დღეს თანამედროვე და სრულყოფილი ავტომობილი არავის წარმოუდგენია ხარისხიანი აუდიოსისტემის გარეშე, თუმცა როგორც ყველა გამოგონებას სამყაროში, მანქანაში მუსიკისა თუ რადიოს მოსმენის სიამოვნებასაც თავისებური ისტორია ახლავს. თვალი გადავავლეთ და მივხვდით, რომ დაახლოებით ყოველ ათწლეულში ეს აუდიოსისტემები უფრო ვითარდება და იხვეწება, თუმცა თავის პირვანდელ იდეას არ სცდება.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ როგორც თავად მანქანები განიცდის ევოლუციას, იხვეწება და ახალ-ახალი ტექნოლოგოები ემატება, ისე ვითარდება მასში ჩაშენებული აუდიო სისტემებიც. უმეტეს შემთხვევაში, როცა ავტომობილის რედიზაინზე მუშაობენ, მწარმოებლები ფიქრობენ მისი აუდიო მხარის დამუშავებაზეც.
პირველი წლები
მანქანისთვის განკუთვნილი პირველი რადიოები 1930-იან წლებს უკავშირდება. ორმა მეწარმე ძმამ, პოლ და ჯოზეფ გალვინმა გამოუშვეს რადიოები, რომლებიც მანქანაში ჩანაწერებს უკრავდა. ეს იყო დასაწყისი მომავალში უდიდესი კორპორაციის Motorola Inc-ის შესაქმნელად და პირველ რადიოსაც სწორედ Motorola ერქვა.
პირველი რადიოს ფასი $130 იყო, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან დაახლოებით 1500 დოლარს უდრის. სისტემა იყენებდა ვაკუუმურ მილებს, რომლებიც იკვებებოდა ერთი ბატარეით და დამოკიდებული იყო თქვენს მდებარეობაზე. მაშინ ჩანაწერების მოსმენა AM რადიოში იყო შესაძლებელი და ეს ტენდენცია 1950-იან წლებამდე გაგრძელდა.
1952 წელს გერმანულმა კომპანიამ Blaupunkt გამოუშვა პირველი FM რადიო, რომელიც შენდებოდა მანქანაში. ერთი წლის შემდეგ, Becker’s Mexico-მ შემოიტანა AM/FM რადიო, რომელიც გახდა მანქანის სტანდარტი მრავალი წლის განმავლობაში.
შემდგომი ნაბიჯები
1956 წელს Chrysler-მა წარმოადგინა პირველი (და ერთადერთი) ფონოგრაფი, რომელიც მანქანაში უკრავდა, სახელად Highway Hi-Fi. ფონოგრაფი პირდაპირ იყო დაკავშირებული ავტომობილის ელექტრონულ სისტემასთან.
Chrysler-ს სპეციალური კონტრაქტი ჰქონდა Columbia Records-თან. ეს ფონოგრაფი ხარვეზებით მუშაობდა, რადგან ყოველ პატარა ბიძგზე ხმა იკარგებოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ წლებსა და პირველ მცდელობას, მისი დამსახურება მაინც დიდია. უნდა გითხრათ ისიც, რომ ფონოგრაფს ჰქონდა გადამრთველები.
საავტომობილო აუდიოსისტემების განვითარების საკითხი უკავშირდება ერლ მუნცს, მეტსახელად madman, რომელიც იყო ინჟინერი და მეწარმე. მან წამოიწყო ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო აუდიო ჩანაწერებში გამოყენებული 4 ტრეკის ტექნოლოგიაზე.
მან შეიმუშავა Autostereo, რომელიც იმ პერიოდში ბრწყინვალედ გაარეკლამა კიდეც და მიიღო სისტემა, რომლის საფუძველზეც მძღოლებს შეეძლოთ მოესმინათ საყვარელი მუსიკა მგზავრობისას. 4-ტრეკიანი სისტემა მალე რვიანით შეიცვალა, რომელიც motorola-ს ერთ-ერთმა გამომგონებელმა შეიმუშავა. შედეგად, დაიწყო საავტომობილო აუდიოსისტემის ახალი ერა.
70-90-იანი წლები
1979 წელს Sony-ს მიერ შემუშავებული Walkman-ის გამოსვლით, კასეტები გახდა მანქანის სტანდარტი, რადგან ამ მეთოდით ინდივიდუალურად შექმნილი ფლეილისტის შექმნა პირველად შეიძლებოდა.
ამ პერიოდში მანქანების აუდიოსისტემა მონოფონიური იყო, რამაც გააჩინა ახალი კითხვა და მოთხოვნა ბაზარზე – რამდენად შესაძლებელია, რომ ერთი დინამიკით არ შემოვიფარგლოთ?
ამაზე მუშაობა დაიწყეს მწარმოებლებმაც და თავად მძღოლებმაც, რომლებმაც მოიფიქრეს, როგორ ჩაემონტაჟებინათ ერთზე მეტი დინამიკი. Pioneer იყო პირველი კომპანია, რომელმაც უახლესი სისტემები წარმოადგინა და დასაბამი დაუდო ამ მიმართულებით სხვა კომპანიების განვითარებასაც.
80-იანი წლების დასაწყისისთვის Philips-მა და Sony-მ დაიწყეს პროტოტიპის შემუშავება კომპაქტური დისკისთვის, ანუ CD-ისთვის, რომელიც სახლის აუდიოსისტემაში გამოყენებისთვის მალევე, 1982 წლიდან გახდა პოპულარული და უამრავი მომხმარებელი გამოუჩნდა.
Pioneer-მა 1984 წელს შექმნა მანქანის პირველი CD-ფლეერი. მისი კრისტალურად სუფთა ხმის ხარისხის გამო ის ვირუსულად გავრცელდა.
2000-იანები
2000 წლისთვის MP3 Players-მა, რომელმაც შეეძლო ათასობით საათის სიმღერის შენახვა ერთ პორტატულ მოწყობილობაზე, მოახდინა რევოლუცია ხალხის აზროვნებაში მუსიკის მოსმენის შესახებ.
2000-იანი წლების შუა პერიოდისთვის, მანქანის აუდიო სისტემებმა განავითარეს MP3-ების დაკავშირების შესაძლებლობა მანქანის არსებულ ხმის სისტემებთან. USB-ების, Bluetooth-ის ან აუქსის კაბელის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა სასურველი სიმღერისა თუ ჩანაწერის მოსმენა ნებისმიერი ვებპლატფორმიდან თუ მოწყობილობის მეხსიერებიდან.
დღეს ყველას შეუძლია ჰქონდეს სისტემა, რომელიც მას სურს. მანქანის აუდიოწარმოებამ ძმები გალვინების შემდეგ დიდი გზა გაიარა და ეს გზა კიდევ არ არის დასრულებული. ალბათ არც არასოდეს დასრულდება და მუდმივად დაემატება ახალ-ახალი შესაძლებლობები.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი