in

პირველი არხის ახალი ლოგო

პირველი არხი ახალი სატელევიზიო სეზონს, განახლებული საეთერო ბადის გარდა, ”ფერშეცვლილი” ლოგოთი იწყებს.

BOG
BOG

სხვადასხვა დროს მწვანე, ვარდისფერი და წითელი გამოსახულებები ახლა ცისფერ ფონზე დაწერილმა თეთრმა ერთიანმა შეცვალა. ბოლო ათი წლის მანძილზე, დაახლოებით, მეხუთედ შეცვლილი ლოგო ახლა ასე გამოიყურება :

pirveli

საზოგადოებრივი მაუწყებლის პიარ სამსახურის უფროსი თიკო ბერძენიშვილი ამბობს, რომ ახალი ლოგო რებრენდინგის ერთ-ერთი დეტალია. შეცვლის გადაწყვეტილება არხის ახალმა ხელმძღვანელმა ცვლილებების საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო. ზოგადად, მაუწყებელს აქვს ახალი კონცეფცია. მისი თქმით პრინციპი, იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის და ყველა ჯგუფისთვის საინტერესო, უცვლელია. რაც ეხება ერთიან სლოგანს, ან ცალ-ცალკე გზავნილებს ასეთი რამ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს. თიკო ბერძენიშვილის თქმით, მთავარი სათქმელს მაყურებლამდე და მსმენელამდე განახლებული სატელევიზიო სეზონიდან თითოეული პროგრამით მიიტანენ. 

”მარკეტერი” სწორედ ახალი ლოგოს შესახებ შეეცადა დეტალების გარკვევას.

”მთავარი იყო, რომ აქცენტი ყოფილიყო ერთიანზე. ეს არის პირველი ტელევიზია, პირველი არხი, რომელიც შედის საზოგადოებრივ მაუწყებელში. გარდა ამისა, თავისი შინაარსით ის არის კლასიკური, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. თანაც, სატელევიზიო სივრცისთვის მიზანშეწონილი არ არის ყველა ფერი, ამ მხრივაც შეზღუდულები ვიყავით. ამიტომ შევარჩიეთ თეთრი ერთიანი ცისფერ ფონზე. აღსანიშავია, რომ პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებელში შემავალი მედიასაშუალებებიდან ერთ-ერთია. რადიოს დარჩა ისევ წითელი ფერი. თავიდან განიხილებოდა, რომ მეორე არხს კიდევ სხვა ფერი ჰქონოდა, თუმცა, ძალიან რომ არ ”ავჭრელებულიყავით”, ეს აღარ გაკეთდა. ახლა მეორე არხის ლოგოს ფერიც ცისფერია და ერთიანის მაგივრად არის ორიანი. თვითონ მაუწყებლის ფერი დარჩა ისევ წითელი. ახალი ლოგო ჩვენმა ”პრომოუშენის” ჯგუფმა დაამზადა” – ამბობს თიკო ბერძენიშვილი. 

გრაფიკოს – დიზაინერი ბესო პოპიაშვილი ამბობს, რომ პირველი და მეორე არხის ახალ ლოგოებში ნაკლებად არის გამოხატული დღევანდელობა.

”ჩემი აზრით, ლოგო მაშინ არის კარგი, როცა არ იკარგება სახე, მაგრამ ვამატებთ სიახლეს. ამ არხის შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა. ჩემი განცდით, სიახლე თან არის და, თითქოს არც არის. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ლოგო მუდმივი იყოს, შესაძლოა, რაღაც პერიოდში იცვლებოდეს მისი ფერი. პირველი არხის შემთხვევაში, თითქოს შენარჩუნებულია გარკვეული სიმბოლიკა, თუმცა, თანამედროვეობის განცდას პირადად მე, ნაკლებად მიტოვებს”.

პირველი არხის ახალი ლოგო გამოჩენისთანავე, მედიასა თუ სოციაურ ქსელებში, რუსულ ”ო ერ ტე”-ს შეადარეს. თიკო ბერძენიშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ ადარებენ მაინცდამაინც ამ არხს, რადგან, ლოგოტიპში ერთიანი და ცისფერი ფერი ბევრ სხვა მაუწყებელს, მაგალითად უკრაინულ საზოგადოებრივ არხს ან გერმაულ ARD-საც აქვს. მისი აზრით, მსგავსება, შესაძლოა, ყველგან იყოს, თუმცა, ეს არ არის კალკირება. 

არხის მენეჯმენტთან ერთად, ხშირად ლოგოც იცვლება. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 5-მდე ლოგო გამოიცვალა. თიკო ბერძენიშვილის თქმით, ამის მიზეზი მუდმივი ძიებაა, რადგან  ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი თვითონაც ”ახალგაზრდაა” და ეს პროცესი მუდმივად მიდის. თვლის, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება, რამდენად გაამართლებს ახალი ლოგო. 

ბესო პოპიაშვილი ამბობს, რომ არხის ლოგოს ხშირი ცვლილება სწორი არ არის. თანაც, მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში საერთო გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

”არ არის კარგი, როდესაც ყველა ხელმძღვანელის მოსვლაზე ლოგო იცვლება და თუ მას მოსწონს, აუცილებლად ”კარგია”. ხშირად გამიკეთებია საჩვენებლად რამდენიმე ვარიანტი და ის შეურჩევია, რომელიც ყველაზე ცუდი იყო, ან როგორიც არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთი საკითხები კონკურსის სახით უნდა წყდებოდეს”. 

რაც ეხება პირველი და მასთან ერთად, მეორე არხების ახალ ლოგოებს, ბესო პოპიაშვილი ამბობს, რომ მოსწონს მათი ერთმანეთთან მსგავსება. ორივე მათგანი ერთი ფერის ფონზეა და მხოლოდ ციფრები 1 და 2 არის განსხვავებული. დიზაინერი ამბობს, რომ ამით ისინი ერთმანეთს დაუკავშირდა და ერთი ნიშნის მიხედვით გაერთიანდა, რასაც დადებითად აფასებს.

 

3 ოქტომბერს Stockholm School Of Economics – თბილისში

მსოფლიოში პირველი Smart watch