი წერს, რომ მოუთმენლად ელის აპლიკაციის გაშვებას.
საბაზისო პაკეტი, რომელიც მოიცავს დაცვასა და მძღოლს, საათში $200 ღირს. თუმცა, თუ გსურთ სრული მოტოკოლონა ან დამატებითი უსაფრთხოების ზომები, ფასიც შესაბამისად იზრდება. ჯერჯერობით, სერვისი მხოლოდ ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესშია ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანიის პოპულარობის ზრდის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მალე სხვა ქალაქებშიც გამოჩნება.
სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია პროფესიონალური დაცვის სერვისი ხელმისაწვდომი გახადონ ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. მართლაც, Protector-ის გამოჩენით, პირადი დაცვის დაქირავება ისევე მარტივი გახდა, როგორც ტაქსის გამოძახება – ოღონდ ამ შემთხვევაში მძღოლთან ერთად ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრიც მოდის.
წყარო: Fastcompany