თანამედროვე მედიცინა რომ არ იქნებოდა ანესთეზიის გარეშე, ალბათ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუმცა თუ ადრე ამისთვის ჰაშიშსა და ინდურ კანაფს, ოპიუმითა და მანდრაგორით გაჟღენთილ ღრუბლებს იყენებდნენ, 1846 წლის ერთ დღესაც და ეს ერთი დღე 16 ოქტომბერია, მასაჩუსეტსის საავადმყოფოში, ბოსტონში კბილის ექიმმა უილიამ მორტონმა და ქირურგმა ჯონ უორენმა იმ ანესთეზიის ადრეული ტიპი გამოიყენეს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ 1800-იანი წლების შუა პერიოდამდე პაციენტებს არაფერს სთავაზობდნენ ალკოჰოლისა და იმ ნივთის გარდა, რომელსაც კბილებს დააჭერდნენ მაშინ, ამ ადამიანების კიდევ უფრო მადლიერი დავრჩებით. შესაძლოა, ჩვენ დღეს ზუსტად ვერ ვგრძნობდეთ იმ ტკივილს, რომლის ატანაც მაშინ უწევდათ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა შვება იქნებოდა ეს ადამიანებისთვის, რომელთაც ოპიუმით გაბრუების ეფექტი გამოცდილი ჰქონდათ… თანაც ამ პერიოდში მსოფლიოში ბევრი ომი იყო გაჩაღებული, დაჭრილი მეომრებისთვის კი ანესთეზიას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
1840-იან წლებამდე ექიმები უშედეგოდ ატარებდნენ ექსპერიმენტებს აზოტის ოქსიდით, ეთერით, ნახშიორჟანგითა და სხვა ქიმიკატებით. გარდა იმისა, რომ ოპერაციების დროს ადამიანები წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიდნენ, კბილის ამოღების მტკივნეული გამოცდილება ყველას აერთიანებდა. ამიტომ, ტკივილის შემსუბუქების ექსპერიმენტებს სტომატოლოგებიც შეუერთდნენ, თანაც წარმატებით.
მორტონიც მათ შორის იყო და უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა აზოტის ოქსიდზე, რომელთაგანაც ყველა წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა, აი მაგალითად 1845 წელს თავის კოლეგა ჰორას უელსთან ერთად ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში სრული მარცხი განიცადა — სტუდენტს კბილის ამოღებისას ტკივილი ვერ შეუმსუბუქეს… თუმცა ეს დანებების საფუძველი ნამდვილად არ ყოფილა მორტონისთვის, მან კვლავ გააგრძელა საანესთეზიო საშუალებების ძიება, ისეთის, რომლითაც ნამდვილად შეძლებდა პაციენტებისთვის ტკივილის შემსუბუქებას.
1846 წელს კი გაახსენდა ის, რაც ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში სწავლისას ქიმიის ლექტორმა ახსენა, თუ როგორ შეეძლო გოგირდის ეთერს ადამიანისთვის შეგრძნებები დაექვეითებინა… მორტონმა ადგილობრივი ქიმიკოსისგან დაიწყო ეთერის ყიდვა და მის ორთქლს როგორც საკუთარ თავზე, ისე ცხოველებზე ცდიდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ იგი უსაფრთხო და სანდო იყო, ეთერის გამოყენება თავის პაციენტებზეც დაიწყო.
მორტონმა ამას „ლეთე“ უწოდა, ბერძნულ მითოლოგიაში არსებული ლეთეს მდინარის პატივსაცემად, რომლის წყალიც ადამიანებს მტკივნეული მოგონებების წაშლაში ეხმარებოდა. თავად სიტყვა დავიწყებას ნიშნავს… მალე გავარდა ხმებიც კბილის უმტკივნეულოდ ამოღების შესახებ და, როგორც გვეუბნებიან, მორტონს ბოსტონელების არმია ელოდებოდა კაბინეტთან. იგი დიდად მოხარული გახლდათ მისი აღმოჩენის ფინანსური წარმატებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ლეთე კბილის ამოღებაზე მასშტაბურ რაღაცებსაც შეიძლებოდა, გამკლავებოდა.
ამგვარად, 1846 წლის 16 ოქტომბერს გლენ ებოტს, მამაკაცს, რომელსაც კისრიდან სიმსივნული ქსოვილის ამოკვეთა სჭირდებოდა, გოგირდის ეთერის დახმარებით ანესთეზია გაუკეთა და ოპერაცია წარმატებით შეასრულა. ასე კი უბრალოდ მაღალშემოსავლიანი სტომატოლოგიდან საერთაშორისოდ აღიარებულ მკურნალად იქცა. თუმცა მორტონიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ისეთი, რომელიც პროფესიული წარმატებისთვის, ეგოს დაკმაყოფილებისა და დიდების მოპოვებისთვის იღწვოდა, თუმცა ეს მას საკმაოდ ძვირად დაუჯდა…
მისი წარმატება არც ისე დიდხანს გაგრძელდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ლეთეს გამოყენების დაპატენტება მოითხოვა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ეს გაუმაძღრობად ჩაუთვალეს, რადგან მისი აღმოჩენა რეალურად დიდად არგებდა კაცობრიობას. თუმცა ნაწილი იმას ფიქრობდა, რომ მას რაც უნდოდა, ის უნდა ეკეთებინა. როგორც ყოველთვის, აქაც გამოჩნდნენ მორტონის ყოფილი კოლეგები, რომლებიც თავიანთი წვლილის აღიარებას ითხოვდნენ… თუმცა ფაქტი ის იყო, რომ სწორედ მორტონი გახლდათ პირველი, რომელმაც ანესთეზიისთვის ინოვაციური მოწყობილობა, ინჰალაციის მსგავსი აპარატი გამოიგონა.
შედეგად, მორტონმა დარჩენილი ცხოვრება კონკრეტული მეთოდის დახვეწაში კი არა, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიების მოგერიებაში დახარჯა. 1868 წელს კი გარდაიცვალა ისე, რომ კიდევ მრავალი წელი დასჭირდა მისი წვლილის აღიარებას სამედიცინო სფეროში… არადა, რომ არა ლეთე, კაცობრიობას ტკივილის ატანა კიდევ დიდხანს მოუწევდა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი