in

აი, როგორ გადაურჩნენ ადამიანები ბაქტერიებს

შესაძლოა, დღეს თქვენთვის რთულად წარმოსადგენი იყოს ის ფაქტი, რომ ადრე ადამიანი თითის გაჭრითაც კი კვდებოდა, მაგრამ ზუსტად ეს რეალობა იდგა ანტიბიოტიკის გამოგონებამდე. მართალია, მიკრობების გამოყენება, რომლებიც ანტიბიოტიკებს აწარმოებდა, დაავადების პრევენციის მიზნით ათასწლეულების წინ დაიწყო — 2000 წელზე მეტი ხნის წინ სერბეთში, ჩინეთში, საბერძნეთსა და ეგვიპტეში ღია ჭრილობების სამკურნალოდ დაობებული პურის ნახარშს იყენებდნენ და ამავე მიზნით მიმართავდნენ სამკურნალოდ სხვა დაობებულ პროდუქტსა თუ მცენარეულ ექსტრაქტებს, მაგრამ ამ ყველაფერს წამლის ფორმა მეოცე საუკუნემდე ვერ მიეცა… 

M2
M2

მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ დაიწყეს მეცნიერებმა ანტიბაქტერიულ ქიმიკატებზე მოქმედებაში დაკვირვება. მათ შორის პირველი გერმანელი ექიმი პოლ ერლიხი იყო, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტული ქიმიური საღებავები ზოგიერთ ბაქტერიულ უჯრედს აფერადებდა და ამ პრინციპის მიხედვით შესაძლებელი იყო ისეთი ნივთიერებების შექმნაც, რომლებსაც გარკვეული ბაქტერიების შერჩევითად მოკვლა შეეძლო, რაღა თქმა უნდა, სხვა უჯრედების დაზიანების გარეშე. 1909 წელს მან ქიმიკატი Arsphenamine აღმოაჩინა და იგი სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენა. თუმცა 2019 წლის კვლევაში ერლიხის მიერ შემუშავებულ პირველ ანტიბიოტიკს სალვარსანის სახელით გვაცნობენ, ოღონდ აქ შექმნის თარიღადაც 1910 წელი სახელდება და ვიგებთ, რომ იგი სინთეზურ დარიშხანზე დაფუძნებული იყო…

საინტერესოა ისიც, რომ მაშინ ტერმინი ანტიბიოტიკიც კი არ არსებობდა და თავად ერლიხი მას ქიმიოთერაპიას უწოდებდა. აღნიშნული სახელის გამოყენება 30 წლის შემდეგ დაიწყეს. უფრო ზუსტად უკრაინელ-ამერიკელმა გამომგონებელმა და მიკრობიოლოგმა სელმან ვაკსმანმა გამოიყენა, რომელმაც თავისსავე სიცოცხლეში 20-ზე მეტი ანტიბიოტიკი აღმოაჩინა. თავად ტერმინს გერმანული ფესვები აქვს და Opposing life-ს ნიშნავს. თუმცა იმასაც ვიგებთ, რომ მანამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე მსგავსი ტერმინი ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ჟან პოლ ვუილემინმა გააცნო საზოგადოებას, როგორც ამ ადრეული ანტიბაქტერიული პრეპარატების მიერ გამოვლენილი ფენომენის აღწერითი სახელი, ოღონდ ეს ანტიბიოტიკი კი არა, ანტიბიოზი იყო. 

სალვარსანის შემდგომ სამეცნიერო წყაროებში Prontosil-ის სახელს ვკითხულობთ, რომელიც ბაქტერიოლოგ გერჰარდ დომაგკმს აღმოუჩენია და ასე ქალიშვილიც გადაურჩენია მკლავის ამპუტაციას… თუმცა ანტიბიოტიკების ოქროს ხანა მხოლოდ 1928 წელს პენიცილინის აღმოჩენით დაიწყო, რითაც იგი სულ პირველის სტატუსის მქონე ანტიბიოტიკსაც კი ჯაბნის. ამას ალექსანდერ ფლემინგს უნდა ვუმადლოდეთ, თუმცა ათწლეულზე მეტი დასჭირდა პენიცილინს მანამ, სანამ ბაქტერიული ინფექციებისთვის გამოიყენებდნენ. 

ოღონდ არ გეგონოთ, რომ ფლემინგი გამუდმებით ამის ძიებაში იყო. ეს ამბავი შემთხვევით მოხდა — 1928 წელს, როცა ფლემინგი შვებულებიდან დაბრუნდა ნახა, რომ ფირფიტაზე არსებულ სტაფილოკოკის ბაქტერიაზე ობი იზრდებოდა. შემდგომ კი შეამჩნია, რომ ეს ობი მის ირგვლივ ბაქტერიების გამრავლებას უშლიდა ხელს, მალევე მიხვდა, რომ იგი თავდაცვით ქიმიურ ნივთიერებას წარმოქმნიდა, რომელსაც ბაქტერიების მოკვლა შეეძლო და მას პენიცილინი უწოდა. 

მიღებული შედეგები სამედიცინო კვლევის გუნდს წარუდგინა, თუმცა, მისდა გასაკვირადაც, ამ საკითხით ძალიან ცოტა დაინტერესდა… შემდგომ პროცესში რამდენიმე ქიმიკოსიც ჩართო, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ პენიცილინის წარმოება თერაპიული მიზნებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გამო კი ფლემინგმა პენიცილინის პროექტი თაროზე შემოდო…

თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება — თითქმის 10 წლის შემდეგ, 1937 წელს, როცა ჰოვარდ ფლორი და ერნსტ ჩეინი მიკროორგანიზმებსა და მის მიერ წარმოებულ ნივთიერებებს იკვლევდნენ, ფლემინგის ნაშრომს გადააწყდნენ. ეს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და მეცნიერთა გუნდი შეკრიბეს სწორედ პენიცილინის პროექტისთვის. ძალიან ბევრს კამათობდნენ და პროცესიც 3 წელი გაგრძელდა, მრავალი ცდისა და წარუმატებლობის შემდგომ კი მიაგნეს გზას, რომელიც სუფთა პენიცილინის მიღებაში დაეხმარებოდათ. 

ხოლო, როცა უკვე საკმარისი პენიცილინი ჰქონდათ ცდების ჩასატარებლად, ცხოველებზე გადაწყვიტეს მისი გამოცდა — 1940 წელს 8 სტრეპტოკოკის ბაქტერიით დაავადებული თაგვიდან 4-ს პენიცილინი მისცეს და მათი გადარჩენა მოახერხეს. უკვე 1941 წელს კი ადამიანზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი. უფრო ზუსტად, 43 წლის პოლიციელზე, რომელსაც ჭრილობის შედეგად სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია განუვითარდა. თავიდან გამოჯანმრთელების ნიშნები კი აღენიშნებოდა, მაგრამ პენიცილინის მარაგი მალევე ამოიწურა და პაციენტი 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ვიგებთ, მარაგების შესავსებად უკიდურეს ზომებსაც მიმართეს: პენიცილინის დოზის დაახლოებით 80% ჩვენი ორგანიზმიდან შარდით გამოიყოფა, რომლის ამოღება და დამუშავებაც შეიძლება…

ეს რამდენად იყო ამ ერთი ადამიანისთვის ბედნიერი დასასრული, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუმცა ფაქტია, ანტიბიოტიკების გამოგონებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კაცობრიობის ბედი. საკუთარ თავზე გამოცდილ მაგალითებზე რომ არაფერი ვთქვათ, როცა მეორე მსოფლიო ომმა პენიცილინის მასობრივი წარმოებისა და განვითარების პროცესი დააჩქარა, ათასობით ადამიანი გადაურჩა ბაქტერიით გამოწვეული ინფექციებისგან სიკვდილს.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

როგორ ვითხოვოთ უკუკავშირი, რომელიც ძალიან გვჭირდება

18 წლის ანა ნიკოლაიშვილი Microsoft-ში იწყებს მუშაობას!