3D ბეჭდვის ტექნიკა დღეს ნამდვილად აღარ არის უცხო, დაწყებული ფეხსაცმლიდან, დამთავრებული თვითმფრინავის ნაწილებით, ყველაფრისთვის ვიყენებთ. თუმცა კონცეფცია ბევრად ადრე დაიბადა. აქ ერთ ავტორს ნამდვილად ვერ დავასახელებთ, თუმცა ახლა ჩაკ ჰალზე მოგიყვებით, ადამიანზე, რომელიც „3D ბეჭდვის მამად“ მიიჩნევა.
სტერეოლითოგრაფია, რომელიც დღეს უფრო 3D ბეჭდვის სახელითაა ცნობილი, 1983 წელს შემოგვთავაზა. ამავე წელს შექმნა პირველი 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული ნაწილიც, რაც დღეს 20-მილიარდიან ბიზნესში გადაიზარდა. რევოლუცია შემოგვთავაზა მანქანების წარმოების, სამედიცინო თუ საავიაციო სფეროებში…
ჩაკი კოლორადოს უნივერსიტეტში სწავლობდა საინჟინრო ფიზიკას, შემდგომ მეცნიერების ბაკალავრიც გახდა და ამ მიმართულებით დაიწყო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა. კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივებით ფოტოპოლიმერების დამუშავების პროცესს მიმართავდა. ეს კი სიახლე იყო ჰალისთვის და ზუსტად ამ დროს მოუვიდა 3D ნაწილების დაბეჭდვის იდეაც.
უფრო ზუსტად, მუშაობის დროს, პლასტმასის ნაწილების პროტოტიპის შექმნა უწევდა, რომელიც შემდგომ ყალიბში უნდა მოეთავსებინა, რაც საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო. სწორედ ამიტომ, გონება იმ იდეებისკენ წავიდა, რომლებიც ამ პროცესს გაამარტივებდა — „ვიცოდი, რომ პლასტმასის ნაწილების პროტოტიპების შექმნა ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენდა ინჟინრებისთვის, დიზაინის ჩამოყალიბებიდან პირველი ნიმუშის შექმნამდე პროცესს რამდენიმე კვირა და თვეებიც კი სჭირდებოდა…“.
მიხვდა, რომ ულტრაიისფერი სხივების გამოყენება პლასტმასის ნაწილების შესაქმნელადაც შეიძლებოდა. მართალია, იდეის გამოსაცდელად სამუშაო საათებს ვერ იყენებდა, მაგრამ უფროსმა ნება დართო, შაბათ-კვირას და საღამოობით კომპანიის ლაბორატორიაში ემუშავა. ეს პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა. 1983 წლის ერთ საღამოს კი ცოლს ლაბორატორიაში მისვლა სთხოვა და ერთ-ერთი პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ამ პროცესით მიიღო. ამბობს, დღესაც აქვს შენახულიო… როგორც ვიგებთ, თავდაპირველი პროცესი ერთმანეთზე დაწყობილი ულტრაიისფერი მასალების თხლად დაბეჭდილ ფენებს მოიცავდა.
ახლა კი სხვა ფაქტობრივ ინფორმაციებსაც შემოგთავაზებთ: ჩაკ ჰალმა 1984 წლის 8 აგვისტოს Apparatus for production of three-dimensional objects by stereolithography-ისთვის პატენტიც მოითხოვა ტერმინით სტერეოლითოგრაფია. უკვე 1986 წლის 11 მარტს მოიპოვა იგი და სამუდამოდ შეცვალა ბეჭდვის ინდუსტრია.
ამ ამბების შემდგომ 3D Systems დააფუძნა და 1987 წელს პირველი 3D პრინტერიც შემოგვთავაზა — SLA-1 Stereolithography (SLA). მალევე კი ამ ტექნოლოგიის გამოყენება General Motors-მა და Mercedes-Benz-მა დაიწყო… დღეს ჰალი 93 ამერიკულ და 20 ევროპულ პატენტს ფლობს. სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, IRI Achievement Award-იც მიიღო რევოლუციური გამოგონებისთვის სტერეოლითოგრაფიაში.
დაბოლოს, ერთსაც გეტყვით, 3D ტექნოლოგიის განვითარების ადრეულ ეტაპებზე რომ იყო, ცოლისთვის უთქვამს, ტექნოლოგიას 25-30 წელი დასჭირდება მანამ, სანამ ადამიანებამდე მიაღწევსო და ფაქტია, ასეც მოხდა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი