სამწუხაროდ, გულის გაჩერებისგან დაზღვეული არავინაა. გარდაცვალების ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზიცაა, მაგრამ არსებობს მეცნიერება, რომელიც გადარჩენის შანსებს მკვეთრად აუმჯობესებს. აქ დეფიბრილატორზე უნდა გესაუბროთ, თუმცა მანამდე თავად პროცესი აღვწეროთ —
თუ გული უეცრად ფიბრილაციით ჩერდება ელექტრული შოკის გამოყენება (დეფიბრილაცია) ერთადერთი საშუალებაა პირველი რამდენიმე წუთის მანძილზე ადამიანის გადასარჩენად. ამისთვის დეფიბრილატორს იყენებენ, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, გულისცემის ნორმალური რითმის აღმდგენი ხელსაწყოა.
დღეს კი ამაში არც არაფერია ახალი ან გასაკვირი, მაგრამ ასე ვერ ვიტყოდით გასულ საუკუნეებზე, რომლებიც რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს ინახავს. დეფიბრილატორები პირველად 1899 წელს გამოჩნდა, როცა ჟენევის უნივერსიტეტის ფიზიოლოგებმა ჟან-ლუი პრევოსტმა და ფრედერიკ ბატელმა აღმოაჩინეს, რომ მცირე ელექტრული დარტყმა ძაღლებში პარკუჭების ფიბრილაციას იწვევდა, უფრო დიდი მუხტები კი არსებულ მდგომარეობას ცვლიდა.
ხოლო ე. წ. გარე დეფიბრილატორი ელექტრო ინჟინერმა უილიამ კაუენჰოვენმა 1930 წელს შემოგვთავაზა, თუმცა მანამდე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ელექტრო შოკები და მისი გავლენა შეისწავლა ადამიანის გულზე. სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება დეფიბრილატორით გადარჩენილი პირველი პაციენტის ამბავიც…
აღნიშულ საკითხს კი კარდიოქირურგ კლოდ ბეკის სახელთან მივყავართ, რომელიც ცხოველების გულზე ატარებდა ცდებს და მალევე კაუენჰოვენის მიგნებაც აითვისა. თუმცა 1930-იან წლებში ბეკი გულზეც ატარებდა ოპერაციებს და, თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ხშირად ხედავდა, როგორ ხდებოდა პარკუჭების ფიბრილაცია. გულს ამასაჟებდა ხოლმე, მაგრამ ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობდა, რის გამოც პაციენტი კვდებოდა… თუმცა მას სჯეროდა, რომ პარკუჭების ფიბრილაცია ხშირად ფუნდამენტურად ჯანმრთელ გულებში ხდებოდა — „გულებში, რომლებიც საკმარისად კარგი იყო სიკვდილისთვის“. ამიტომ, ფიქრობდა, რომ გადარჩენის გზასაც უნდა ეარსება.
თუ არსებულ წყაროებს დავეყრდნობით, ბეკმა თავისი კოლეგისგან კარლ ვიგერსისგან გაიგო, რომ ლაბორატორიულ ცხოველებში გულის ხელით მასაჟის შემდგომ ელექტრო დეფიბრილაციამ წარმატებით იმუშავა. ამის შემდგომ კი, კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ აღნიშნული მეთოდი ადამიანებზეც იმუშავებდა…
1947 წელს გარდამტეხი რამ მოხდა — 14 წლის პაციენტს ოპერაციისას გული გაუჩერდა. ამან კი ბეკს შესაძლებლობა მისცა, თავისი დეფიბრილატორის აპარატი ადამიანზე გამოეცადა. როგორც ვიგებთ, საკმაოდ მარტივი აგებულება ჰქონდა, თვალში კი აუცილებლად მოგხვდებათ ორი მეტალის კოვზი ხის სახელურებით… პირველი შოკი წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ბეკი არ დანებდა და კვლავ გაიმეორა, რის შედეგადაც პაციენტს გული აუმუშავდა!
მართალია, ეს ეროვნული მნიშვნელობის ამბავი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ, ზოგადად, სამედიცინო მნიშვნელობაზე, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი ამ ტექნიკის ან მისი გაუმჯობესების შესახებ, რის გამოც წლების მანძილზე უხეშ AC სისტემებს იყენებდნენ. მაღალი მუხტის მიწოდებას ადამიანის სხეულზე მრავალი გვერდითი ეფექტი ჰქონდა, იწვევდა ნეკნების მოტეხილობასა და გულის კუნთის დაზიანებას, თუ რა თქმა უნდა, ეს ადამიანები საერთოდ გადარჩებოდნენ…
როგორც აღმოჩნდა, ეს იდეა თითქმის ერთსა და იმავე დროს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვითარდებოდა, ერთ მხარეს იყო ბეკი და მისი კოლეგები ამერიკაში, ხოლო მეორე მხარეს მკვლევრები ევროპასა და რუსეთში, რომლებიც წინ უსწრებდნენ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს და უკვე იწყებდნენ დეფიბრილაციის ტექნიკის გამოყენებას. ამ ტექნიკის დახვეწაზე ლინა შტერნი მუშაობდა, რისთვისაც საბჭოთა კავშირში გადავიდა თუმცა, რა გასაკვირია, რომ, ისიც და თავისი იდეებიც სტალინის ეპოქას ემსხვერპლა…
ცუდ ფაქტებზე საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, 1950-იან წლებში გადავინაცვლოთ, როცა რევოლუციური გამოდგა პორტატიული დეფიბრილატორების გამოგონება. ამაზე ისიც მოწმობს, რომ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პირველადი დახმარების ხელსაწყოებს შორისაა. ამგვარად, ყველაფერი მეტალის კოვზებით კი დაიწყო, მაგრამ დეფიბრილატორი კვლავ ერთადერთ ვარიანტიად რჩება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი