მკვლევრები ამჯერად აცხადებენ, რომ შესაძლოა, ჩვენი პიროვნული თვისებები, მოგვიანებით კოგნიტიური პრობლემების წარმოშობასთან იყოს დაკავშირებული. და თუ ეს მართლაც ასეა, ისეთი დაავადებების მკურნალობის გზები უნდა მივიღოთ, როგორიცაა დემენცია.
კვლევაში 1954 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთაც დემენციის ოფიციალური დიაგნოზი არ ჰქონდათ. მათ სპეციალურად შედგენილი კითხვარები შეავსეს, რომლებიც კონკრეტულ ასაკამდე მისვლის შემდეგ მათი ჯანმრთელობისა და კოგნიტიური მდგომარეობის მიხედვით განიხილეს. კვლევის ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენა კი ის არის, რომ ორგანიზებულ და თვითდისციპლინირებულ ადამიანებს კოგნიტიური პრობლემები ნაკლებად აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით ნერვიულ ადამიანებზე — ისინი მსგავსი დარღვევებისკენ უფრო მიდრეკილნი არიან.
„პიროვნებების თვისებები ფიქრისა და ქცევის შედარებით მდგრად მოდელებს ასახავს, რამაც, შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანსაღ თუ არაჯანსაღ ქცევასა და ჩვენს აზროვნებაზე იმოქმედოს. ამასთან ერთად, სიცოცხლის მანძილზე დაგროვებული გამოცდილება გარკვეული დაავადებებისა თუ დარღვევებისკენ მიდრეკილს გვხდის, ან საერთოდ ასაკთან დაკავშირებულ ნევროლოგიურ ცვლილებებს იწვევს“, — ამბობს ტომიკო იონედა, ფსიქოლოგი.
პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრისას, ხშირად „დიდ ხუთეულს“ ახსენებენ, რაც შეთანხმების უნარს, გამოცდილებისადმი გახსნილობას, პასუხისმგებლიანობას, ცუდ ემოციურ მდგომარეობასა და ექსტროვერტობას მოიცავს. კონკრეტული კითხვარით კი ბოლო სამი მახასიათებელი განიხილეს.
პასუხისმგებლობა ორგანიზებულობას, მიზანზე ორიენტირებულობასა და შრომისმოყვარეობას მოიცავს. კვლევის თანახმად კი, ასეთი ადამიანები კოგნიტიური დაქვეითებისკენ ნაკლებად მიდრეკილნი არიან.
რაც შეეხება ცუდი ემოციური მდგომარეობის ტესტს, ადამიანები, რომლებმაც აქ დაბალი ქულა მიიღეს, ემოციურად მეტად სტაბილურები იყვნენ და დეპრესიას ნაკლებად განიცდიდნენ. შესაბამისად, მათ შემეცნებითი დაქვეითების დაბალი რისკის მქონე ჯგუფს მიაკუთვნებენ. 48 ქულიანი შკალადან 7 ქულაზე მეტის მიღება კი ამ რისკს 12%-ით ზრდის.
ხოლო ექსტრავერტ ადამიანებში კოგნიტიურ დაქვეითებასთან კავშირი თითქმის ვერ აღმოაჩინეს, ისინი ჩვეულებრივ ენერგიულები, სოციალური ურთიერთობებისადმი გახსნილი და თავდაჯერებულნი იყვნენ. შესაბამისად, მათში რაიმეს დაქვეითების რისკიც ძალიან დაბალი იყო.
„ანალიზმა აჩვენა, რომ სამივე პიროვნული თვისება კოგნიტიური მდგომარეობის ნაკლებ დაქვეითებას უკავშირდება, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. ეს კვლევა კი პიროვნების მახასიათებლებისა და კოგნიტიური მდგომარეობის, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ახალ ხედვას წარმოშობს“, — განმარტავენ მკვლევრები.