in

ბედნიერი თუ სევდიანი დასასრული? — პირველი 3D ფილმი მაყურებლის სურვილის მიხედვით მთავრდებოდა

რომელი გირჩევნიათ? რაც უნდა იყოს ამის პასუხი, საყვარელი ფილმების სიუჟეტებს ვერ ვცვლით ხოლმე მაშინ, როცა პირველი 3D ფილმი 2 არჩევანს გვთავაზობდა: ან წითელი, ან მწვანე ლინზა, ანუ ან ბედნიერი, ან სევდიანი დასასრული… საინტერესოა, არა?!

ყველაფრის საწყისად 1890-იანი წლები შეგვიძლია ჩავთვალოთ, როცა ბრიტანელ გამომგონებელ უილიამ ფრიზ-გრინს 3D გამოსახულებებისადმი ინტერესი გაუჩნდა. მისი დაპატენტებული გამოგონებით, სტერეოსკოპით მაყურებელს საშუალებას აძლევდა, ენახა, როგორ ერწყმოდა ერთმანეთს 2 სურათი 3D ილუზიის მეშვეობით. ეს არც იდეალური იყო და ნაკლებად პრაქტიკულიც, რადგან მისი ყურება მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, შესაბამისად, არც კომერციულად მომგებიანი იქნებოდა… უკვე 1950-იან წლებში დაიწყო 3D კინოს ოქროს ხანა, თუმცა მანამდე მათგან პირველზე უნდა ვისაუბროთ. 

ლოს-ანჯელესის სასტუმრო ამბასადორის თეატრში უნდა დავბრუნდეთ, სადაც 1922 წლის 27 სექტემბერს პროდიუსერმა ჰარი ფეაროლმა და კინემატოგრაფმა რობერტ ელდერმა პირველი 3D ფილმი სიყვარულის ძალა გაუშვეს. მისი ყურება წითელი და მწვანე ფერის სათვალის დახმარებით იყო შესაძლებელი. ხოლო რადგანაც ამ ფილმის ორიგინალი ვერსია დაკარგულია, დასპოილერებასაც თავიდან ავირიდებთ და სიუჟეტზე იმას გაგიზიარებთ, რაც დრომ აქამდე შემოგვინახა:

ფინანსური პრობლემების გამო, დონ ალმედა თავის ქალიშვილ მარიას დონ ალვარეზზე ათხოვებს, თუმცა მარიას ტერი ონილი უყვარს, უცნობი, რომელიც ალვარეზთან დაკავშირებულმა მძარცველებმა დაჭრეს… ალვარეზი კათოლიკე მღვდელს გაძარცვავს, მას ონილის დანით მოკლავს და მკვლელობასაც გადააბრალებს. ხოლო მაშინ, როცა ალვარეზი ონილის მოკვლას ეცდება, მარია წინ გადაუდგება მას, თუმცა ეს უბედური შემთხვევით არ მთავრდება — მარია ჭრილობას გადაურჩება, დაამტკიცებს, რომ ალვარეზი ქურდი და მკვლელია, რის შემდეგაც ონილზეც დაქორწინდება… 

როგორც ამბობენ, ეს უხმო ფილმი იყო, რომელიც მაყურებლებს ორ ალტერნატიულ დასასრულს სთავაზობდა იმის მიხედვით, მათ ბედნიერი დასასრული სურდათ თუ სევდიანი. ასე იყო თუ ისე, ამის მისაღწევად აუდიტორიის წევრებს 3D სათვალის ან მწვანე, ან წითელ ლინზაში უნდა გაეხედათ. ბედნიერი დასასრულის სიუჟეტი კი მოგიყევით, მაგრამ სიყვარულის ძალის სევდიანი ვერსია ჩვენთვის უცნობია… მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ მარია მოკვდებოდა.

როგორც აღმოჩნდა, პირველ 3D ფილმს დიდად არც ბედი სწყალობდა, გავრცელებული ცნობების მიხედვით, ეს ფილმი წარმატებული არ იყო და მისი როგორც 3D, ისე 2D ვერსიაც დაიკარგა. ეს 2D ვერსია უკვე 1923 წელს აკრძალული სიყვარულის სახელით გადიოდა. თუმცა აქვე ერთ-ერთი წყარო ამტკიცებს, რომ ფილმი მცირე აუდიტორიამ თბილად მიიღო — ალბათ, მათ ბედნიერი დასასრული აირჩიეს…


ავტორი: მაკუნა ჯუღელი

დაეხმარება თუ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი UX დიზაინერებს?

ლაქტოზის აუტანლობა ბარიერი აღარაა რძის პროდუქტებით სიამოვნებისთვის