in

რა თემებზე საუბრობდნენ პირველ ბლოგში?

როგორც აღმოჩნდა, პირველი ბლოგი ჯერ კიდევ მაშინ დაიწერა, როცა თავად ეს ტერმინი არ არსებობდა. ზუსტად 20 წლით უკან უნდა დავბრუნდეთ და Links.net-ს ვესტუმროთ — ადგილს, სადაც Swarthmore College-ის სტუდენტის ჯასტინ ჰოლის მიერ პირველი ბლოგი დაიწერა. მართალია, მაშინ პერსონალურ გვერდს უწოდებდა და აქ ონლაინ დღიურებსაც მოჰკრავდით თვალს, მაგრამ თანამედროვე გაგებით ეს ზუსტად ის იყო, რასაც ჩვენ დღეს ბლოგებს ვეძახით. 

BOG
BOG

ბლოგი ხომ ნებისმიერი ვებგვერდია, რომელიც ავტორის გამოცდილებებს, დაკვირვებებსა თუ აზრებს გვიზიარებს და ხშირად ბმულებითა და ფოტოებითაც არის გაფორმებული. ჯასტინის ბლოგიც, როგორც ვიგებთ, თითქმის ასეთი იყო — მოკლე პოსტებისგან შედგებოდა, თითოეულზე კი გვიზიარებდა ბმულს და თავის აზრს არსებულ კონტენტთან დაკავშირებით. ხოლო ლინკებს ზედმიწევნით არჩევდა, იმას აზიარებდა, რომელიც მას მოსწონდა ან კარგად უკავშირდებოდა მის ნამუშევარს. თუმცა მეორე წყარო გვეუბნება, რომ ჰოლის პირველი ბლოგი შეიცავდა მიმოხილვებს HTML-ის მაგალითების შესახებ, რომელსაც იგი სხვადასხვა ონლაინ ლინკზე წააწყდებოდა...

მას Justin’s Links from the Underground ერქვა, რომელსაც დღესაც შეგიძლიათ ესტუმროთ და თავად გაიგოთ, რაზე წერდნენ ისტორიაში პირველ ბლოგზე. თან ის ახლაც ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, ახალ-ახალი კონტენტით. იდეა კი 1994 წლის ერთ მშვენიერ დღეს დაიბადა, როცა ჰოლმა New York Times-ში Mosaic-ის ბრაუზერის შესახებ წაიკითხა, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა უფასო იყო და ეხმარებოდა მომხმარებლებს, ეპოვათ თავიანთი გზა გლობალურ ინტერნეტში. მაშინვე დაინტერესდა, კონცეფციამ გააოცა და ვებგვერდის შექმნაც გადაწყვიტა Apple PowerBook-ისა და MacHTTP-ის უფასო პროგრამებით. ხოლო მიზნად საკუთარი თავისა და თინეიჯერების გართობა დაისახა. საიტი იანვრის შუა რიცხვებში ჩაუშვა და მალევე, მისდა გასაკვირად, უცხოებმაც დაიწყეს შესვლა.

თავიდან თუ ინტერნეტის ადრეულ ტურებს აწყობდა, მალე მეტად პერსონალური გახდა და თავის ცხოვრებაზე ამახვილებდა ყურადღებას. როგორც ვიგებთ, მის გვერდზე მრავალი ინტიმური ფოტო და სენსიტიური კონტენტი იდებოდა… მიაჩნდა, რომ ადამიანებისთვის ბევრი ინფორმაციის გაზიარებით მათ თავს მარტოდ ნაკლებად აგრძნობინებდა და სწორედ ამას თვლიდა ბლოგისა და, ზოგადად, ინტერნეტის არსის ნაწილად.

უკვე სამი წლის შემდეგ კი 1997 წელს ახალი ტერმინი — weblog გამოჩნდა, რომელიც Robot Wisdom-ის ბლოგის ავტორს ჯონ ბარჯერს ეკუთვნის და logging the web-ის პროცესს ასახავს. თუმცა 1999 წლისთვის ამ ტერმინიდან მხოლოდ blog დარჩა, რასაც პიტერ მეჰოლცის უნდა ვუმადლოდეთ…

ჰოლი სამაგალითო აღმოჩნდა სხვებისთვისაც, რაც მრავალი პერსონალური გვერდის შექმნაში გადაიზარდა. თუმცა ბლოგების ადრეულ პერიოდში მის ავტორებად უფრო მეტად პროგრამისტებს ვხედავდით ან ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიური საგნებით იყვნენ გატაცებული. ალბათ იმიტომ, რომ საქმე ვებგვერდთან და კომპიუტერთან ჰქონდათ… თუმცა უკვე 1998 წლისთვის ჯონათან დიუბი პირველი ჟურნალისტი გახდა, რომელმაც ბლოგი Hurricane Bonnie-ის შესახებ Charlotte Observer-ისთვის გამოაქვეყნა. ამ პერიოდისთვის კი უკვე ყველაზე პოპულარული ბლოგების პლატფორმა LiveJournal, Blogger და Xanga იყო.

LiveJournal-მა თავიდან ოპერირება ჩვეულებრივ ვებგვერდის მსგავსად დაიწყო, სადაც ბრენ ფიცპატრიკი სკოლის მეგობრებთან დაკავშირებას შეძლებდა. ეს კი სწრაფად გადაიქცა ადგილად, სადაც უკვე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო თავისი აზრის გაზიარება. პოპულარობაც 2000 წლებამდე შეინარჩუნა. რაც შეეხება Blogger-ს, ეს უკვე კომერციული ბლოგის მომსახურება იყო, რომელიც 2003 წელს გუგლმა შეიძინა და უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა მსოფლიოსთვის. Xanga-მ კი პოპულარობის პიკში 300 000 მომხმარებელს მიაღწია.

დაბოლოს, პირველ ბლოგს რომ დავუბრუნდეთ, მისი ავტორი დღეს უკვე 49 წლის ამერიკელი ჟურნალისტი და მეწარმეა, თუმცა ჯასტინ ჰოლი ყველაზე ცნობილი მაინც პირველი ბლოგერის სტატუსით გახდა… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

„Involutions“ — ფრანგი ხელოვანის მულტიდისციპლინური ექსპერიმენტი გალერეა ვერეში

2024 წელს 10-ზე მეტი ახალი რაკეტის გაშვება იგეგმება