კომიქსები, მანგა, ქოსფლეი და პოპკულტურა, უკვე დიდი ხანია, ნიშური ინტერესების ფარგლებს გასცდა და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ შემოქმედებით ინდუსტრიად იქცა. ისეთმა ღონისძიებებმა, როგორებიცაა Comic-Con-ები, მილიონობით გულშემატკივარი გააერთიანა და ქალაქების კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ამ ტენდენციას წელს საქართველოც უერთდება.
17-18 ოქტომბერს „რადიო ქალაქის” ტერიტორიაზე პირველად გაიმართება Comic Fest Tbilisi – ფესტივალი, რომელიც კომიქსების, მანგას, ილუსტრაციის, ქოსფლეის, ვიდეოთამაშებისა და თანამედროვე პოპკულტურის მოყვარულებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო სტუმრების მასტერკლასები, გამოფენა-გაყიდვები, პანელური დისკუსიები, ქოსფლეის კონკურსი და არაერთი აქტივობა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ფართო აუდიტორიისთვის.
ფესტივალის შესახებ Comic Fest Tbilisi-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბექა ჯანელიძეს ვესაუბრეთ:
M: Comic Fest Tbilisi წელს პირველად იმართება. როგორ გაჩნდა ამ ფესტივალის შექმნის იდეა და რატომ ჩათვალეთ, რომ ახლა იყო ამისთვის სწორი დრო?
ამ იდეის გარშემო გაერთიანებულ გუნდს კომიქსფესტივალის ჩატარება დიდი ხანია, გვინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გემოვნება და სარედაქციო პოლიტიკა განსხვავდება, კომიქსების სიყვარული ყველას გვაერთიანებს და სწორედ ამ საერთო ინტერესზე გადავწყვიტეთ ფოკუსირება.
საქართველოში ახალი ფესტივალის დასაწყებად, ალბათ, იდეალური დრო არასოდეს არის, მაგრამ იმდენად გვინდოდა ამ პროექტის განხორციელება, რომ აღარ დავლოდებივართ. კარგად გვესმის, რომ პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია, თუმცა მთელი გუნდი მოტივირებულია, სადებიუტო ფესტივალი მაქსიმალურად წარმატებული გამოვიდეს.
M: ვინ დგას Comic Fest Tbilisi-ის უკან და როდის გაიმართება ფესტივალი?
ფესტივალის ორგანიზებისთვის ოთხი კომპანიის დამფუძნებლები გავერთიანდით: მარიამ კვიციანი (გამომცემლობა „მედუზა“), ბექა ჯანელიძე (Rusty Comics), მიხეილ ციხელაშვილი (გამომცემლობა „მატარებელი კომიქსი“) და ზურა ნაროზაული (Parsek1).
ორგანიზების პროცესში არაერთი მეგობარი და პარტნიორიც შემოგვიერთდა. პირველი Comic Fest Tbilisi 17-18 ოქტომბერს რადიო ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართება.
M: რას უნდა ელოდონ სტუმრები ოქტომბერში? როგორია ფესტივალის კონცეფცია?
Comic Fest-ის მიზანია, კომიქსების, მანგასა და ქოსფლეის მოყვარულებს შესაძლებლობა მისცეს, შეხვდნენ საყვარელ საერთაშორისო არტისტებს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
ორი დღის განმავლობაში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი არტისტების ვორკშოპები, პანელური დისკუსიები, ქოსფლეის კონკურსი, ვიდეოთამაშებისა და ბორდგეიმების ზონები.
ფესტივალი ასევე იქნება პლატფორმა ქართველი არტისტებისთვის. სპეციალურ Artist Alley-ში დარეგისტრირებული ხელოვანები შეძლებენ საკუთარი ნამუშევრების, ორიგინალური არტისა და მერჩენდაიზის წარდგენასა და გაყიდვას.
იმისთვის, რომ ღონისძიება ყველა ასაკისთვის საინტერესო იყოს, მოეწყობა საბავშვო სივრცეც, ხოლო გარე ტერიტორიაზე food-court იმუშავებს.
M: ვინ მიიღებს მონაწილებას, გეგმავთ თუ არა საერთაშორისო სტუმრების, არტისტების, ან სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების მოწვევას?
ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ბევრ საერთაშორისო სტუმართან შეთანხმებასაც მივაღწიეთ.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ DC-სა და Marvel-ის კომიქსების არტისტები, დამოუკიდებელი კომიქსების ავტორები და ანიმე-მხატვრები. სტუმრების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გავასაჯაროებთ, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველივე გამოშვებაზე პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სახელი იქნება წარმოდგენილი.
M: მსოფლიოში Comic ტიპის ფესტივალები დიდი კულტურული მოვლენებია. რა იქნება Comic Fest Tbilisi-ს უნიკალური იდენტობა?
ჩვენი მიზანია, საქართველო მსოფლიო პოპკულტურის რუკაზე დავამკვიდროთ.
Comic Fest მხოლოდ კომიქსებსა და მანგას არ გააერთიანებს – ის მთლიანად პოკულტურას მოიცავს. გვინდა, ფესტივალი საინტერესო იყოს როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის და მომავალში რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცეს. პირველი ფესტივალი წარმოდგენას შეგვიქმნის მის რეალურ მასშტაბზე და შემდეგ წლებში ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით კიდევ უფრო განვავითარებთ.
M: როგორ წარმოგიდგენიათ Comic Fest Tbilisi რამდენიმე წლის შემდეგ?
ჩვენი სურვილია, Comic Fest ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს. ყოველ ახალ გამოშვებაზე გვინდა, უფრო მრავალფეროვანი პროგრამა, მეტი საერთაშორისო სტუმარი და მეტი აქტივობა შევთავაზოთ აუდიტორიას.
გვჯერა, რომ საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ Comic Fest Tbilisi რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოპ-კულტურის ფესტივალად ჩამოყალიბდეს და ქვეყანა კავკასიაში ამ მიმართულების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცეს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












