in

პირველი ანიმაციური ფილმი ისტორიაში — ემილ კოლის „ფანტასმაგორია“

დღეისათვის ანიმაცია ვიზუალური კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც ერთ დროს მაგიურ შესაძლებლობად მიიჩნეოდა (მგონი, დღესაც ასე ვფიქრობთ). ის, რაც ბავშვებისა თუ ზრდასრულების საყვარელ ობიექტად იქცა, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში იღებს სათავეს. „ანიმაციის მამად“ კი ხშირად ფრანგ კარიკატურისტსა და ანიმატორ ემილ კოლს მოიხსენიებენ. 

ლეგენდის თანახმად (დიახ, ერთი საუკუნის წინანდელი ამბებიც შეიძლება, ლეგენდებად მოვიდეს ჩვენამდე),  1907 წელს, როდესაც კინომ კრიტიკულ მასას მიაღწია, 50 წლის კოლი ქუჩაში მიდიოდა და თავისი ერთ-ერთი კომიქსიდან მოპარული იდეით შექმნილი ფილმის პოსტერი იხილა. ის აღშფოთებული დაუპირისპირდა Gaumont სტუდიის მენეჯერს და შედეგად, სცენარისტად დააწყებინეს მუშაობა. კოლი იქცა ადამიანად, რომელსაც ფილმებისთვის ერთგვერდიანი ისტორიები უნდა შეეთხზა. უკვე 1908 წლის თებერვლისა და მაისის ინტერვალში ემილმა შექმნა Phantasmagoria — პირველი სრულად ანიმაციური ფილმი. 

ფილმი, რომელიც გიჟურ სურათებს ასახავს, საფრანგეთში არათანმიმდევრული ხელოვნების მოძრაობისადმი გაღებული ხარკია, რომელიც იმ დროისთვის თითქმის დავიწყებული იყო. მოგვიანებით ამან მრავალი ტექნიკა წარმოშვა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა ავანგარდულ ხელოვნებაში.

ანიმაციის სახელწოდება მე-19 საუკუნის ფარანს უკავშირდება — ის კედელზე ჩრდილოვანი სურათების ასახვას უზრუნველყოფდა. ფრანგული ტერმინი „ფანტასმაგორია“ განისაზღვრება, როგორც „ნანახი ან წარმოსახული საგნების მუდმივად ცვალებადი, რთული თანმიმდევრობა“. 

რაც შეეხება უშუალოდ სცენარს, ანიმაციის მთავარ პერსონაჟებად ჯენტლმენი და კლოუნი გვევლინებიან. თუმცა მასში თავად კოულის ხელსაც შეამჩნევთ, რომელიც ამ პერსონაჟებს ხატავს — ერთხელ ანიმაციის დასაწყებად, მეორედ კი მთავარი გმირის ხელახლა აწყობის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეს ჩვეულებრივი ანიმაციური ტროპია, შესაძლოა, იმ დროისთვის დახვეწილ ინფორმაციულ დეტალს წარმოადგენდა მაყურებლისთვის. უფრო კონკრეტულად, ეს ნიუანსი ძალიან მკაფიოდ გამოყოფს კინოს სივრცეს, როგორც მასალას, სიტყვასიტყვით „ხელით დახატულს“. მაყურებლისთვის, რომელიც მიჩვეული არ არის ანიმაციას და მის აშკარა უგულებელყოფას ფიზიკის, დროის, სივრცის, ან სხეულის თანმიმდევრულობის შესახებ მიღებული კანონების მიმართ, შეიძლება, ამ დეტალმა ყველაფერი უფრო მისაღები გახადოს.

უკვე დაახლოებით ათი წამის შემდეგ ჩნდებიან კლოუნი და ჯენტლმენი, რომლებიც ერთგვარ თეატრის სივრცეში სხედან. იმისათვის, რომ სიუჟეტი კარგად აღიქვათ, ფილმს რამდენჯერმე უნდა უყუროთ, რადგან მოძრაობები ხშირად ძალიან სწრაფია. ფანტასტიკური სტილი, განსხვავებით იმდროინდელი რეალისტური ტრადიციისგან, შედევრად იქცა…

რა ტექნიკა გამოიყენა კოლმა ფილმის გადასაღებად?

ემილ კოლი დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა Phantasmagoria-ზე, შეადგინა 700 ნახატი. 80 წამიანი ანიმაციის შესაქმნელად კოლმა განათებული შუშის ფირფიტა გამოიყენა და თანმიმდევრულობის პრინციპით, შაბლონების თანმიმდევრული მოძრაობა და უწყვეტობა უზრუნველყო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დაფაზე ცარცით დახატულ გამოსახულებას ჰგავს, რეალურად, ის ქაღალდისა და კალმის სინთეზითაა შესრულებული. შემდეგ ეს ქაღალდები ორმაგად იქნა გამოფენილი, რათა ნეგატიური ფილმის ეფექტი შეექმნათ. ამასთან, ეს „ცარცის ხაზის ეფექტი“ ცნობილი ადრეული ანიმატორი ჯეიმს სტიუარტ ბლექტონის ნამუშევრებით იყო შთაგონებული.

საგულისხმოა, რომ ფილმი, რომელიც დაპროექტებულია წამში 16 კადრით, მხოლოდ კოლმა და ოპერატორის ასისტენტმა შექმნეს. ემილი ყოველ წამში რვა ნახატს ამოძრავებდა და თითოეულ სურათს ორჯერ იღებდა. ნახატები სათითაოდ განთავსდა ლაითბოქსზე და საჭიროებისამებრ იცვლებოდა პოზიცია.

ავტორი: ქეთია ბელქანია

McDonald’s ახალ გადამუშავებად ჭიქებს ტესტავს

Film კატეგორიის ოქროს მფლობელები გიყვებიან, როგორ მოემზადოთ Young Lions Georgia-სთვის!