in

სამსახურთან დაკავშირებული სტერეოტიპები სიმართლეა — რას გვეუბნება უახლესი კვლევა?

M2
M2

როგორც აღმოჩნდა, სამსახურთან დაკავშირებული სტერეოტიპები, რომლებიც პიროვნულ მახასიათებლებს უკავშირდება, სიმართლეა. მოგწონთ თუ არა, კლიშეები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი საქმე უფრო შეეფერება პიროვნების კონკრეტულ ტიპს, შესაძლოა, სრული ჭეშმარიტება იყოს… 

ედინბურგისა და ტარტუს უნივერსიტეტების მკვლევრებმა 70 000 ადამიანი შეისწავლეს საქმიანობის 250-ზე მეტი სფეროდან და ყველაზე დიდი კვლევა შემოგვთავაზეს მათ შორის, რაც პიროვნულ მახასიათებლებსა და კარიერულ არჩევანს შორის კავშირს შეისწავლიდა. ეს ადამიანები Big Five-ის მიხედვით განიხილეს, რაშიც ღიაობა, პასუხისმგებლობიანობა, სოციალურობა, ალტრუისტობა და ემოციური არამდგრადობა იგულისხმება. გუნდის მიგნებები კი სწორედ იმ აზრებს ადასტურებს, რაც საზოგადოებაში არაერთხელ გავრცელებულა. 

კვლევის თანახმად, შემოქმედებითი ინდივიდები ხშირად გამოირჩევიან ღიაობით და უფრო მეტად ხელოვნების სფეროში მუშაობენ, იქნება ეს წერა თუ დიზაინი და დიახ, ეს ჩვენც კარგად ვიცოდით… ხოლო, ის ადამიანები, რომლებშიც მაღალი იყო პასუხისმგებლობის გრძნობა, სანდოობითა და ორგანიზებულობითაც გამოირჩეოდნენ, და უპირატესობას მეტად სტრუქტურულ როლებს ანიჭებდნენ, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ ბუღალტრის პოზიციები. რაც შეეხება ექსტრავერტებს, ისინი უფრო მეტად იმ სფეროებში საქმდებიან, რომლებიც სოციალურ ინტერაქციას მოიცავს, იქნება ეს გაყიდვები თუ საზოგადოებასთან ურთიერთობა.

მეორე მხრივ, მონაწილეები, რომლებიც ემოციური არამდგრადობით გამოირჩევიან, თავს არიდებენ ხელმძღვანელ პოზიციებს და იმგვარ სამსახურს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც სხვების მართვას არ მოიცავს. ისეთი პროფესიები, როგორებიცაა მსახიობობა, ჟურნალისტობა და სხვა მონათესავე შემოქმედებითი დარგები, ხშირად მიმზიდველია ამ ადამიანებისთვის, რაც, ალბათ, აღნიშნული პოზიციების ემოციურად მომთხოვნი ბუნებით შეგვიძლია, ავხსნათ. 

კვლევამ ასევე აღმოაჩინა, რომ მენეჯერების, გაყიდვებისა და უძრავი ქონების აგენტების უმრავლესობა დაბალი ქულით გამოირჩეოდა ალტრუისტობაში, რაც ამ პოზიციების მეტად კომპლექსურ და ზოგჯერ კონფრონტაციულ ხასიათს ასახავს. 

თუმცა საიდუმლო დეტალებში იმალება… ამიტომ, კვლევისას ამ მახასიათებლების უფრო მეტი ნიუანსი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მენეჯერები და იურიდიული სფეროს პროფესიონალები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ, ხოლო მოსამართლეები, პილოტები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები გადაწყვეტილების მიმღებ პირებად ითვლებოდნენ. სატვირთო მანქანების მძღოლები და რელიგიური პროფესიის მქონე ადამიანები კი კონსერვატიულობით გამოირჩეოდნენ, რაც მკვლევრებისთვისაც სიურპრიზი იყო.

ამგვარად, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი რენე მოტუსი გვეუბნება, რომ სამსახურთან დაკავშირებული პერსონალური მახასიათებლები უბრალო მითებზე ბევრად მეტი შეიძლება, იყოს, რაშიც საკმაოდ ბევრი ჭეშმარიტება გვხვდება — მრავალი სტერეოტიპი არსებობს, რომელიც პიროვნულ თვისებას სამსახურს უკავშირებს და, როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანი საკმაოდ ზუსტია.

Google-მა SynthID ყველა დეველოპერისთვის ხელმისაწვდომი გახადა

5 რჩეული ფუნქციონალი MyGPI-ის აპლიკაციაში , რომელსაც ჯიპაის დაზღვეულები ყველაზე ხშირად იყენებენ