9
Apr
2019

ფიროსმანი, გენია თუ უბრალო მხატვარი?

9 Apr 2019

საქართველოში ნიკო ფიროსმანაშვილზე, როგორც მხატვარზე, აზრი ორად იყოფა. ხელოვნება მოყვარულთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ის გენიაა, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ უბრალო მხატვარი. ფაქტია, რომ ნიკალას ბევრი კარგი და ცნობილი მხატვარი აფასებდა. მათ შორისაა პირველი ქართველი ქალი პორტრეტისტი ქეთევან მაღალაშვილი და ლადო გუდიაშვილი.

ლადო გუდიაშვილი ამბობდა: ,,ჩემთვის დღემდე გაუგებარი რჩება, საიდან გაჩნდა ფიროსმანი! განა საოცარი არ არის?! ის ხომ თვითონ არის პირველწყარო!”

ქეთევან მაღალაშვილი კი იხსენებდა: ,,ძალიან მორცხვი და უკელთიშობილესი პიროვნება იყო. მაშინ სრულიად ვერ ჩავწვდი ამ შეხვედრის მნიშვნელობას. აი, ახლა რო მენახა, თაყვანს ვცემდი.”

ასევე საინტერესოა პიკასოს თვალით დანახული ნიკალა, რომელიც პაბლოს წარმოსახვის ნაყოფია და შეიქმნა 1972 წელს. ეს გრაფიკული ნამუშევარი ერთი შეხედვით მხოლოდ ქაოსს თუ დაგანახებთ. პიკასო და ფიროსმანი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, მაგრამ პიკასოს ბევრი სმენოდა მასზე ფიროსმანის ცხოვრების მკვლევარი ზდანევიჩისგან. (1912 წელს თბილისში არდადეგებზე ჩამოსულმა ძმებმა ილია და კირილე ზდანევიჩებმა ფიროსმანი აღმოაჩინეს).

ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ის დაიბადა სოფელ მირზაანში, კახეთში, გლეხის ოჯახში. მისი დაბადების 1862-1866 და 1863 წლებს შორის ვარაუდობენ. გარდაიცვალა 1918 წლის გაზაფხულზე. ნიკალას არასდროს ჰყოლია ოჯახი და არც შთამომავლობა დარჩენია. მან თავადვე ააშენა სახლი მირზაანში, სადაც თითქმის არ უცხოვრია, რადგანაც თბილისი მალევე გახდა მისი მუდმივი სამყოფელი.

ნიკალა ობოლი იყო და ცნობილია, რომ ის ქალანთაროვებთან იზრდებოდა. ნიკალა ჩუმი, მორცხვი და მგრძნობიარე ბავშვი ყოფილა. პატარაობიდანვე მოსწონდა ხატვა და ხატავდა ხან ნახშირით და ხანაც ფანქრით. ფიროსმანს საშუალება არ ჰქონია პროფესიულად შეესწავლა ხატვა, ამიტომ ის თვითნასწავლ მხატვრად ითვლება.

ფიროსმანი დიდად არ ცდილობდა, ჰქონოდა სტაბილური სამსახური და შემოსავალი. მას ხატვა სურდა. გულს ვერ უდებდა ვერაფერს გარდა ხატვისა. მისი ბოლო სამსახური, რომელიც, როგორც ცნობილია, ქალანთაროვებმა უშოვეს, რკინიგზა იყო. რკინიგზაზე კონდუქტორად მუშაობდა ოთხი წლის განმავლობში. 1894 წელს ის სხვადასხვა მიზეზის გამო დაითხოვეს. ხშირად აცდენდა სამსახურს. ხან ავადმყოფობდა, ხან შვებულებას ითხოვდა, ითხოვდა ავანსებს, ბიულეტინებს. ასევე ცნობილია, რომ არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება თანამშრომლებთან და სარგებლობდა უფასო ბილეთებით.

ბოლოს და ბოლოს, მისთვის ეს სამუშაოც დამთავრდა. რკინიგზისგან კომპენსაციაც მიიღო და დანაზოგიც გადადო. ფიროსმანი კარგ თანამშრომლად არ ითვლებოდა, პირიქით, სულ იტყუებოდა და ახალ ამბებს იგონებდა, რომ როგორმე შვებულებაში გასულიყო და თბილისისკენ აეღო გეზი. რკინიგზის მერე იყო ბაზრის მახლობლად ჩადგმული დახლი და გაყიდული რძის ნაწარმი. შემდგომში დახლი დუქნად გადაიქცა, სადაც რძეს და თაფლს ჰყიდდა. თუმცა, მალე ამ საქმეზეც გული აიცრუა.

ნიკალა მოხეტიალე მსახიობს ჰგავდა, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და მუდმივად გადაადგილდება. ის იყო ძველი თბილისის მხატვარი, მედუქნეების მეგობარი. 1914 წლამდე ნიკალას შეკვეთები არ მოჰკლებია, ხატავდა და ზოგჯერ ნორმალურადაც ცხოვრობდა.

მის ცხოვრებაში მხოლოდ ორი ქალი არსებობდა – ერთი ყველასათვის ლეგენდად ქცეული ფრანგი აქტრისა მარგარიტა, რომელსაც ლეგენდის თანახმად ერთი ურემი ვარდები მიუტანა და მეორე ელისაბედ ქალანთაროვა მასზე თხუთმეტი წლით უფრსი ქალი, რომელთანაც ასევე არ შედგა ურთიერთობა. ნიკალას ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი რუსი მრეცხავი ქალი მარუსია. ფიროსმანი მასთან კარგა ხანს ცხოვრობდა და ცნობილია, რომ მას მარგარიტას ეძახდა. ნიკალამ თავისი ცხოვრების ბოლო წლები მარტოობაში, სიღარიბესა და ლოთობაში გაატარა.

სირაჯ მესხიშვილი ნიკალაზე ამბობდა: ,,ხატავდა იმიტომ რომ დაელია და სვამდა იმიტომ რომ დაეხატაო.’’

მისი ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები აღმოჩდნენ ძმები ზდანევიჩები, რომლებმაც მისი ნახატები დუქნებში ნახეს. მათ დაიწყეს ფიროსმანის ნახატების შეძენა-შეგროვება. ცნობილია, რომ ნიკალას შესთავაზეს საფრანგეთში წასვლა, მაგრამ მან უარი განუცხადა. ნიკალას სიცოცხლეშივე მოეწყო მისი პირველი გამოფენა მოსკოვში. ესეც ძმები ზდანევიჩების ძალისხმევით. მას გამოფენა გაუმართეს თბილისშიც.

ნიკალას არ აღიარებდნენ იმ დროის ცნობილი მხატვრები. გრიგოლ რობაქიძე კი მასზე ფიქრობდა, რომ ფიროსმანმა ხატვა არ იცოდა და ათი-ოცი წელიწადი დასჭირდებოდა ხატვის შესასწავლად. ცნობილია, რომ ნიკალამ ძალიან განიცადა მისი ასეთი შეფასება და უთქვამს: ,,ამდენ წელიწადს თუ კიდე უნდა ვისწავლო, ჩემგან რაღა დარჩებაო”.

ცხოვრების ბოლო წლებში, ის დუქნის მოხატვის ან ტილოს დახატვისას დამკვეთებისგან ფულად ანაზღაურებას აღარ იღებდა. ხატავდა არყის და საჭმლის სანაცვლოდ. მისთვის ტანსაცმელი უმნიშვნელო იყო და ზოგჯერ ფეხსაცმელიც არ ჰქონია ისეთი, რომ თავისუფლად ევლო ქუჩაში.

დადგა 1914 წელი. პირველმა მსოფლიო ომმა ნიკალაც დაასამარა. წაართვა შემოსავალი. დუქნებმა დაკეტვა დაიწყეს. პირველმა მსოფლიო ომმა მოსპო ის სივრცეები, რომლებიც ნიკალას პურს აჭევდნენ. ქვეყანა გაჭირვებამ მოიცვა. ცნობილია, რომ ამოქმედდა მშრალი კანონი, რადგან რუსი ჯარისკაცები განსაკუთრებულად ბევრს სვამდნენ. დუქნები კოტრდებოდნენ და დახურვას განაგრძნობდნენ. ნიკალა აღარავის სჭირდებოდა, თუმცა მისი ნახატები იყიდებოდა ყველგან.

დიმიტრი შევარდნაძე ცდილობდა, ეზრუნა მასზე, მაგრამ ნიკალას გადაკარვა სჩვეოდა და რთული ხდებოდა მისი პოვნა. ნიკალა სადგურთან ცხოვრობდა, კიბის ქვეშ, შეშისა და ღვინის საწყობში. ფიროსმანი ბოლო შეკვეთაზე მუშაობდა სასტუმროში, როცა აღარ გამოჩნდა, ვინმე ცალფეხა მაისურაძემ მიაკითხა და ძირს დაგდებული ნახა. იმ დროს გრიპი ,,ისპანკა’’ მძვინვარებდა ქალაქში. წამალი რთული საშოვნელი იყო. ფიროსმანი სავადმყოფოში აღმოჩნდა. ორმოცდათექვსმეტი წლის, ნაადრევად დაბერებული, ღატაკი, უსახლკარო, ავადმყოფი ფიროსმანი ისე გარდაიცვალა და ისე დამარხეს, რომ მისი კვალიც კი ვეღარავინ იპოვა. ასეთი ტრაგიკული ბედის აღმოჩნდა იგი.

ფიროსმანი წლების შემდეგ დააფასეს, თუმცა, როგორც მისი სიცოცხლის პერიოდში, ისე დღესაც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მას, როგორც მხატვარს არ აღიარებენ. ფიროსმანის ნაწარმოებებში ცხადად ჩანს, რომ ის თვითნასწავლი მხატვარია და აკადემიური განათლება არ მიუღია. ფიროსმანმა ნაივური, ქართულად – გულუბრყვილო ხელოვნება დაამკვიდრა საქართველოში. ფიროსმანის ნაწარმოებები პრიმიტივიზმია, თითქოს ბავშვის ნახატებს წააგავს – მარტივია და სუფთა.

მისი ნაწარმოებების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. დიდი რაოდენობა სურათებისა ასახავს ქეიფის სცენებს. ეს ალბათ გასაკვირი არც არის, რადგან მისი ნახატების უმრავლესობა დუქნებისთვის და სამიკინტოებისთვის სრულდებოდა. ნიკალაც იქ მოქეიფე ხალხს გამოსახვადა. ნიკალა ხატავდა იმას, რაც იმ დროს ხდებოდა, ძველი თბილისის მხატავრი ასახავდა ძველი ქალაქის ცხოვრებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დუქანი, რომელშიც ის ხატავდა, პატარა გალერეას წარმოადგენდა. ფიროსმანს სხვა თემატიკის ნამუშევრებიც აქვს. მაგალითად, ცხოველები, ქალაქების ხედები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ნატურმორტები.

ნიკალას შემოქმედებაზე ფიქრისას პირველ რიგში გვახსენდება ცნობილი ,,მეეზოვე’’, ,,მეთეზვე“ (წითელ პერანგში), ,,გოგონა საჰაერო ბუშტით’’, ,,ჟირაფი ’’ და, რა თქმა უნდა, ლეგენდად ქცეული ,,აქტრისა მარგარიტა.’’

როგორც დიმიტრი შევარდნაძე ამბობდა: „ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება.“

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების უმრავლესობა დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ასევე, მოსკოვში, პეტერბურგსა და პარიზში. ფიროსმანის ნამუშევრებს კერძო მესაკუთრეებიც ჰყავს. მცირე ნაწილი კი მირზაანის მუზეუმშია. რამდენიმე ნამუშევარია სიღნაღში. თბილისში, იმ სახლში, სადაც ფიროსმანი ცხოვრობდა, მხოლოდ სურათების ასლებია დაცული.

ითვლება, რომ სურათი ,,ქალი დაირით” საბჭოთა პერიოდში ქვეყნიდან შტეფან ცვაიგმა გაიტანა და რომ, ახლა ის ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

ქვეყნის გარეთ იყო ფიროსმანიშვილის ტილო ,,არსენალის მთა ღამით”. ეს ნამუშევარი, ცნობილი ფრანგი პოეტის ლუი არაგონის მემკვიდესთან ინახებოდა და ორჯერ გაიყიდა აუქციონზე. ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

18 წლის განმავლობაში უცნობი იყო ,,შავი ლომის’’ ბედი. 1993 წელს ის ქართველი მხატვრის აპოლონ ქუთათელაძის შვილის სახელოსნოდან მოიპარეს. 2011 წელს კი ტილო რუსეთში, ერთ-ერთ სალონში გამოფინეს.

ფილმი ,,ფიროსმანი’’ კინოეკრანებზე 1969 წელს გამოჩნდა. გიორგი შენგელაიამ შეძლო, გადმოეცა ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრება. მასში მთავარ როლს ასრულებს მხატვარი ავთო ვარაზი, რომელიც, როგორც ამბობენ, გარეგნულადაც ჰგავდა ნიკო ფიროსმანაშვილს. სამწუხაროდ, ვარაზი ისე გარდაიცვალა ფილმის წარმატებას ვერ მოესწრო.

ყველასთვის სიახლე აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები ქართველი ფესვების მქონე დიზაინერ ალექსანდრ არუტუნოვის 2015-2016 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება. მისი კოლექცია ფიროსმანის და გუდიაშვილის ნამუშევრებით იყო გაფორმებული. ამ ფაქტმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, დიზაინერს კანონი არ დაურღვევია.

ალექსანდრე არუთინოვიმა ,,რუსთავი-2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგი არ მალავს, რომ ეს ნახატები ფიროსმანის შემოქმედებაა და მის ინსტაგრამის ანგარიშზე ატვირთულ ფოტოებზე ფიროსმანიც აქვს მითითებული ჰაშტაგის საშუალებით.

ვფიქრობ, ფიროსმანი ამოუწურავია და უსასრულოდ შეგვიძლია მასზე საუბარი. ბევრისთვის ის კვლავ დუქნის მხატვრად რჩება ან სულაც ძალიან უბრალო მხატვრად, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი მხატვრებიდან ფიროსმანის ნამუშევრები დღეს ყველაზე ძვირად ღირებულია. ფიროსმანმა დამსახურებულად შეძლო წლების შემდეგ ის აქტუალური ყოფილიყო, მიეძღვნათ მისთვის ფილმი, სპეკტაკლი და სტატიები.

ავტორი: მარიამ ნაცვლიშვილი

განხილვა