11
Dec
2018

Piro$money – სხვადასხვა რეალობის შერწყმით შექმნილი ირეალობა

11 Dec 2018

Piro$money თბილისელი ფოტოგრაფის, ნიკა ქუთელიას პროექტია, რომელიც თანამედროვე და განსხვავებული თვალით აღქმულ რეალობას ფოტოებში აერთიანებს. ძველის და ახლის შერწყმა, ურბანული სივრცის გამფრავალფეროვნება და ადამიანების ირეალურ სამყაროში არსებობა სწორედ ისაა, რასაც ამ პროექტის ფარგლებში იხილავთ. ფოტოგრაფიის მოყვარული დროთა განმავლობაში ცდილობდა, მიჰყოლოდა მიმდინარეობას, რომელიც საქართველოში არც თუ ისე პოპულარული იყო. აკვირდებოდა უცხოელ არტისტებს და 2012-ში პირველი კოლაჟიც შექმნა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისთვის ახალი ტალღა იყო.

mBank QR
mBank QR

 

“2017 ში დავიწყე მობილური ფოტოგრაფია, სწორედ ამას მოჰყვა ყველაფერი. მსურდა, მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი მოწყობილობა (მობილური). Piro$money-ის გვერდზე დადებული ფოტოების 95% პროცენტი არის “მობაილ ედიტინგით” გაკეთებული. ყველაფერი ინდივიდუალურია,მოტივაციასა და ინსპირაციას ჩემი ქალაქი მაძლევს, ასევე, ხალხი,მუსიკა,ბუნება, მიზეზი ბევრია. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ფანტაზია, ბევრი კი მალავს ამას. აღვბეჭდავ ყველაფერს, რაც მომწონს, მიყვარს და რასაც შემდგომ იდეასთან ვაერთიანებ.”

M: თქვენი ნამუშევრები რამდენიმე რეალობას აერთიანებს, საიდან გაგიჩნდათ აზრი, რომ ამ ტექნიკით გემუშავათ?

სპონტანურად გამომივიდა, ამ საქმეში მთავარია მხოლოდ ფანტაზია და გემოვნება. ფერების კორექციას ძალიან ვაკვირდები. მომწონს ამერიკის 50-60-იანი წლების ფოტოგრაფია, დაწყებული კომერციით, დამთავრებული -ჩვეულებრივი ოჯახის პორტრეტებითა და რეტრო ფუტურიზმით. ეს ყველაფერი დიდ ინსპირაციას მაძლევს.

M: ცოტა უფრო დაწვრილებით მოგვიყევით, რა ტექნიკით მუშაობთ? 

ბევრი დრო მიაქვს იდეას, შეიძლება უცბად მომივიდეს რამე, არც მთლად ფოტოების ძებნაა ადვილი. თან კარგ ხარისხში იშვიათად არის ის, რაც მჭირდება ხოლმე კოლაჟის შექმნისთვის. რაც შეეხება ტექნიკას, გეტყვით აპლიკაციებს, რომელსაც ვიყენებ : UNION, VSCO, PRIIME, SNAPSEED. “მობაილ ედიტინგი” კი იმით არის კარგი, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, შეგიძლია შექმნა ის, რაც გინდა.

M: ძირითადად, რა ადგილებია ასახული სურათებზე?

ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა, სოხუმი, პეტერბურგიც – იგი ერთდაერთი ქალაქია რუსეთში, რომელიც ძალიან მომწონს, საერთოდ სხვა ატმოსფერო აქვს, სხვა ხალხი, სხვა მენტალიტეტი… მიყვარს საბჭოთა ბრუტალიზმი. რამდენიმე კოლაჟი მაქვს მაგ თემატიკაზე გაკეთებული, დაახლოებით 2 თვის წინ სულ ასეთ გარემოს ვეძებდი ხოლმე. მოტივაციას ვპოულობ იმ მომენტში, როცა მინდა შევქმნა რაღაც ესთეტიკურად ლამაზი, თუმცა, ამისთვის დრო მჭირდება. როდესაც კოლაჟის შექმნას ვიწყებ, დაზარების მომენტი საერთოდ არ მაქვს, იმიტომ რომ ვიცი, როცა დავამთავრებ და ვნახავ ჩემს დასრულებულ ნამუშევარს, უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ.

M: რაიმე პროექტსა ან კამპანიაში ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა?

“Tbilisi Photo Festival – ზე” მივიღე მინაწილეობა ამ წელს. “Flamingo-ს” აბრეშუმის მუზეუმის გამოფენაზეც, რაც ყველაზე კარგი წამოწყება იყო ჩემთვის ამ წელს, მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.

M: ახლა რა ეტაპზეა Piro$money და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

უკვე ფურცელზეც მაქვს რამდენიმე ნამუშევარი გაკეთებული. შეიძლება ამ ტექნიკაზე მალე აქტიურად გადავიდე. გეგმებზე ნაკლებად ვიცი ამ ეტაპზე, თუმცა, სხვა ქვეყნებიდან შემოთავაზებები მაქვს და, ვფიქრობ, სამომავლოდ რაღაც საინტერესო გამოვა. საქართველოშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი რაიმე საინტერესო პროექტზე.

M: და ბოლოს, რა განიჭებთ ყველაზე მეტად სიამოვნებას ამ ნამუშევრების შექმნის პროცესში?

ტყუილად არ ვკარგავ დროს და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

 

განხილვა