ხელოვნური ინტელექტი კი ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა, მაგრამ ეს ბევრად დიდი ხნის წინ დაიწყო — მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში სამყარომ ხელოვნურად ინტელექტუალური რობოტების კონცეფცია გაიცნო… აქ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაც იკვეთება, ალან ტურინგი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მათემატიკური ალბათობა შემდგომი რიტორიკული კითხვით გამოიკვლია — „თუ ადამიანებს შეუძლიათ მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად და გადაწყვეტილებების მისაღებად, რატომ არ უნდა შეეძლოთ მანქანებს მსგავსად მოქმედება?!“.
ზუსტად ამას ეძღვნება ტურინგის 1950 წლის ნაშრომი Computing Machinery and Intelligence, რომელშიც განიხილა, როგორ უნდა აგვეგო ინტელექტუალური მანქანები და შემდგომში, როგორ უნდა გამოგვეცადა მათი ინტელექტი. მთავარი კი იდეაა, მაგრამ ტურინგმა ვერც რეალობად ქცევა შეძლო და, შესაბამისად, ვერც პრაქტიკაში გამოცდა. თუმცა მიზეზი მასში არ უნდა ვეძებოთ, რადგან იმ დროისთვის ტექნოლოგიები საკმარისად განვითარებული არ იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ბრძანებების შენახვა არ შეეძლო, ანუ კომპიუტერებს არ ახსოვდა მიღებული ინფორმაციები და მათი მხოლოდ აღსრულების უნარი ჰქონდა. ესეც რომ არა, საკმაოდ ძვირი ღირდა და მხოლოდ დიდ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში თუ ნახავდით მას.
თუმცა, უდავოდ, ტურინგმა საფუძველი შექმნა ხელოვნური ინტელექტის პროგრამების განვითარებისთვის, მაგრამ მათ შორის რომელი იყო პირველი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისეთი მარტივია. ერთ-ერთ პირველ მოდელად Logic Theorist ითვლება, რომლის ავტორებიც ალენ ნიუელი, კლიფ შოუ და ჰერბერტ საიმონსი არიან.
აღნიშნული პროგრამა მეცნიერებმა პირველად Dartmouth Summer Research Project on Artificial Intelligence-ის (DSRPAI) კონფერენციაზე წარადგინეს. ამიტომ, ამ კონფერენციის ისტორიული მნიშვნელობის შესახებაც უნდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა — სხვადასხვა სფეროს წამყვანი მკვლევრები შეკრიბეს ღია დისკუსიისთვის, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეძღვნებოდა. როგორც ვიგებთ, თავად ეს ტერმინი ამ ღონისძიებაზე გამოიგონეს. იმაზე კი შეჯერდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მიღწევადი მიზანი იყო, მაგრამ ინდუსტრიის სტანდარტებზე დიდად ვერ ჩამოყალიბდნენ.
Logic Theorist-ის პროგრამაზე მუშაობა 1955 წელს დაიწყეს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ხელოვნური ინტელექტის სფერო, თავად ტერმინი კი, არსებული ცნობების მიხედვით, აქედან 1 წელში შემოვიდა. მეცნიერთა ამოცანა შემდეგი იყო: მანქანებისთვის ფიქრი უნდა ესწავლებინათ, ამასთან, ადამიანის პრობლემის გადაჭრის უნარებისთვისაც უნდა მიებაძა და მათემატიკური თეორიებიც უნდა დაემოწმებინა.
პროგრამა კი ცნობილი Principia Mathematica-ს თეორიების დამტკიცებით გახდა, 3-ტომიანი ნამუშევრის, რომელიც მათემატიკის საფუძვლებს შეეხებოდა. Logic Theorist-ით 52 თეორიიდან 38-ის დამტკიცება მოახერხეს — სწორედ ამ დამსახურების გამო მიიჩნევს ბევრი მას „პირველ ხელოვნური ინტელექტის პროგრამად“.
მეცნიერებმა დასახული მიზნების მიღწევა რომ მოახერხეს, ფაქტია, რასაც დროთა განმავლობაში არაერთი ახალი მოდელი მოჰყვა. იმდენადაც კი დაიხვეწა, რომ ChatGPT-მდე მივედით, რომლის ამოცანაც Logic Theorist-ისგან განსხვავებით, მათემატიკური და ლოგიკური უნარების დამტკიცება კი არა, ადამიანურ ენაზე საუბარია. რამდენად გამოდის, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ერთ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ, ასე თუ ისე, ხელოვნური ინტელექტი სრულიად შეცვლის ჩვენს მომავალს…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი