in

რისთვის შეიქმნა ისტორიაში პირველი დინამიკი?

კითხვაზე, თუ რომელია პირველი დინამიკი ისტორიაში, პასუხი არც ისეთი მარტივი საპოვნელი გამოდგა. ბევრ დეტალს მოიცავს, არც კონკრეტულად ერთ ადამიანს უკავშირდება და არც იმ მიზნით შეუქმნიათ, რომლითაც დღეს უმეტესად მოვიხმართ. შემთხვევითი იყოო, ვერც ამას გეტყვით, რადგან პირველად ტელეფონისთვის შეიქმნა… ეს 1861 წელს მოხდა, ამ ამბის ავტორი კი იოჰან ფილის რიისია, თვითნასწავლი გერმანელი მეცნიერი და გამომგონებელი, რომელიც ასევე პირველი იყო, რომელმაც ტელეფონში ელექტრო დინამიკი ჩაამონტაჟა — მკაფიო ტონების წარმოება შეეძლო, თუმცა შემდგომი ვერსია ცოტათი ჩუმ, გაუგებარ მეტყველებას გვთავაზობდა. 

ჩვენ Reis telephone-ზე ვსაუბრობთ, ტელეფონის მსგავს მოწყობილობაზე, რომელიც პირველი იყო მათ შორის, რომელიც ხმას ელექტრო სიგნალების საშუალებით გადასცემდა — მოწყობილობა ხმებს იჭერდა, ელექტრო იმპულსებად გარდაქმნიდა, ელექტრო მავთულების საშუალებით სხვა მოწყობილობას გადასცემდა, იგი კი, თავის მხრივ, მიღებულ ხმებს ორიგინალის მსგავსად გარდაქმნიდა

ამგვარად, რიისი ტელეკომუნიკაციების ადრეულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი უნდა შევაქოთ, მაგრამ, როგორც ვიგებთ, იგი ამ პროცესში დინამიკის პრინციპს არ ეყრდნობოდა, რადგან ელექტრულ სიგნალებს პირდაპირ ხმებად კი არ გარდაქმნიდა, არამედ ხმის ვიბრაციებს გადასცემდა ელექტრულად. ამიტომ, მას ვერც პირველი დინამიკის ავტორად ჩავთვლით, თუმცა ერთ-ერთი ფუძემდებელი ნამდვილად იყო.

ამ გამოგონებას მრავალი ექსპერიმენტი მოჰყვა მრავალი იდეით, თუ როგორ შეიძლებოდა დინამიკების სხვადასხვა მოწყობილობაში დამატება, თუმცა პირველი დინამიკის ავტორად ჩვენთვის კარგად ცნობილი ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდერ გრეიამ ბელი მიიჩნევა. არსებული წყაროების თანახმად, 1876 წელს თავისი პირველი ელექტრო დინამიკი დააპატენტა კიდეც, როგორც პირველი პრაქტიკული ტელეფონის ნაწილი. როგორც ამბობენ, მოძრავი რკინის მოწყობილობის ტიპის იყო, რომელსაც მკაფიო მეტყველების წარმოება შეეძლო. 

Loud-Speaking Telephone ერქვა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ერთმანეთთან ნორმალურ ხმაზე ელაპარაკათ, ყვირილის ნაცვლად… ლითონის ან ქაღალდის თხელი ფურცლისგან დამზადებული დიაფრაგმისგან შედგებოდა, რომელიც მაგნიტზე იყო მიმაგრებული და მავთულის ხვეულაში იყო მოქცეული. როცა ელექტრული დენი ამ ხვეულაში გადიოდა, მაგნიტურ ველს წარმოქმნიდა, რომელიც დიაფრაგმის ვიბრაციას იწვევდა და ხმის ტალღებს წარმოქმნიდა. 

ამას 1877 წელს ერნსტ სიმენსის გაუმჯობესებული ვერსია მოჰყვა:

მართალია, აქედან დინამიკებს საკმაოდ დიდი გზის გავლა მოუწია იქამდე, სანამ დღევანდელ სახეს მიიღებდა და ეს ვიზუალითაც მარტივი შესამჩნევია, თუმცა ფაქტია, მოწყობილობის შექმნით, რომელსაც ელექტრული სიგნალების ხმებად გარდაქმნა შეეძლო, ალექსანდერ გრეიამ ბელმა მომავალ გამოგონებებს გაუხსნა გზა… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

Paris 2024-ის მადლიერების კამპანია

აი, როგორ მუშაობს ფერმერი