11
Oct
2016

Pirveli.co – აქსესუარების ონლაინ მაღაზია როგორც დაბადების დღის საჩუქარი

11 Oct 2016

Startauperi
Startauperi


გიორგი ლომჯარია

გიორგი ლომჯარია

www.Pirveli.co ქალის აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა. სტარტაპის წამოწყება ცოლ-ქმრის იდეა იყო, რომელიც 2016 წლის ზაფხულს განხორციელდა და მომხმარებელს როგორც ქარხნული წარმოების, ასევე ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს.  Pirveli.co-ის კონცეფციის, მისი შექმნის ისტორიასა და ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებულ სირთულეებთან დაკავშირებით ონლაინ მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერისა და თანადამფუძნებლის, გიორგი ლომჯარიას ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ, რას წარმოადგენს  Pirveli.co?

Pirveli.co-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი აქსესუარი სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად და 1 დღეში, სასურველ ადგილას, მიიღოს საკურიერო მომსახურების საფასურის გარეშე. ხშირად, მომხმარებელი ჩვენს ვებგვერდს  საჩუქრებისთვის იყენებს, ამიტომ მიტანა პირდაპირ წვეულებაზეც შეიძლება. რაც შეეხება აქსესუარებს, გვაქვს როგორც ქარხნული წარმოების პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი ნივთები.

pirveli.co

M: ვინ არიან დამფუძნებლები და თუ გქონიათ გამოცდილება მსგავს საქმეში?

დამფუძნებლები მე და ჩემი მეუღლე ვართ. ჩემი სპეციალობა მარკეტინგია, კერძოდ კი ელექტრონული კომერცია. მაქვს გამოცდილება 6 ელექტრონული კომერციის პროექტში მონაწილეობის და 45-მდე სხვა ონლაინ რესურსის შექმნაში. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის საკმაოდ გამოცდილია საერთაშორისო რითეილში.

M: როგორ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესის წამოწყება და როგორ შეარჩიეთ სახელი?

ჩემი მეუღლის ოცნება იყო ქალის აქსესუარებისა და თეთრეულის მაღაზიის გახსნა. მას წინა იუბილეზე ვაჩუქე ის, რაც ყველაზე კარგად მესმის – ბრენდი და ონლაინ მაღაზია, მზა კონცეფციითა და სამუშაო გეგმით. სახელის შერჩევისას ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, რადგან ჩემი მეუღლის გვარი (პირველი) აკმაყოფილებდა ყველა კრიტერიუმს. დავიწყეთ ამ პროექტზე ერთად მუშაობა და Pirveli.co 2016 წლის ივნისიდან უკვე ხელმისაწვდომი გავხადეთ მომხმარებლისთვის.pirveli.co

M: რა სირთულეები შეგხვდათ?

სირთულეები იყო პოზიციონირებაში – ონლაინ მაღაზია ჯერ კიდევ არ არის კარგად ნაცნობი ხილი საზოგადოებისთვის, ამიტომ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და ნდობის გამოცხადება. ამის მიუხედავად, ნდობის ფაქტორი რამდენიმე გადადგმულმა ნაბიჯმა აგვიმაღლა. მაგალითად, მომხმარებელი თანხას მხოლოდ პროდუქციის მიღების შემდეგ იხდის და ასევე, შეუძლია გააუქმოს შეკვეთა, თუ უკმაყოფილო იქნება ხარისხით, ან სხვა მაჩვენებლით.

ასევე, ძალიან გვიჭირს ახალი დიზაინერების მოძიება, რადგან საკმაოდ ცოტაა, ვინც ხარისხიან აქსესუარებს ამზადებს და ამასთან ერთად, ელექტრონულ კომერციაში ჩართვითაა დაინტერესებული. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, სადაც დიზაინერები საკუთარი თავის პოზიციონირებას მოახდენენ. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ამ ადამიანების პარტნიორები და დავეხმაროთ მათ კომუნიკაციისა და ლოჯისტიკის საკითხებში.

pirveli.co

M: რამდენად დიდია კონკურენცია და რა გამოგარჩევთ სხვა მსგავსი ონლაინ მაღაზიებისგან?

კონკურენცია  საკმაოდ დაბალია ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით, თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომელიც დაახლოებით იმავე მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. Pirveli.co-ის გამორჩეულობა ჩვენი კონცეფცია და ყველა საფასო სეგმენტზე ორიენტირებაა.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

გვინდა ჩვენი მომსახურება მეზობელ ქვეყნებში გავიტანოთ და ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ექსპორტი დავიწყოთ ჩვენს რეგიონში და შემდეგ კიდევ უფრო შორსაც. pirveli.co

განხილვა